როგორ უნდა შეარჩიოს წყვილმა კონტრაცეფციის საშუალებები - სპეციალისტის პასუხები კონტრაცეფციის რა მეთოდები არსებობს, რა უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს მათ გამოყენებას და როგორ უნდა აირჩიოს წყვილმა კონტრაცეფციის საშუალებები - ამ თემებზე გინეკოლოგი ლელა რუხაძე გვესაუბრება.
- ამჟამად არსებული კონტრაცეფციული საშუალებები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ჰორმონალური კონტრაცეფცია - მას მიეკუთვნება კომბინირებული და ორალური საინიექციო კონტრაცეფცია, პროგესტინული საინიექციო საშუალება და იმპლანტი. ასევე კონტრაცეფციულ საშუალებებს მიეკუთვნება საშვილოსნოსშიდა საშუალებები, ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია, ლაქტაციური ამენორეის მეთოდი, ბარიერული მეთოდი, სპერმაციდები, ასევე თავდაცვის საშუალებას მიეკუთვნება ბუნებრივი მეთოდები - კალენდარული მეთოდი, ბაზალური ტემპერატურის მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი და სხვა.
კონტრაცეფტივების გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტრაცეფციული უსაფრთხოება, გვერდითი მოვლენები, არაკონტრაცეფციული უპირატესობანი და ნაკლოვანებანი, ფერტილობის, ანუ შვილოსნობის აღდგენის შესაძლებლობა.
- როგორ უნდა აირჩიოს წყვილმა კონტრაცეფციის მეთოდები? რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს?
- იმისდა მიხედვით, თუ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რა სიტუაციაში იმყოფება, აქვს თუ არა სიმსივნური დაავადება, ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგია, სისხლის დაავადებები, დიაბეტი ან სხვა რაიმე სომატური დაავადება, კონტრაცეფციის ესა თუ ის მეთოდი სწორედ ამის მიხედვით, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს. უნდა შეფასდეს კონტრაცეპტივით მიღებული სარგებელი და რისკები.
ყველა წყვილი უნდა აცნობიერებდეს, რომ ხელოვნური აბორტი არ მიეკუთვნება კონტრაცეფციის მეთოდს, ის არც საიმედო და უსაფრთხოა. კარგად შერჩეული კონტრაცეფცია თავიდან აგვაცილებს ხელოვნური აბორტებით გამოწვეულ გართულებებს.
- რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს თითოეულ მათგანს?
- მოკლედ გავნიხილოთ თითოეული მათგანი.
თითქმის ყველა ჰორმონალური კონტრაცეფციის მოქმედების მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: ისინი თრგუნავენ ოვულაციას, იწვევენ ცერვიკალური არხის ლორწოს გასქელებას, რის შედეგადაც გაძნელებეულია სპერმატოზოიდების შეღწევა ლორწოში. ასევე, იწვევენ ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოსშიდა გარსის ატროფიულ ცვლილებებს, რის შედეგადაც გაძნელებულია იმპლანტაცია, ანუ ჩანერგვა. ჰორმონალური კონტრაცეპტივები ამცირებენ სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ზედა სასქესო გზებში.
უპირატესობა
ჰორმონალური კონტრაცეფტივების უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს, მას გააჩნია, მაღალი ეფექტურობა, დაუყოვნებლივი ეფექტი, შექცევადობა (მისი გამოყენების შეწყვეტისთანავე ხდება შვილოსნობის აღდგენა), არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან, ამცირებს მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების რისკს, ამცირებს საკვერცხეების ფუნქციური კისტების განვითარების რისკს, ასევე გამოიყენება ციკლის არევის, აკნეს სამკურნალოდ.
უარყოფითი მხარე კი ის გახლავთ, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები ვერ იცავს ორგანიზმს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. მისი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, ციკლის შეწყვტა, მაღალი არტერიული წნევა, სისხლიანი გამონადენი, ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, სიყვითლე, დეპრესია - ამ ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო თავდაცვის საშუალება.
აქვე ვახსენოთ კონტრაცეფციის სხვა ბარიერული საშუალებები, როგორიცაა დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი და ღრუბელი, რომელიც სპერმაციდით არის გაჟღენთილი.
სპერმაციდი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სპერმატოზოიდების ინაქტივაციას ან სიკვდილს საშოში მანამდე, სანამ იგი შეაღწევს ზედა სასქესო ტრაქტში.
ქალის ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია (მილების გადაკეტვა) არის უსაფრთხო მეთოდი, რაც მდგომარეობს კვერცხსავალი მილების გამავლობის ბლოკირებაში, ანუ ოკლუზია, დახშობა, გადაკვანძვა და ა.შ. ეს მეთოდი მაღალეფექტურია, არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან, არ არის რთული ქირურგიული პროცედურა. მას არ გააჩნია შორეული გვერდითი მოვლენები. თუმცა, ამ მეთოდსაც აქვს ნაკლოვანებები: ეს მეთოდი მუდმივია, პაციენტმა შემდგომში შესაძლებელია ინანოს, თუ კვლავ მოინდომებს შვილის ყოლას, ასევე არსებობს ოპერაციული გართულების რისკიც, პროცესს თან ახლავს ხანმოკლე დისკომფორტი და არ იცავს ორგანიზმს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
მამაკაცებში ნებაყოფლობით ქირურგიულ კონტრაცეფციას ვაზექტომია ეწოდება. სათესლე სადინარის ბლოკირების შემდეგ სპერმატოზოიდები ეაკულატში აღარ არის. ეს მეთოდიც შეუქცევადია, არ აქვს დაუყოვნებლივი ეფექტი, ანუ პარალელურად 3 თვე მაინც საჭიროა სხვა კონტრაფეპტივის გამოყენებაც. ეს მეთოდიც არ იცავს ორგანიზმს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისგან.
ასევე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფცია, ანუ დაუცველი სქესობრივი აქტიდან პირველ 72 საათში ქალმა უნდა მიიღოს შესაბამისი პრეპარატი ან გაიკეთოს საშვილოსნოს ღრუს სპირალი აქტიდან 5 დღის განმავლობაში (120 საათი).
საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია - სპირალი არის მედიკამენტოზური (რომელიც შეიცავს და ღრუში გამოყოფს სპილენძს ან ჰორმონს) და არამედიკამენტოზური. სპილენძის შემცველს ახასიათებს სპერმოტოქსიური მოქმედება, ირღვევა განაყოფიერების პროცესი, იწვევს საშვილოსნოსშიგნითა გარსის, ანუ ენდომეტრიუმის ანთებას და ფერმენტული სისტემის ცვლილებებს. ჰორმშემცველი სპირალი კი იწვევს ენდომეტრიუმის ატროფიას, 20-30%-ით თრგუნავს ოვულაციას. სპირალი იდგმება ნებისმიერ დროს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ არის ორსულობა, მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ, საკეისრო კვეთიდან სასურველია ჩაიდგას 8 -12 კვირის შემდეგ.
სპირალის გვერდითი მოვლენებია: ტკივილი, არარეგულარული ან ჭარბი ვაგინალური სისხლდენა, გამონადენი საშოდან. იგი არ იცავს ორგანიზმს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისგან.
- რომელი თავდაცვის საშუალება მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოდ?
- კონდომი (ანუ პრეზერვატივი) გახლავთ ერთადერთი თავდაცვის საშუალება, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს.
- რამდენად იცავს ლაქტაცია ქალს არასასურველი ორსულობისგან?
- ლაქტაციული ამინორეის მეთოდი მდგომარეობს ბავშვის ძუძუთი კვებაში, მისი დაბადებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. წოვის შედეგად გამოწვეული ანოვულაცია არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც საფუძვლად უდევს ლაქტაციური ამინორეის მეთოდს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დღის განმავლობაში კვებებს შორის შუალედი არ აღემატება 4 საათს, ხოლო ღამის განმავლობაში - 6 საათს. აღნიშნული პირობების გათვალისწინებით და მშობიარობიდან 6 თვე ციკლის არარსებობის შემთხვევაში თავდაცვის ეს მეთოდი 98%-ით მოქმედებს.
სალომე გორგოშიძე