ქალს სახლში ჯდომა არ უნდა უწევდეს, პროფესიისა და დიასახლისობის შეთავსებას უნდა ახერხებდეს თბილისის მერის მეუღლეს, ქალბატონ თიკა თინიკაშვილს, ინტერვიუსთვის ვესტუმრეთ. დავინტერესდით, რა პრობლემებს ხედავს დედაქალაქში და, მისი აზრით, რა არის გამოსავალი. თბილისის პირველი ლედი ქვეყნის მდგომარეობის გარდა თავის ცხოვრებაზეც გვესაუბრა. ცოტა ხნის წინ ნარმანიების ოჯახს ახალი წევრიც შეემატა. დღეს უკვე ქალბატონი თიკა სამი შვილის დედაა. დიასახლისობასთან ერთად მუშაობასაც ახერხებს, სოციალურად აქტიურია და მაისში ქალბატონების დასახმარებლად პროექტის განხორციელებას გეგმავს.
- ქალბატონო თიკა, რთულია იყო თბილისის პირველი ლედი?
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის პირველ ლედის მოვალეობები არ აკისრია. შეიძლება, მან თავისი სურვილით აიღოს რაიმე ვალდებულება საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც იგი ხალხის დახმარებას ცდილობს. ამ დროს ალბათ სასიამოვნოდ დაიღლება კიდეც.
- რა არის ოჯახის ხერხემალი?
- თუ წყვილს სიყვარული არ აკავშირებს, ოჯახის შექმნას აზრი არ აქვს, თუმცა მხოლოდ სიყვარულიც არ არის საკმარისი. ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და ერთმანეთისთვის გაწეულ ღვაწლს აფასებდეს.
- რით მოგხიბლათ ბატონმა დავითმა სტუდენტობისას?
- ძალიან მოწესრიგებული იყო. გაოცება ვერ დავმალე, როცა გავიგე, რომ ცოლი არ ჰყავდა და თავად უვლიდა თავს. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლებას. თუ კაცს ჭკუა აქვს, აღარ ვუყურებ მის გარეგნობას, სტატუსს ან წარმომავლობას. როდესაც დავახლოვდით, თავისი ადამიანური თვისებებითაც მომაწონა თავი.
- ხელი რომ გთხოვათ, ადვილად დათანხმდით?
- იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა და ჩემი მომავალი მხოლოდ მასთან ერთად წარმომედგინა, იმწუთასვე მაინც არ დავთანხმებულვარ. დავფიქრდი, ყველაფერი თავიდან ავწონ-დავწონე. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებელია წინდახედულობა. ვკითხე საკუთარ თავს, ხომ ნამდვილად მინდოდა გათხოვება? ვიყავით თუ არა მზად მე და დათო ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად.
- კერძების მომზადება გეხერხებათ?
- დიახ. ჩემს დედამთილსაც კი ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული საჭმელები, ამიტომ, როცა სტუმრად ჩამოდის, ვცდილობ, გემრიელი კერძები დავახვედრო. თავად კულინარიული გამოცდილება არ გაუზიარებია. ღომის გაკეთება დათომ მასწავლა. არასდროს მიცდია გებჟალიას მომზადება, რადგან რძის ნაწარმი არ მიყვარს.
დათოს გამორჩეულად საყვარელი კერძი არ აქვს, თუმცა ყველა სამზარეულოს მეგრულს ამჯობინებს. ვა ქალები ვერ ხიბლავე
- როგორც ვიცით, მკაცრი მშობლები გყავდათ. ამან გავლენა მოახდინა თქვენზე?
- დათო უფრო ლოიალურია, ვიდრე მე, თუმცა ვცდილობ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს და გადაწყვეტილების მიღებამდე მათი სურვილები გავითვალისწინო. დედ-მამამ სკოლის დამთავრებამდე ყურის გახვრეტის უფლება არ მომცა. ჩემს შვილებს მე ასეთ წვრილმანებში არ შევზღუდავ. მათ აცვიათ ის, რაც თავად მოსწონთ, თუ სიტუაციისთვის შეუფერებელი არ არის. მინდა, თითოეულმა მათგანმა იცოდეს აზრის გამოხატვა და სხვებისთვის ემოციებისა თუ საკუთარი სურვილების გაზიარება. ვცდილობ, პატარაობიდანვე ინდივიდებად ჩამოვაყალიბო. გამიჭირდება, შვილებს შეცდომების დაშვების უფლება მივცე, თუმცა დღეს ისეთი თაობა მოდის, მხოლოდ რჩევის მიცემა შეგვიძლია.
- რა ფასეულობებს უნერგავთ შვილებს და რა გზით?
- უფროსების პატივისცემას, ზრდილობასა და პატიოსნებას. ბავშვებს იშვიათად ვუკითხავ ''ლექციებს'', რადგან ეს მეთოდი უფროსებთან უფრო ამართლებს, ვიდრე უმცროსი ასაკის ბავშვებთან. სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ. ჩავჩურჩულებ ხოლმე, რომ არასწორად იქცევა. იმ მომენტში მაინც თავის აზრზე რჩება, თუმცა მოგვიანებით, როცა დაწყნარებულია, ამ საკითხს ვუბრუნდებით. ძილის წინაც ვახსენებ მომხდარს და ვარიგებ, რა იქნებოდა უკეთესი. კოკოსთან საუბარი ნაყოფიერია, შუათანასთან უფრო რთულადაა საქმე, რადგან ჯიუტია და მკვეთრად გამოხატულ პიროვნულ თვისებებს ავლენს.
- რა შეცვალა ოჯახში ახალი წევრის გამოჩენამ?
- ძიძა ავიყვანე. ძიძის ინსტიტუტს ყოველთვის მივესალმებოდი. ქალს სახლში ჯდომა არ უნდა უწევდეს, პროფესიისა და დიასახლისობის შეთავსებას უნდა ახერხებდეს. ძალიან რთულია, ორ საქმეს თავი წარმატებით გაართვა, ამიტომ დამხმარეა საჭირო.
ვცდილობ, შვილები ერთმანეთისგან არ გამოვარჩიო და მოზრდილებმა ნაბოლარაზე არ იეჭვიანონ. ლიტერატურას გავეცანი, ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ შვილს მშობლებისგან ყურადღება აკლია, ხშირად არაადეკვატური გზით ცდილობს მათი ყურადღების მიქცევას.
- რთული ფეხმძიმობა გქონდათ?
- ბოლოს, გოგონაზე არა. გადასხმებს ვიკეთებდი, თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვაც მოვახერხე. ბიჭებზე ტოქსიკოზი მაწუხებდა. რაიმე ამოჩემება არ მქონია. ძალიან მიყვარს ხილი, ორსულობის დროსაც სულ მას ვითხოვდი.
სამივეჯერ ბუნებრივი გზით გავაჩინე ბავშვი. ყველაფერი გავიწყდება, როდესაც შვილს გულზე გიწვენენ. უყურებ პატარა, დაუცველ ჯუჯას, რომელსაც ძალიან სასაცილო სახე აქვს და აცნობიერებ, რომ მასზე უნდა იზრუნო. წამში ირთვება დედის ინსტინქტი. მუცლადყოფნისას გაუცნობიერებლად გიყვარს, ელაპარაკები, მუსიკას ასმენინებ, როცა ჩნდება, სიყვარული სხვა ფაზაში გადადის, უფრო აქტიურდება.
- ეჭვიანი ხართ?
- არა. დათო არასდროს მაძლევს საბაბს, მეტიც, ხშირად ვერც კი ამჩნევს, ქალბატონები ინტერესს რომ იჩენენ მის მიმართ. ვერავის დავუშლი, ჩემს ქმარს ნუ უყურებ ან ელაპარაკები-მეთქი. არც ჩემი მეუღლეა ეჭვიანი. გათხოვების შემდეგ მყავდა შემორჩენილი ერთგული თაყვანისმცემლები, მაგრამ მათი აქტიურობა იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ ქმარი შემეწუხებინა. იხილეთ სრულად