რა უნდა ქნას ქალმა, რომელზეც ძალადობენ? - პრობლემის მოგვარებოს გზები ლალი მოროშკინასგან რამდენიმე კვირის წინ ლალი მოროშკინამ წარმატებულ მანდილოსნებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო" დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე იზრუნებს. ლალის სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.
- საკმაოდ ბევრი მსმენია ძალადობის შესახებ, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. შეიძლება ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა განსხვავებული იყოს ქალაქსა და რაიონში, მაგრამ მაინც ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ქალი, რომელსაც მეუღლესთან პრობლემა აქვს, მაგრამ ეშინია მასთან დაშორების, იმის, როგორ შეხვდებიან ამას მისი მშობლები, ოჯახი, როგორ გადაიტანს ბავშვი დედ-მამის დაშორებას, გაუგებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას და ა.შ. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციაში იმდენი წერილი შემოვიდა ამ თემასთან დაკავშირებით, გაოგნებული დავრჩი. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის, მათგან ზოგს დედობა ჩამოართვეს, იმიტომ, რომ მის ქმარს გაცილებით მეტი ნაცნობი ჰყავდა გარკვეულ უწყებებში. ჩვენი მონაცემებით, ძალადობა ყველაზე ხშირია ისეთ ოჯახში, სადაც ქმარი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია. იმის მაგივრად, რომ ის ადამიანი იცავდეს სხვა მოქალაქეებს, საკუთარ ოჯახში ძალადობს.. რამდენიმე ასეთ ფაქტს ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ. საოცარი მაგალითები მოგვიყვანეს ქალებმა, რომლებიც ცხოვრობენ მარნეულში და ჩვენთან შეხვედრაზე მოვიდნენ. რამდენიმე ქალბატონს მეუღლემ წაართვა ჩვილი ბავშვები და გადაიყვანა თურქეთში, ისე, რომ დედბმა დღემდე არ იციან, რა ბედი ეწიათ მათ შვილებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალებს კი საკუთარი ოჯახი, მშობლები უკრძალავენ ამის გასაჯაროებას. ჩვენ მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და დავეხმაროთ ამ ქალბატონებს. ჩვენი ორგანიზაცია ჩადის ყველა რაიონში, მაგალითად სამშაბათს პანკისში მივდივართ და იქაურ ქალბატონებს შევხვდებით, მივიღებთ ინფორმაციას და რამდენიმე თვეში გამოვაქვყენებთ მონაცემებს, რაც თითოეული ქალბატონის მიერ მოწვდილი ინფორმაციით იქნება გამყარებული. ასევე ვაპირებთ კონგრესის მოწვევას 5000-მდე ქალის მონაწილეობით, იმისთვის ,რომ გამოვკვეთოთ და ფარატინა ქაღალადზე არ დარჩეს პრობლემა.
- როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს რა ბერკეტი აქვს, რომ ქალი მოძალადისგან დაიცვას?
- პირველ რიგში ქალს უნდა ჰქონდეს დაცვის სურვილი. მარნეულში ქალები რომ არაოფიციალურ ფორმატში შემხვდნენ, ჩუმად გამიზიარეს საკუთარი ტკივილი, იმიტომ, რომ მშობლები უკრალავდნენ ამაზე ხმამაღლა საუბარს. ჩვენ კი ვეცდებით, მხოლოდ პროგრამები კი არ ვწეროთ, არამედ გამოვკვეთოთ ასეთი პრობლემები. სანამ არ მოხდება სოციალური სამსახურის ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენი ადამიანური რესურსის გამოყენებას, რათა მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა აღრიცხვა, მანამდე საკითხი მოუგვარებელი დარჩება. პოლიციაში წასვლას თითქმის ყველა ქალი ერიდება. როდესაც მანდილოსანს ეცოდინება, რომ შეუძლია საკუთარი პრობლემით მიმართოს ორგნიზაციას და მისი საკითხი არ გასაჯაროვდება, გაცილებით უფრო მარტივი იქნება სიტუაციის მართვა. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის რესურსით გავაკეთოთ ეს, მაგრამ თუ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება, გაცილებით ეფექტური იქნება ერთობლივი მუშაობა ამ თემაზე. პრობლემა იმაზე უარესია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
- სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალზე ზრუნვას მხოლოდ სამი თვის განმავლობაში იღებს საკუთარ თავზე. როგორ ფიქრობთ, ეს სამი თვე საკმარისია იმისთვის, რომ მოგვარდეს ის დიდი პრობლემა, რასაც ძალადობა ჰქვია?
- საქმეც ისაა, რომ კომპლექსურად არ ხდება საკითხის განხილვა. თავშესაფარი გამოსავალი არაა. შეიძლება, ეს ერთი ღამის გასათევად გამოიყენო, მაგრამ სამი თვე იურიდიულადაც კი არაა საკმარისი განქორწინების პროცესისთვის, ან სხვა იურიდიული ნორმებისთვის. ქალები თავშესაფრებში არ უნდა იყვნენ შეყრილნი დასაკლავად განკუთვნილი პირუტყვებივით, ამას გაცილებით ცივილიზებული ფორმა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ ქალბატონებს დაცულობის შეგრძნება არ გვაქვს.
პარასკევს ინგა გრიგოლიას გადაცემაში, ვისხედით მხოლოდ ქალბატონები, ძალიან უარყოფითი მუხტი წამოვიდა სოციალურ ქსლეში, იყო ქილიკი, წერდნენ იმას, რომ არ ესმით ქალბატონებისგან გამართული აზრი და ა.შ. ყმაწვილები გადაცემის დარბაზიდან პროვოკაციაზე იწვევდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. იმის მაგივრად, რომ ქალებს კაცების ზურგი ეგრძნოთ, პირიქით, ჩაგვრა დაიწყეს. მამაკაცები, რომლებიც ამდენ საზიზღრობას წერენ ქალებზე სოციალურ ქსელში და უდიერად მოიხსენიებენ მათ, წარმოიდგინეთ, ისინი ოჯახში რას გაუკეთებენ ქალს.
- თქვენი ორგანიზაცია რას სთავაზობს ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან?
- ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას, ანუ საადვოკატო მომსახურებას, დავეხმარებით ყველანაირი იურიდიული საბუთის მოწესრიგებაში. გვერდით დავუდგებით მორალურადაც და იურიდიულადაც, თუ საჭირო იქნება, იგივე რეგიონებში გავუწვეთ რეკომენდაციას გუბერნატორთან, გამგებელთან და ა.შ. მეტი ჩვენ არაფერი შეგვიძლია. მატერიალურად ვერ დავეხმარებით, მაგრამ იურიდიულ დამხარებას, რომელიც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული, უსასყიდლოდ გავუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ არასმათავრობო ორგანიზაცია ვართ, ხშირად ჰგონიათ, რომ მატერიალური დახმარება შეგვიძლია. ასეთი ტიპის დახმარებას სახელმწიფო ვერ სთავაზობს და ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ. ამ ორგანიზაციის წევრებს, გვაქვს სამსახურები, იქ მიღებულ თანხას ვაბრუნებთ ჩვენს ორგანიზაციაში და ვახორციელებთ აქტიცობებს, ეს იქნება რეგიონებში ჩასვლა, შეხვედრები ქალებთან თუ სხვა. გარდა ამისა, უფასო ტრენინგები ჩაუტარდებათ ქალებს ფსიქორეაბილიტაციის მიზნით.
- მაინტერესებს, ძალადობის შემთხვევაში, პატრულის გამოძახება დამცავ მექანიზმად თუ მიგაჩნიათ? აქვს აზრი პატრულის გამოძახებას, როცა გარკვეული დროის შემდეგ მოძალადე კვალავ თავისუფალი იქნება და გააგრძელებს მუქარას, ძალადობას...
- სწორედ ამიტომ მივმართავ სახელმწიფოს, შეიქმნას ალტერნატიული სოციალური სამსახური და ძალადობის შემთხვევაში გამოიძახებენ არა პატრულს, არამედ სოციალურ სამსახურს, რომელსაც სულ სხვა დატვირთვა ექნება. მორალურად რომ შევხედოთ, უზნეობაა, შენი ქმრის, ოჯახის წევრის წინააღმდეგ რომ იძახებ პატრულს. გამოდის, რომ იარაღიან ბიძიას დაუძახე და ცოტა არ იყოს უხერხულია. თუ შენ გამოიძახებ სოციალურ სამსახურს, ოჯახში მოვლენ ქალბატონები, განმუხტავენ სიტუაციას, გაესაუბრებიან ორივე მხარეს და რაც მთავარია, დაიცავენ ანონიმურობას. ქალი ყოველთვის უკეთ განმუხტავს სიტუაციას, ვიდრე მამაკაცი. თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ იმ პატრულისთვის რა უხერხულია ოჯახურ დავაში შესვლა. თან პოლიცია ვერ ინარჩუნებს ანონიმურობას, იმიტომ, რომ უნდა აღრიცხოს ფაქტი, შემდეგ კი უკვე ნებისმიერ ჟურნალისტს აქვს წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, ბევრს არ უნდა ამის გარეთ გატანა, შიდა პრობლემა არის შიდა პრობლემა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოს ქუდის ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სოციალური სამსახური, ჩვენ კი, არასამთავრობოები, რესურსს მივაწვდით. ეს სამსახური უცხოეთში ძალიან ეფექტურად და კარგად მუშაობას და ხომ შეიძლება, ჩვენც მათი მაგალითით ვიმოქმედოთ?! სხვათა შორის, ციხეებში, სადაც მუშაობს სოციალური სამსახური, გაცილებით წყნარი სიტუაციაა, ამას დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით და დღეს, როგორც იქნა, უკვე ჩამოყალიბებული სამსახურია.
- საბოლოო ჯამში გამოდის, რომ კანონი ქალს მოძალადისგან ვერ იცავს და ქმედითი ნაბიჯებია ამ მხრივ გადასადგმელი...
- კი, ასეა. ამას ცხადყოფს ის სარეკომენდაციო წერილები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ. ოფიციალური რიცხვებით, ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია ჩვენს ქვეყანაში, სადაც 80% მარხულობს... ჩემთვის ეს პარადოქსია... თან მარხულობენ და თან ცოლებს ცემენ? წარმოუდგენელი ამბავია. სახელმწიფო ქუდის ქვეშ მყოფი სოციალური სამსახური, ეკლესია და არასამთავრობოები უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის წინაშე. სხვათა შორის, სკოლიდან უნდა დაიწყოს ბავშვების სწორად აღზრდა. სამწუხაროდ, ჩვენი პედაგოგების დიდმა ნაწილმა ასაკობრივი ფიზიოლოგია არ იცის. კახეთში 12 წლის გოგონა რომ გათხოვდა და ახლა შვილს ელოდება, ეს ფაქტი იცოდა ეკლესიამ, ექიმმა, პოლიციამ, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო, აქედან ყველა პასუხისგებაშია მისაცემი. ან სად იყო ამ დროს უბნის ინსპექტორი, რომელიც ყველა ოჯახის მეგობარი უნდა იყოს? მე პირადად არ ვიცნობ ჩემი უბნის ინსპექტორს და დიდი სურვილი მაქვს მისი გაცნობის. ადრე სახელებით, გვარებით და თითქმის ყველა დეტალით ცნობდა უბნის ინსპექტორი მოსახლეობას, ახლა კი არც კი ვიცით, ვინაა ეს ადამიანი. არადა, მისი მოვალეობა ისაა, ახლოს იყოს მოქალაქეებთან და ასეთი მძიმე ფაქტების შესახებ მოახდინოს რეაგირება.
ხოლო იმ ქალებს, ვისაც აქვთ მსგავსი პრობლემები, ვთხოვთ მოგვმართონ ორგანიზაციაში.
ციცი ომანიძე