ერთი თანამედროვე ცოლ-ქმრის რეალობა, რომელშიც ბევრი წყვილი ამოიცნობს თავის თავს ამქვეყნად ვერავინ დაიკვეხნის აბსოლუტურად იდეალური სხეულით თუ კანის მდგომარეობით. ის მოდელებიც კი, რომელთა "უზადო" სხეულები ჟურნალების გარეკანებზე ელვარებს, აღიარებენ, რომ სპეციალური კომპიუტერული დამუშავების გარეშე არც ერთი ფოტო არ ხვდება გლამურულ გამოცემაში თუ ბილბორდზე. ასეთმა თანამედროვე სარეკლამო გამოხტომებმა თავისი საქმე გააკეთეს – მათ ჩვეულებრივ ქალებს გაუჩინეს არასრულფასოვნების კომპლექსი და გაუგებარი სილამაზის იდეალები მოახვიეს თავს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს.
ფოტოგრაფი ვიქტორია კეროლაინ ჰელტომი იხსენებს, მისი კარიერის დასაწყისში როგორ მივიდა ერთი ქალი თხოვნით, გულახდილი სექსუალური ფოტოსესია გადაეღო მისთვის საცვლებში, რათა ქმართან ურთიერთობები გაეცოცხლებინა. "როგორც ახლა მასხოვს, მომხიბვლელი, პიკანტური, "ქალური" ფორმები ჰქონდა", - ამბობს ვიქტორია.
თუმცა თვითონ ქალბატონი არ გახლდათ თავდაჯერებული. სთხოვა ფოტოგრაფს, მოეცილებინა ფოტოებიდან ცელულიტიმ ნაოჭები, სტრიები და ხალებიც კი – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც მისი აზრით, სილამაზის იდეალებისგან აშორებდა. შესწორებული ფოტოები მან სოციალურ ქსელში განათავსა.
ერთ თვეში ვიქტორიამ ელექტრონული წერილი მიიღო იმ ქალის ქმრისგან. ფოტოგრაფი იმდენად შთააგონა ამ წერილმა, გადაწყვიტა, ყველასთვის გაეზიარებინა მისი შინაარსი. აი, რას სწერდა მას იმ ქალის ქმარი:
"როდესაც გავხსენი ალბომი, რომელიც ჩემმა ცოლმა მაჩუქა, კინაღამ გონება დავკარგე. ეს ფოტოები... არა, არ იფიქროთ, რომ თქვენ გადანაშაულებთ რამეში. რა თქმა უნდა, ლამაზი ფოტოებია და თქვენ ნიჭიერი ფოტოგრაფი ხართ, მაგრამ ეს ჩემი ცოლი არ არის. თქვენ ისე გააკეთეთ, რომ მისი ყველა ნაკლოვანება გაქრა. ვხვდები, რომ მან თავად გთხოვათ ამის გაკეთება. არადა, თქვენ უნებურად ასე მთელი ჩვენი ცხოვრება წაშალეთ.
როცა თქვენ წაშალეთ მისი ყველა სტრია და ნაკეცი, წაშალეთ ჩვენი შვილების არსებობის მტკიცებულება. როცა წაშალეთ მისი ნაოჭები, ერთი ხელის მოსმით გააქრეთ ჩვენი საერთო სიხარულისა თუ ზრუნვის ორი ათწლეული. როცა მისი ცელულიტის კვალი გააქრეთ, გადაშალეთ ჩვენი სიყვარული ცომეულისადმი და ყველა ის ტკბილეულობა და გემრიელობა, რაც ერთად გვიჭამია.
როცა ეს ფოტოები ვნახე, ჩემს თავთან ვაღიარე, რომ ალბათ არასაკმარისად ვეუბნებოდი ჩემს ცოლს, თუ როგორ ძალიან მიყვარს. მას ისე იშვიათად ესმის ეს სანუკვარი სიტყვები, იფიქრა, რომ ეს დაფოტოშოპებული კადრები ის არის, რის ნახვაც მე მინდა და როგორიც მსურს, იყოს ჩემი ცოლი. მე ეს უნდა გამოვასწორო და სიცოცხლის ბოლომდე გამოვხატავ ჩემს აღტაცებას მისი ყველა არასრულყოფილებით. მადლობა, რომ შემახსენეთ ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება!"