ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ... ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში "ნანა ბოლო დღეს სავარძელში იჯდა, თეონამ ჰკითხა, როგორ ხარო. კარგადო, უპასუხა და უცებ გაეყინა თვალები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ... ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში..."
გელა ჩარკვიანს ეკრანიდან ვიცნობდი. ვიცოდი, რომ პოლიტიკური ფიგურა, გაწონასწორებული და დახვეწილი ადამიანი იყო, რომელიც აკონტროლებს ემოციებს. როდესაც პირადად შევხვდი, სულ სხვა გელა ჩარკვიანი გავიცანი. ის ამჟამად მარტო ცხოვრობს. მისაღებ ოთახში, სადაც შემიძღვა, კედელზე 15 ფოტო დავითვალე. ეს მისი მეუღლის, ნანა თოიძის პორტრეტებია.
- მე რომ 1958 წლის 20 მაისს ზემელზე არ გამევლო, არ შემხვდებოდა ჩემი ნაცნობი ნანდა ნიკოლაიშვილი და მისი მეგობარი ნანა... კონცერტის ბილეთების საყიდლად მიდიოდნენ. მკითხეს, ხომ არ წამოხვალო? სიამოვნებით, მაგრამ ფული არა მაქვს, დედაჩემი არ მაძლევს, მიაჩნია, რომ ფული ბავშვებს რყვნის-მეთქი, ვუპასუხე. ჩვენ რომ გიყიდოთო? სიამოვნებით წამოვალ-მეთქი. ამან ცოტა უცნაურად იმოქმედა მათზე, ეს არათბილისური ქცევა იყო. მე ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვიდან, სკოლა იქ დავამთავრე, ჩემთვის კი ეს ნორმალური იყო.
- რამდენი წლის ხართ ამ დროს?
- მე - 19 წლის, ნანასაც საბუთებში 19 ეწერა, თუმცა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მას ცოტა რთული ისტორია ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი... მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი... მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:
"შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები,/ მე კი ყველასდა გასაკვირველად/ მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან/ დღეებში./ გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად".
2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ.
- ქორწილი გქონდათ?
- შეიძლება ნანას კიდეც უნდოდა, მაგრამ ჩემთვის არასდროს უთქვამს. ჩვენს, ორთოდოქსი კომუნისტების ოჯახში სხვა წარმოდგენები იყო. ხელი მოვაწერეთ "ზაგსში". ქორწილი ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტი იყო. ნანას ხელისმომკიდე ბიძამისი, ირაკლი თოიძე იყო. ჩემი... ვერც კი ვიხსენებ... სურათიც კი არ გადაგვიღია (მერე, 2010 წელს გადავიხადეთ ქორწინებიდან 50-ე წლისთავი. ეს იყო კარგი და ლამაზი დღესასწაული).
ხელის მოვაწერეთ და თავი მოვიყარეთ სადილზე. ორ საათში სტუმრები წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით მამაჩემთან სახლში. თაფლობის თვის გასატარებლად 50 მანეთი მოგვცეს და წავედით სოფელში. ამ პერიოდში მე პოლიტექნიკურის სტუდენტი ვარ, ნანა მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებს.
- წლისთავზე დაიბადა ირაკლი...
- ირაკლი მე დავარქვი. შვილიშვილებსაც მე შევურჩიე სახელები. როცა პირველი შვილიშვილი მოსკოვში დაიბადა, მაქსიმე (დედა რუსი ჰყავს), ბაბუამისმა დამირეკა: ბავშვს ქართული გვარი აქვს და სახელი მაინც ჰქონდეს რუსულიო. ვკითხე, შენ რა სახელი მოგწონს-მეთქი. მეუბნება, ნიკიტაო. გამაჟრჟოლა, ნიკიტა ჩარკვიანი რომ წარმოვიდგინე. არა-მეთქი, აღმომხდა. კარგი, მაშინ, გლები. არა-მეთქი. მაქსიმი რომ თქვა, კარგი, მანდ გაჩერდი-მეთქი. ჩემი დიდი ბაბუა იყო მაქსიმე ჯაოშვილი... რაც შეეხება ირაკლის დაბადებას, დილის 6 საათზე დაიბადა. განაგრძეთ კითხვა