თავის მოვლა მამაკაცმაც უნდა იცოდეს. ქალს რომ ტანსაცმელს მიუყრიან, - ეს გამირეცხე, ის გამიუთოვეო, არ მომწონს. ცოლი მონა ხომ არ არის?
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე მიიჩნევს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები უფრო ამტანები არიან, ვიდრე მამაკაცები. ქალი თუნდაც, შვილის დაბადებისას რისკავს... დამეთანხმებით, ადრე არსებული რამდენიმე გენდერული სტერეოტიპი ღიმილის მომგვრელია. ქალბატონი ასმათის სტუდენტობის პერიოდი ფაქტობრივად, ასეთი სტერეოტიპების "ბოლო ამოსუნთქვას" დაემთხვა.
- ჩვენი ადათ-წესები ქალის მიმართ ყოველთვის პატივისცემას გამოხატავდა. მაგალითად, ქართული ცეკვა - "დავლური" ძალზე საინტერესოა: მამაკაცი ქალს საცეკვაოდ თავდახრილი ეპატიჟება. თავს დაუკრავს, ე.ი. პატივს სცემს, შემდეგ უკან მიჰყვება, აცილებს... ქვეყანაში არასახარბიელო წესებიც იყო. მაგალითად, ქალის ძალით გათხოვება. ოჯახის ძალდატანებით შექმნის ფაქტები ახლაც თუ არსებობს, ეს ძალიან სამარცხვინოა. 17 წლის გოგონა რომ გათხოვდება და 1 წელიწადში ქმარს გაშორდება, მას უკვე რთული ცხოვრება ეწყება - ასე კი არცთუ ისე იშვიათად ხდება... საქართველოში ხალხს სხვანაირი მენტალიტეტი აქვს. ამას წინათ, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სამეგრელოდან რეპორტაჟი გადმოსცეს: კაცს მოეჩვენა თუ პატარძალი ქალიშვილი მართლა არ იყო, არ ვიცი, მაგრამ გოგოს საშინლად სცემა! ასეთი რაღაცების საქვეყნოდ გამოფენა როგორ შეიძლება?.. ან რატომ ამბობენ ხოლმე, მემკვიდრე ვაჟიაო? თუ ქალის ცხოვრება ისე ვერ აეწყო, რომ გათხოვილიყო და შინ დარჩა, განა, ის "დამატებითი არსებაა"? არადა, ცეკვის დროს კაცი მაჩვენებს, რომ დიდ პატივს მცემს... ეს ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია. ჩემი აზრით, მემკვიდრეობა "ლამაზად" უნდა განაწილდეს. მაგალითად, ჩვენ 5 და-ძმა ვართ. ერთმანეთთან გასაყოფი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ვცდილობთ, ყველანი კარგად ვიყოთ - ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, პატივს ვცემთ... ყველას ასეთი დამოკიდებულებისკენ მოვუწოდებ. სასაცილო ქონების გამო, ზოჯერ და-ძმა ერთმანეთს ემდურის, რაც არასწორი საქციელია.
- ცხოვრებაში მამაკაცთან უთანასწორობის პრობლემა გქონიათ?
- მე ძლიერი ქალი ვარ და ამას ვერავინ გამიბედავს. მამაკაცებს უთქვამთ კიდეც: შენი ტვინით, საქციელით, უნარით, სამშობლოსა თუ საქმის სიყვარულით, ბევრ კაცს სჯობიხარო... მამაკაცი, რომელიც ქალს ადგილს არ დაგითმობს ან ტვირთის წაღებაში არ დაგეხმარება, ჩემში უპატივცემულობის გრძნობას იწვევს. ზოგჯერ მამაკაცს თირკმელი სტკივა და სიმძიმის აწევა არ შეუძლია. სამაგიეროდ, შეუძლია თქვას: - ვაიმე, ქალბატონო, როგორ მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ჩემთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლებაო... ამას წინათ, "ფეისბუკზე" სურათი ვნახე: ფეხმძიმე ქალი იდგა, კაცები კი ისხდნენ! დავწერე კიდეც: კაცები კი არა, გაუგებარი არსებები არიან-მეთქი! მაგალითად, იაპონიაში ყოფნისას არ შემინიშნავს, რომ კაცს ქალისთვის ადგილი დაეთმოს. აი, გენდერული თანასწორობა ზუსტად იქ არ მინახავს. აწ გარდაცვლილმა მსახიობმა - შოთა მშვენიერაძემ ქალბატონს ადგილი რომ დაუთმო, ყველამ გაოცებით შეხედა. ქართველ კაცს სხვა მენტალიტეტი აქვს. ქალბატონს (თან - ფეხმძიმეს!) ადგილი არ დაუთმო? მაშინ ის კაცი კი არა, მთხლეაო!.. ხანდახან ჩემი ასაკი მავიწყდება და მოხუცი ქალბატონი რომ შემოვა, მინდა, ადგილი დავუთმო. მერე ვფიქრობ, - ახლა არ მითხრას, ახალგაზრდა არც შენ ხარო (იცინის)...
- იყო პერიოდი, როცა თუკი ქალი რესტორანში ივახშმებდა, მის რეპუტაციას საფრთხე დაემუქრებოდა...
- (მაწყვეტინებს) ჩემს ახალგაზრდობაში ერთი ღამის კლუბი იყო, დანარჩენი - რესტორნები. როცა მეგობრებს რესტორანში დაგვპატიჟებდნენ, არ ვფიქრობდით, რომ იქ წასვლა სირცხვილი იყო. მივდიოდით და ვმღეროდით კიდეც (იღიმის). იმ პერიოდში უკვე მკვიდრდებოდა აზრი, რომ შეიძლება, რესტორანში ქალიც წავიდეს.
- დაგვისახელეთ სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპი, რომელსაც დაამსხვრევდით...
- მაგალითად, ქალი მხოლოდ სამზარეულოში რომ უნდა იყოს. ძალიან მომწონს ქალები, რომლებიც შვილებს კარგად ზრდიან. ცხადია, დიასახლისი სულ სახლში გამოკეტილი არ უნდა იყოს: კინოშიც უნდა წავიდეს, თეატრშიც, დასასვენებლადაც... მას ოჯახმა პატივი უნდა სცეს. ვინც ასე არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ცოლის ადგილი "კუხნაშია", ე.ი. მას მოსამსახურე სჭირდება, ცოლის მოსამსახურესთან გაიგივება კი არასწორი საქციელია. სხვათა შორის, თავის მოვლა მამაკაცმაც უნდა იცოდეს. ქალს რომ ტანსაცმელს მიუყრიან, - ეს გამირეცხე, ის გამიუთოვეო, არ მომწონს. ცოლი მონა ხომ არ არის?
- მნიშვნელოვანია, ოჯახში ვის მეტი შემოსავალი აქვს?
- არა. გააჩნია, ცხოვრება ვის როგორ აეწყო. ოჯახში თუ სიყვარული სუფევს, ვინ რამდენი შემოიტანა - ეს უმნიშვნელო იქნება... ცხადია, საკუთარი თავის პატივისცემა არ უნდა დაგავიწყდეს, მაგრამ ჩემი აზრით, შვილის კარგად გასაზრდელად უამრავი რამ არის საჭირო. ამ მხრივ, ოჯახში ქალს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თუ ისეირნე, დრო ატარე და შვილი გაგიუბედურდა, მაშინ შენს ცხოვრებას რა აზრი აქვს? აღარც შენი განათლებაა საინტერესო, აღარც - სამსახური... იხილეთ სრულად