ახალბედა დედები ხშირად საუბრობენ მსგავს გამოცდილებაზე და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს გადამეტებული ემოციურობა სწორედ გამოუცდელობის გამო აქვთ.

"უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოჯახის 9 თვე მაინც აქვთ, რომ ახალი წევრის მისაღებად მოემზადონ. ყველაზე რთული პერიოდი, რა თქმა უნდა, პირველი თვეებია. თქვენ ახლა არა მხოლოდ ცოლ-ქმარი ხართ, არამედ საერთო შვილის მშობლებიც. თითოეულ თქვენგანს ამ მხრივ ალბათ, ბევრი სასიხარულო და შემაშფოთებელი ემოციაც აქვს. ყველაფერი, რაც ბავშვს ემართება, თავისებურად გაწუხებთ თქვენც და თქვენს ქმარსაც. წარმოიდგინეთ, როგორ შეგეშინდათ ორივეს, როცა ბავშვი დივანზე დაეცა. სასიხარულოა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა დამნაშავის დასჯაზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ აქცენტი გააკეთოთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ სამომავლოდ პრევენციისთვის. ხშირად ახალბედა დედები თავიანთ თავსა და შვილის ცხოვრებას არ გამიჯნავენ და იმას, რაც ბავშვს ემართება, ავტომატურად განიცდის დედაც. ასეთ სიტუაციაში უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ თქვენს ქმარს ეს უნებურად მოუვიდა და ბავშვს ძალით არ დააგდებდა. ასევე, სუბიექტური შეფასება რომ მოიშოროთ, დაფიქრდით, რა სასიკეთო რაღაცებს აკეთებს თქვენი მეუღლე შვილისთვის ყოველდღიურად, როგორ უყვარს და როგორ ზრუნავს მასზე. იდეალური მშობლები ხომ არ არსებობენ და მშობლობის გამოცდილება დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მოდის.
გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ როგორც სხეულში ჰორმონალურმა ცვლილებებმა, ასევე მშობიარობის შემდგომმა რთულმა და დეპრესიულმა პერიოდმა შესაძლოა გარშემომყოფების მიმართ სიძულვილი გაგიჩინოთ. რაღაც მოვლენები დამახინჯებულად აღიქვათ და ცოტა ხნით რეალობას მოსწყდეთ. ამიტომ მიეცით საკუთარ თავსა და თქვენს ქმარს გარკვეული დრო, რომ ახალ ცხოვრებას შეეგუოთ, ენდეთ ერთმანეთს და აპატიეთ შეცდომები.
ასევე, გახსოვდეთ, რომ მსგავსი ტრავმა ბავშვს სერიოზულ დაზიანებას ვერ მიაყენებს და ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. გარდა ამისა, ადამიანებში თავის ქალასა და თავის ტვინს შორის გარკვეული რაოდენობის სითხეა, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს.
თუ მშობიარობის შემდგომ, 3 თვის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობთ, ეჭვები გტანჯავთ, გაქვთ აკვიატებული შიშები და ეს მეუღლესთან ურთიერთობაშიც ხელს გიშლით, ჯობს პროფესიონალს მიმართოთ და ფსიქოლოგი აუცილებლად დაგეხმარებათ. უმჯობესია, გაარკვიოთ, რა გაწუხებთ ისეთი, რომ ვერც შვილის დაბადებამ და ვერც კეთილმოწყობილმა სახლმა ვერ შეგიცვალათ წარმოდგენა და ქმრის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაქვთ. ჯობს ზუსტად განსაზღვროთ, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ თქვენი მეუღლე "ბავშვის მიმართ უპასუხისმგებლოა". იქნებ ეს მხოლოდ ემოციებია და რეალურად, ის ჩვეულებრივი მამაა. ასევე, დაფიქრდით, ვის შეუძლია თქვენი დარდის შემსუბუქება და მიმართეთ მათაც. ეს შეიძლება იყოს დედა, მეგობარი, თავად ქმარი და ასე შემდეგ. მთავარია, პროფესიონალთან ერთად, ზუსტად შეძლოთ საკუთარ ემოციებში და რეალურ მიზეზებში გარკვევა. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე ზრუნვას, საკუთარი თავის ნდობას, სისუსტეების პატიებას ვისწავლით, ეს განწყობა სხვა ადამიანებსაც გადაეცემათ და ტრანსფორმაციას ყველა დაინახავს." - განმარტავენ ფსიქოლოგები და ყველა მსგავს მდგომარეობაში მყოფ ახალბედა დედას ურჩევენ, რომ პირველ რიგში, გაბრაზებისა და სიძულვილის რეალური მიზეზები აღმოაჩინონ და შემდგომ იფიქრონ მოგვარებაზე.
თუ ბავშვმა თავი დაარტყა - ექიმ კომაროვსკის "გადაუდებელი" რჩევები
მშობიარობის დროს ექიმებს ახალშობილი ხელიდან გაუვარდათ და ბავშვმა მიიღო თავის ტვინის ტრავმა