არ ვეთანხმები გენდერულ თანასწორობას ოჯახში, თუმცა ეს არ ნიშნავს ქალის მონობას ''ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში უამრავი რამ გადაიტანა, მათ შორის სამი ომი, რომელსაც ძალიან ბევრი მებრძოლი შეეწირა, ზოგმა თავი გაწირა, ზოგს ახლობელი, ოჯახის წევრი დაეღუპა, კაცების უმრავლესობა დეპრესიაში ჩავარდა, მერე გაჩნდა უამრავი საცდური, ნარკოტიკები, ადამიანებმა ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს ''კომუნიზმიდან'' დამოუკიდებლობაზე გადასვლას, კაცმა დაკარგა ფუნქციები, თუმცა მოდის ახალი განათლებული თაობა, ბევრ კარგ საქმეს სწავლობენ და აკეთებენ. ახლა მთავარია, გაიზარდოს შობადობა და იკლოს აბორტების რიცხვმა'', - ასე ხედავს ქალების გაძლიერებისა და კაცების შესუსტების საკითხს ზურა ხაჩიძე.
- ცოლ-ქმარს შორის დაბალანსებული ურთიერთობის ფონზე მამაკაცი უნდა იყოს მთავარი. ვგულისხმობ იმას, რომ მამაკაცმა უნდა მართოს ოჯახი, რადგან კაცს ბევრი მოეთხოვება. შეიძლება, ქალი პრაქტიკულად უფრო მეტ საქმეს ასრულებს და დღევანდელობაში არა მარტო პრაქტიკულად, არამედ ფინანსურადაც დიდი როლი უკავია ოჯახში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახის ღერძი მამაკაცზე უნდა იყოს აწყობილი.
- ქალის გაძლიერების ფონზე, მამაკაცების შესუსტებაზეა საუბარი.
- ქალების გაძლიერების ფონზე არ შესუსტებულან მამაკაცები. ქვეყანაში უმუშევრობაა, ძალიან ჭირს სამსახურის პოვნა, მით უმეტეს მამაკაცის სამსახურის, ქალი უფრო მრავალფუნქციური და მოთხოვნადი აღმოჩნდა, მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ეძებენ სამსახურს და ვერ პოულობენ. ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. დღეს დასაქმებულთა შორის პროცენტულად ქალები ჭარბობენ, ვიდრე მამაკაცები, ამიტომაც ჩანს, რომ ქალი უფრო დაწინაურებულია. სხვათა შორის, ამაზე გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციები და გენდერული თანასწორობის თემაც ახდენს. არ ვიცი, იცით თუ არა თქვენ, მაგრამ პარტიაში რაოდენობრივად მეტი ქალი თუ გყავს, ეს დაფინანსების ზრდაზე აისახება.
- გენდერული თანასწორობა ოჯახში.
- არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები გენდერულ თანასწორობას ოჯახში, თუმცა ეს არ ნიშნავს ქალის მონობას, ქალის შეურაცხყოფას. პირიქით, საჭიროა ქალის გაფრთხილება, ადამიანურად მოპყრობა. ქართულ ტრადიციულ ოჯახში ქალი დაჩაგრული არასდროს ყოფილა, ვგულისხმობ ნორმალურ ოჯახებს, სადაც მამაკაცმა ქალის ფასი იცის.
- ღალატი, რომელიც კაცის მხრიდან ''მოსულა'', ქალის შემთხვევაში დამანგრეველია, რატომ?
- ხშირ შემთხვევაში ქალის ღალატი ოჯახს ანგრევს, კაცისა კი – არა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მამაკაცს უღალატია, ცოლს უპატიებია და გაგრძელებულა ცხოვრება კარგად და ჰარმონიულად. კაცი თავისი აგებულებით, თავისი შინაგანი სამყაროთი მაინც მონადირეა, ქალის ღალატი კი ყოვლად მიუღებელია. ღალატი საერთოდ ძალიან ცუდი ქმედებაა და არანაირად არ ვუჭერ მხარს, მაგრამ თუ მაინც ხდება, მაშინ უკვე მოგახსენეთ ჩემი მიდგომა. გაგრძელება