ახალგაზრდა ქალი 15 წელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წამებას უძლებდა ოჯახში ძალადობა - ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. სიმწვავეს ისიც განაპირობებს, რომ ასეთი ფაქტები ფართო საზოგადოებისთვის ხშირად დაფარულია...
იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეზობლის სახლიდან გაუთავებლად წივილ-კივილისა და ცემა-ტყეპის ხმა ისმის, ადამიანები ცდილობენ, კონფლიქტში არ ჩაერიონ, რადგან მიიჩნევენ, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არ შეიძლება! არადა, ხშირად სიტუაცია ისე იძაბება, რომ კონფლიქტი უმძიმესი შედეგით, მკვლელობით სრულდება...
2006 წლიდან, საქართველოში მოქმედებს კანონი - "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". ბოლო დროს მსხვერპლთა დასახმარებლად ცხელი ხაზის ნომრები სატელევიზიო რეკლამებში გაისმის და უკვე ბევრი მსხვერპლი ანდობს თავის პრობლემას ამ სამსახურს. თუ ადრე ჩუმად იყვნენ და ყველაფერზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ, ახლა ცდილობენ, მოძალადეს თავი დააღწიონ. ძალადობის მსხვერპლთათვის თბილისსა და გორში სახელმწიფო თავშესაფრები არსებობს, ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ და რამდენიმე თავშესაფარი მათაც აქვთ.
ამ პრობლემის ირგვლივ არსებულ კითხვებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარი მესხი უპასუხებს:
- ოჯახური ძალადობის 5 ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური და იძულება. თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ხორციელდება, ადამიანი ძალადობის მსხვერპლია.
- როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი მოძალადისგან?
- გააჩნია ძალადობის ხარისხსა და სიხშირეს. თუ ის სისტემატურად ხორციელდება, მსხვერპლმა სამართალდამცავებს უნდა მიმართოს ან ჩვენი ფონდის სერვისით ისარგებლოს. თუ მწვავე ფორმაა, მაშინ პოლიციის ჩარევა აუცილებელია. ასეთ დროს მოძალადის მოქმედების შესაჩერებლად, აუცილებელი მეთოდი - დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემაა. ამით მოძალადეს გარკვეული მოქმედებები ეკრძალება (მათ შორის, მსხვერპლთან გარკვეულ რადიუსზე მიახლოებაც). ბოლო დროს დახმარებისთვის იმდენი ადამიანი მოგვმართავს, რომ ხშირად, თავშესაფარში ადგილებიც არ გვყოფნის... მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. ჩვენი სისტემა დახვეწილია, რაც ხელს უწყობს იმაში, რომ მოქალაქე დაცული იყოს, ძალადობა დროულად აღიკვეთოს და მსხვერპლს რეაბილიტაციაში დავეხმაროთ. სწორედ ამ გზით უნდა ავიცილოთ მძიმე დანაშაულები. იცით, რომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტის შედეგად ჩადენილი მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის დაზიანება თუ თვითმკვლელობა...
- თქვენი თავშესაფრიდან მსხვერპლი სად მიდის?
- კანონით, თავშესაფარში ყოფნის ვადა 3 თვემდეა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, 6-7 თვემდეც გაიზარდოს. ვცდილობთ, მსხვერპლს დასაქმებაში დავეხმაროთ და ამისათვის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ.
- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თავშესაფრიდან მსხვერპლი ისევ მოძალადესთან დაბრუნებულა?
- იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, მაგრამ მსხვერპლთან ურთიერთობას ჩვენი სოციალური მუშაკები აგრძელებენ, რადგან მას დაცვა სჭირდება. ისინი მოძალადესთანაც მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მოძალადე ინანიებს თავის საქციელს და ოჯახში სიტუაცია მართლა გამოსწორებულა. როცა მსხვერპლი თავშესაფარშია, ორივეს აქვს დრო იფიქროს თავის საქციელზე და კარგად აწონ-დაწონოს ყველაფერი. ჩვენთან 4-შვილიანი დედაც მოსულა. როგორც წესი, მსხვერპლთა უმრავლესობას 2 შვილზე მეტი ჰყავს.
ასევე იხილეთ: დედებო, თქვენ ვერ დაუდექით გვერდზე თქვენს ქალიშვილებს!