სამუშაოზე უარი თქვა და თავისი მანქანაც დაალომბარდა, მიღებული ფული კი ცოლს მისცა 1960-იან წლებში ცნობილი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი თავისი გენიალური ნაწარმოებების შექმნის პარალელურად, პიარ-მენეჯერად მუშაობდა და სხვათა კინოსცენარებს არედაქტირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი უნდა ერჩინა – ცოლი და ორი შვილი, მაინც გარისკა და გადაწყვიტა, ახალი რომანი, გრანდიოზული ჩანაფიქრი განეხორციელებინა. სამუშაოზე უარი თქვა და თავისი მანქანაც დაალომბარდა, მიღებული ფული კი ცოლს მისცა, რომ მას ყოველდღე უზრუნველეყო მწერალი ქაღალდით, სიგარეტითა და სხვა საჭირო ატრიბუტებით. თვითონ მთლიანად საქმეში ჩაიძირა. 18 თვე "ნებაყოფლობით განდეგილობაში" იმყოფებოდა – მისი შედეგი რომანი გახლდათ.
როცა მწერალმა წიგნის წერა დაასრულა, შეიტყო, რომ ოჯახი გვარიან ვალებში იყო ჩაფლული. მაგალითად, ყასბისა 5000 პესო ემართათ – იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა. როგორც მწერალი მოგვიანებით ჰყვებოდა, იმისთვისაც კი არ ჰყოფნიდა ფული, რომ ხელნაწერი გამომცემლისთვის გაეგზავნა – ამას 160 პესო სჭირდებოდა, ავტორს კი ამ ფულის ნახევარი ჰქონდა. გამოსავალი ისევ მოიძებნა – ცოლის მიქსერი და ფენი ჩააბარა. ცოლს ასეთი რეაქცია ჰქონდა: "ამის მერე არ გავიგო, რომ ეს რომანი ცუდი გამოდგეს".
...ეს ალბათ უდაოდ არის გაბრიელ გარსია მარკესისა და მისი ცოლის - მერსედესის, ნამდვილი სიყვარულისა და სულგრძელობის ამბავი.
...რომანი "მარტოობის ასი წელი" პირველად ბუენოს-აირესში გამოიცა 1967 წელს, 8000 ეგზემპლარად და მან მარკესს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც ნამდვილ კლასიკოსს, ოჯახს კი სოლიდური შემოსავალი მოუტანა.