ბევრი ოჯახი დანგრეულა იმის გამო, რომ ერთმანეთისთვის ვერ გაუგიათ, თუნდაც ლოგინში... ლაშა რამიშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გახლავთ. ამ სეზონში სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა და სახასიათო გმირი შექმნა, რომელმაც ოჯახს მოწყურებული ელისო გააბედნიერა. ლაშას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.
- ტრადიცია არის ის ფასეულობები, რასაც ქართველი კაცი ვერ გადააბიჯებს. ყველაზე მთავარია, გქონდეს პატივისცემა ერისა, ოჯახისა და წარმომავლობისა, მოუსმინო უფროს ადამიანს, თუ მართალს ამბობს, გაიზიარო მისი აზრი, თუ არადა, შენი გონებით გადაწყვიტო ყველაფერი.
ქართველმა ცენზურა უნდა შეინარჩუნოს ყველგან და ყოველთვის. ბოლო დროს იმ ოთხკუთხედ რაღაცას, რასაც ტელევიზორი ჰქვია, იშვიათად ვუყურებ, მაგრამ როცა კი შევხედავ, სასიამოვნო არაფერი ისმის, ადამიანები ერთმანეთს ყოველგვარი საზღვრების დარღვევით მიმართავენ. ჩემთვის ტრადიციის დარღვევაა ისიც, როცა ადამიანი არ იმსახურებს და უხეშად მიმართავენ. მგონი, დაავიწყდათ, რომ შეიძლება, რაღაც არ თქვა, ცენზურა დაიცვა, იყო ზრდილობიანი იმ კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი იცით, ძირითადად, რისთვის ხდება? იმისთვის, რომ ერთი-ორი თვე გახდნენ პოპულარულები არა თავიანთი საქმით, არამედ საქციელით. უბრალო ადამიანს რომ მოუნდეს პოპულარობა, შეუძლია გაშიშვლდეს, გავიდეს, ვთქვათ, რუსთაველის გამზირზე, იმღეროს, იცეკვოს, თქვას ისეთი რამ, რაც ქართველი კაცის ტრადიციებში არ ჯდება და გახდება პოპულარული. ასეთი ქმედებაც ზღვრის გადალახვაა და ამას ქართველი კაცი არ გააკეთებს, მე ასე მგონია და თუ გააკეთებს, მაშინ ჩვენი საშველი არ ყოფილა.
- როცა ქალები უფრო გაძლიერდნენ… (მაწყვეტინებს)...
- და ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან, ან კაცები?! ამ საკითხში მე შეიძლება, ტრადიციების დამრღვევიც ვიყო. კაცსა და ქალს ოჯახში თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ადრე ასე იყო – ქალო, მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება, მე შენი... მაგრამ მსგავსი რამ არც მამაჩემის და არც ჩემს ოჯახში არ მომხდარა. თუ საკითხი ოჯახის წევრებთან ერთად არ განვიხილე, არასდროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
- ოჯახის შექმნამდე წყვილის წინასწარ თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?
- მე ორი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს, ყველაფერი ტრადიციულად, ოჯახების ჩარევითა და ეთიკის დაცვით გავაკეთეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვეცნობოდით სიტყვით, აზრით, გონებით, უბრალო ხელის შეხებით, ოღონდ ეს არ ნიშნავს რამე სხვას. მაგრამ, თუ ორ ადამიანს უნდა, ქორწინებამდე ჰქონდეს ფიზიკური სიახლოვე, მაშინ უნდა ჰქონდეთ ამ სახის ურთიერთობა, ვისაც არ უნდა, არც ესაა პრობლემა. ზოგადად, ამ თემაზე მიჭირს საუბარი, მე ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ, თუმცა ამაზე ბევრი მიფიქრია. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოჯახი დანგრეულა იმის გამო, რომ ერთმანეთისთვის ვერ გაუგიათ, თუნდაც ლოგინში, თუნდაც ქორწინების შემდეგ ურთიერთობაში, ამიტომ თითქოს ვემხრობი იმას, რომ გაიცნონ და მერე დაუკავშირონ ცხოვრება ერთმანეთს.
- ქალს მამაკაცზე მეტი შემოსავალი თუ აქვს, ეს მამაკაცს აკნინებს?
- არაფერი არაა დამაკნინებელი. ბევრია ისეთი კაცი, რომელსაც სამსახური არ აქვს და მეუღლის ფრთის ქვეშაა. მე მყავს მეგობარი, რომლის მეუღლესაც საკმაოდ სოლიდური ხელფასი აქვს, ქმარი კი მსახიობია და მოგეხსენებათ, როგორიცაა მსახიობის შემოსავალი. და, ცუდი კაცია იმიტომ, რომ მისი მეუღლე უფრო მაღალანაზღაურებადია?!. ვფიქრობ, ფინანსები მთავარი არაა. გაგრძელება