სამი შვილის დედის უცნაური აღსარება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ამგვარ ტექსტებს ჩვენთან ალბათ უფრო მამაკაცისგან თუ მოისმენთ, თუმცა ამ ქალბატონმა სწორედ ასე აღწერა მისი ოჯახური ცხოვრება ბავშვების გაჩენის შემდეგ... მის ემოციურ "აღსარებას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ქალმა გაკიცხა ამგვარი მსჯელობის გამო, რადგან ის დედაა და პირველ რიგში ამით უნდა იყოს ბედნიერი. ბევრმა უწოდა ეგოისტი და თავის თავზე შეყვარებული ნარცისი. თუმცა მომხრეებიც გამოუჩნდნენ და განსაკუთრებით, მამაკაცები, რომლებიც წერდნენ, რომ ეს წერილი აუცილებლად უნდა წაიკითხონ ქალებმა და მიხვდებიან, რა დღეში არიან მამაკაცები, როდესაც ქალები შვილებს აჩენენ და ქმრები სულ ავიწყდებათ... ერთი სიტყვით, წაიკითხეთ თქვენც ეს წერილი და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია.
"მახსოვს ის მომენტი, როდესაც დაიწყო ყველაფერი. სამშობიაროდან მოყვანილი მყავდა ჩემი პირველი ქალიშვილი ოლივია. ის-ის იყო, თავის საწოლში ჩავაწვინე, რომ გავიგონე, ჩემმა ქმარმა როგორ შემოაღო კარი. მაშინვე იკითხა საზეიმო ხმით: "სად არის?" მისაღებში დედაჩემი იყო, მეგონა, მაიკლი მე მეძებდა. როგორც კი შემოაბიჯა, გავუღიმე და წამოდგომა დავიწყე, რომ შევგებებოდი. მან კი გვერდი ამიარა და პირდაპირ ბავშვთან მიიჭრა.
გული შემეკუმშა. გამიხარდა კიდეც და ძალიანაც მეწყინა. ვიგრძენი, იწყებოდა რაღაც, რაც დაასრულებდა ჩვენს "სხვა" ურთიერთობას...
მე მაიკლი ძალიან მიყვარდა. ახლაც მიყვარს... ჩვენი ურთიერთობების დაკანონება მაიკლის ინიციატივა იყო. როდესაც ოფიციალურად ვქორწინდებოდით, ერთმანეთს შევფიცეთ, რომ ჩვენს სიყვარულზე მაღლა არავის და არაფერს არ დავაყენებდით, ბავშვებსაც კი...
თუმცა როგორც კი ბავშვები გაჩნდნენ, ერთს მეორე მოჰყვა, მერე კი – მესამე, მაიკლი პირდაპირ გადაეშვა თავით მამობაში. ჩვენ გარშემო ყველა ამბობს, რომ შურთ ჩვენი – ჩვენი მამიკო ასეთი ყურადღებიანი და მოსიყვარულეა, ასეთი იდეალური მამაა და რომ მე იდეალური ქმარი ვიშოვე... მე კი სულ ვფიქრობ, რომ კი, მიხარია, ჩვენს შვილებს იდეალური მამა ჰყავთ, თუმცა რაც შეეხება ჩვენს ძველ გრძნობას, ჩვენს ქორწინებას და ჩვენს ცოლქმრობას... ბავშვების გაჩენის შემდეგ მშობლების უმრავლესობის ცხოვრება მთლიანად შვილების გარშემო ტრიალებს, საუბრებიც შვილების გარშემოა, მატულობს უძილო ღამეები და ფიქრები პატარების მომავალზე. სქესობრივი ცხოვრება მინიმუმამდე დადის. გარშემო ყველა ამბობს, რომ ეს ნორმალურია და ყველასთან ასეა, რომ ეს ჩემი დედური რეალობის ნაწილია. მაგრამ ჩემთვის ეს მაინც არ არის ასე...
მაიკლი მშვენიერი მამაა, საუკეთესოდ აითვისა ბავშვების ბანაობის, სეირნობის, მათზე ზრუნვის ანაბანა. თუმცა იმის პარალელურად, რაც ის ნამდვილ, პროფესიონალ მამად გადაიქცა, ჩვენი ქორწინება დაღმა ეშვება. სულ უფრო ხშირად ვწვები ღამე მარტო, ის კი თავს ვერ ანებებს პატარებს, დილასაც მარტო ვიღვიძებ – მაიკლი ოლივიასთან ერთად ეგებება მზეს. მე დავაფასე ძილი, სიმშვიდე, ბედნიერი ცხოვრება, შვილები... თუმცა ჩვენი ლოგინი, ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობები, თანდათან სულ უფრო ცაირელდება..."
ჯიმი პრიმაკ სალივანი