ქალი ქმნის კაცის 50%-ს, ქალი აუცილებლად უნდა დაიყენო გვერდით... ''პატრიოტობა გულშია, შენი ქალაქის, ქვეყნის სიყვარულშია. აფხაზეთში რომ ვიბრძოდი, ადრე ეგ იყო პატრიოტობა, დღეს კი სიგარეტს რომ ქუჩაში კი არა, ურნაში ჩააგდებ, ეგეც პატრიოტიზმია. როცა შენი ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის ყველა სატკივარი გტკივა, უკვე პატრიოტი ხარ'', - აღნიშნა გიო ხუციშვილმა, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.
- ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი იცვლება, ხალხი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო, მაგრამ ტრადიცია ისეთი რამაა, რასაც კი არ უნდა მიჰყვე, შენში უნდა იყოს. ჩემი მშობლების მიერ დატოვებული ოჯახური ტრადიციები გენეტიკური კოდივით მაქვს ჩანერგილი და ვცდილობ, არ დავკარგო. ერთად შეკრება, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება, თუნდაც სუფრის გაშლა, შვილების მეგობრებთან ურთიერთობა, ერთად სადილობა - ასეთი ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორემ ჩოხით არასდროს მივლია, გახეხილი ჯინსიც მცმია და გრძელი თმაც მქონია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მგონია, ტრადიციების დიდი პატივისცემა ასაკთან ერთად მოდის.
- ჩვენს რეალობაში ბევრი ოჯახი ინგრევა, რატომ?
- ერთმანეთს არ იცნობენ. პატარები რომ ქმნიან ოჯახს, ყველაფერს შესაბამისად ვერ აცნობიერებენ. ხშირად ერთმანეთის მიმართ ლტოლვა აქვთ და არა დიდი სიყვარული. გარკვეული დროის შემდეგ კი დგებიან სიყვარულის, მოფერების, გაგების, კიდევ ბევრი სხვა პრობლემის წინაშე. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა პატარებს შეუქმნიათ ოჯახი და ბოლომდე შერჩენილან ერთმანეთს, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში პატარა ასაკში ოჯახი ლტოლვის საფუძველზე იქმნება, ეს არაა ის დიდი სიყვარული, რომელიც ოჯახს სჭირდება. ცოლ-ქმარს რთული და ეკლიანი გზის გავლა უწევს, თავიდან ყველაფერი ლამაზია, მაგრამ როგორც კი პატარა ეკალი იჩენს თავს, ყველაფერი ფუჭდება. მე ძალიან შორს ვიყავი წინასწარი თანაცხოვრების საკითხისგან, მაგრამ რაღაცებზე რომ დავფიქრდი, რაღაცებს შევხედე, მივხვდი, ჯობს, წინასწარ იცხოვრონ ერთად, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება...
- ეთანხმებით იმას, რომ ოჯახის უფროსი კაცია?
- კი, მამაკაცმა უნდა იგრძნო, რომ შენს მხრებზე ჰკიდია ძალიან ბევრი რამ. უფროსი ცოტა უხეში ნათქვამია, რადგან ჩვენთან ყველას განაწილებული გვაქვს ფუნქციები. მაიას
რომ არ დაეკრა ჩემთვის და ზუკასთვის, არც ვიმღერებდით, არადა, მუსიკას ჩვენი ცხოვრების 50% უკავია, მეორე 50% უკვე საყოფაცხოვრებო თემებს ეკუთვნის. ონკანი რომ გაფუჭდება და ნათურა რომაა გამოსაცვლელი, ვიცი, რომ მე უნდა მივხედო, მატერიალური მხარეც მე უნდა გავაკონტროლო. როცა კაცი ხარ, ასეთი საკითხები საკუთარ თავზე უნდა აიღო. 18 წლისა რომ გააჩენ შვილს, მარტო ეს არაა საქმე, მას გაზრდა უნდა, განათლება უნდა მისცე. ზოგი დალევს დიდ ყანწს, ეს ყველაფერი ავიწყდება და მერე თვალი ''სხვაგან'' გაურბის, არადა, ოჯახი ერთი ორგანიზმია, კაცს მეტი ძალა აქვს, ქალს კი - უფრო მეტი ჭკუა და ისიც მართავს ყველაფერს. შეიძლება, შენ რაღაცები დააშავო, მაგრამ ქალმა თუ არ ''მოგწია'' აქეთ, აირევი. ამიტომ ვამბობ, რომ ოჯახური ცხოვრება ძალიან რთულია, ტრადიციულად ოჯახის უფროსი არის კაცი, მაგრამ რეალურად ჩვენ გაყოფილი გვაქვს ფუნქციები, პრობლემები ყველას ზურგზე გადადის და არამარტო ჩემზე.
- ალბათ, ოჯახში გენდერულ თანასწორობას სკეპტიკურად არ უყურებთ.
- ქალი რომ ჭკვიანია, ამას არ უნდა ლაპარაკი. კაცს უნდა ესმოდეს, შენი ჩამოყალიბება, შექმნა ქალის დამსახურებაა, ქალი ქმნის კაცის 50%-ს, ამიტომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ორივე ხელს ვწევ და ვამბობ, ქალი აუცილებლად უნდა დაიყენო გვერდით.
- როგორ ფიქრობთ, ქალისა და კაცის ღალატი სხვადასხვაგვარად რატომ აღიქმება?
- არ ვიცი, როგორ აღიქმება, მაგრამ ღალატი ღალატია ქალისგანაც და კაცისგანაც. მეც იმდროინდელი ვარ, კაცის ღალატი რომ არაფრად მიაჩნდათ, მაგრამ რომ ვუკვირდები, არაფერი კი არა, ძალიან ცუდი საქმეა. კაცისა და ქალის ღალატი ორივე ერთნაირად უნდა ისჯებოდეს. გაგრძელება