სპეციალისტები ხშირად საუბრობენ, რომ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობა სასარგებლოა როგორც ფსიქიკური, ისევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მთელი რიგი უკუჩვენებები არსებობს, როცა სექსი არ არის რეკომენდებული.
სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა უამრავი მითითა თუ მოგონილი ამბით. ეს ჩვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება, მათ შორის, ინტიმურ ურთიერთობებსაც. სექსუალური განათლების სავალდებულოდ სწავლება ჯერ კიდევ არ იგეგმება, ამიტომაც ადამიანებმა ზოგჯერ ამ მიმართულებით ელემენტარული წესებიც კი არ იციან. ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტიდან, წიგნებიდან და ყველაზე უარესი, თანატოლებიდან იღებენ ხუმრობის დროს. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა კონტრაცეფციის შესახებ იცოდნენ.
აღმოჩნდა, რომ არსებობს დაავადებები, რა დროსაც სქესობრივი კავშირისგან თავი უნდა შეიკავოთ.
პირველ რიგში, ეს წნევას ეხება. ადამიანებმა, რომლებსაც ჰიპერტენზია აქვთ, ყურადღება უნდა მიაქციონ ფიზიკურ აქტიურობას, მათ შორის, სექსს.
ექიმები გვირჩევენ, რომ ჯერ დავირეგულიროთ წნევა და შემდეგ დავკავდეთ ინტიმური ურთიერთობით.
ცისტიტის დროს სექსმა შეიძლება დაავადება გაამწვაოს. ზოგიერთ ქალს ეს პრობლემა ყოველ ჯერზე უჩნდება, როცა პარტნიორს იცვლის. ასეთ დროს, რეკომენდებულია ჯერ ანტიბიტიკოთერაპიის ჩატარება, პრობლემის მოგვარება და შემდეგ ჰიგიენის მკაცრი დაცვით ინტიმური ურთიერთობის გაგრძელება.
ორსულობის გვიან პერიოდში როგორც ნაყოფის, ასევე დედის ჯანმრთელობის გამო ჯობს ინტიმურ ურთიერთობაზე უარი თქვათ. განსაკუთრებით იმ ქალების შემთხვევაში, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები აქვთ. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ ანთებითი დაავადებების არსებობა და ინფექციის განვითარების შესაძლებლობა, რაც ამ მდგომარეობაში სარისკოა.
თუ ჩაიტარეთ ოპერაცია, ჯობს ორი კვირა სქესობრივი კავშირისგან თავი შეიკავოთ. ეს განსაკუთრებით იმ ქალებსა და კაცებს ეხებათ, რომლებიც სიმსივნეზე მკურნალობენ.
გარდა ამისა, ჯობს თავი შეიკავოთ ქირურგიული აბორტის შემდეგ და სამი კვირა არ გქონდეთ ინტიმური ურთიერთობა. ეს პერიოდი საშვილოსნოს ჭრილობის აღსადგენადაა საჭირო.
მენსტრუაციის დროს ინტიმური ურთიერთობა აკრძალვად არ უნდა ჩაითვალოს, თუმცა ტკივილის გამო ზოგიერთი ქალი თავად ამბობს უარს. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც გინეკოლოგის რჩევა დაგჭირდებათ. მაგალითად, ენდომეტრიოზის მქონე ქალებს შეიძლება მგრძნობელობა ჰქონდეთ მომატებული და ამან სექსუალური აქტის დროს გარკვეული დისკომფორტი შექმნას. გარდა ამისა, ციკლის დროს საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკიც მაღალია, რადგან სექსის დრო ბაქტერიები უფრო მარტივად აღწევენ შარდის ბუშტში.