ასე იბადება ერთ-ერთი მძიმე ბავშვური შიში - დარჩეს მშობლებისა და მათი სიყვარულის გარეშე თქვენ მაშინვე იტყვით - არა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც მთავარი კონცეფციაა „ბედნიერი მშობელი". პრინციპი - იცხოვრო მხოლოდ ბავშვის გამო - არ არის სწორი იმიტომ, რომ მშობელი უნდა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი თავისი ოჯახური ცხოვრებით. თუ ის უბედურია, მის ხელში ვერც ბავშვი იქნება ბედნიერი.
ალბათ შეგხვედრიათ ქალები, რომლებიც ამბობენ: “იყოს ლოთი და მოჩხუბარი, სამაგიეროდ ჩემს შვილს მამა ეყოლება".
ახლა მეორე უკიდურესობაა: იცხოვრებენ ერთად რაღაც პერიოდი, მოსწყინდებათ და შორდებიან. ეს ხომ მოზარდის ქცევაა?!
არც მუდამ დაძაბული და საბრძოლო არენად ქცეული ოჯახის შენარჩუნება ღირს და არც წარამარა, ნებისმიერი უაზრო მიზეზის გამო - მისი დანგრევა.
ცნობილმა გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა და ბავშვთა ფსიქოთერაპევტმა, ჰელმუდ ფიგდორმა ჩაატარა მასშტაბური კვლევა - რამდენიმე წლის მანძილზე გამოიკვლია ასამდე ოჯახი განქორწინების შემდეგ. შედეგად მან დაწერა წიგნი: “განქორწინებული მშობლების შვილები: ტრავმასა და იმედს შორის“.
რას განიცდის ამ დროს ბავშვი? განქორწინება ბავშვისთვის იმ მომენტში ხდება, როდესაც მას აცნობენ ამის შესახებ, ან როცა ის ხვდება, რომ მშობელი წავიდა და აღარ დაბრუნდება. თუ გარშემო მყოფები დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდნენ პატარას, რომ მამა წასულია მივლინებაში ან დროებით ცხოვრობს ბებიასთან, მაშინ ის ასე თუ ისე მშვიდად იქნება რაღაცა დროის განმავლობაში. მაგრამ ეს არ უნდა ამშვიდებდეს უფროსებს. გარკვეულ ასაკამდე ბავშვი ვერ აცნობიერებს, რომ მშობლებს ერთმანეთთან აქვთ გარკვეული ურთიერთობა. მისთვის არსებობს მხოლოდ მშობლების სიყვარული, რომელიც იხლიჩება განშორების შემდეგ. სწორედ ამას გრძნობს ის და როგორც წესი, ეს სიტუაცია ბავშვში იწვევს არასრულფასოვნების შეგრძნებას: „ესე იგი, მე საკმარისად არ ვუყვარვარ მამას, რადგან ჩემი სიყვარული მას არ სჭირდება“, „მე აღარ ვუყვარვარ იმიტომ, რომ ცუდად ვიქცევი, ულამაზო და სულელი ვარ“. ბავშვს უკვე ეშინია მეორე მშობლის დაკარგვაც. თუ ერთმა შეძლო და წავიდა, მეორესაც შეუძლია იგივეს გაკეთება? ასე იბადება ერთ-ერთი მძიმე ბავშვური შიში - დარჩეს მშობლებისა და მათი სიყვარულის გარეშე. პატარა ასაკის ბავშვები კაპრიზულები ხდებიან, არ უშვებენ არსად დედას (ან მამას). მოზრდილი ასაკის ბავშვებს პანიკურად ეშინიათ მარტო დარჩენის და საკმაოდ ემოციურები ხდებიან, რაც მომავალში ურთიერთობებში უშლით ხელს. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, საყვარელ ადამიანს რომ დაეტოვებინეთ და თანაც გაუფრთხილებლად. თუ განშორებას თან ახლავს კონფლიქტები, ბავშვი გაურბის ნებისმიერ უთანხმოებას. ის ხდება დამჯერი და ჩუმი. შორიდან არ ეტყობა ნერვული რეაქციები გაშორებაზე, მაგრამ სწორედ მაშინ არის ბავშვი ყველაზე გაღიზიანებული და ნერვული. თავის პროტესტს და აგრესიას ის შიგნით იგროვებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს თავის ტკივილები და სხვა სერიოზული პრობლემები.
როგორი ურთიერთობის შენარჩუნება ღირს და რომლის - არა?
ბავშვი ღირს იმად, რომ ეცადო ოჯახის შენარჩუნება. სწორედ ოჯახის და არა ერთად თანაცხოვრების, რომელსაც თან ახლავს გამუდმებული კონფლიქტები. ჩხუბი და აყალ-მაყალი ხომ გაშორებაზე უარესია... დაუსვით თქვენს თავს რამდენიმე კითხვა და უპასუხეთ:
თქვენი ურთიერთობა სავსეა ემოციით? თუ კი - მაშინ შანსი არის.
გაქვთ ერთმანეთისთვის რაიმე მოსაყოლი?
გჭირდებათ მისი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით? თუ კი - ე.ი. უნდა შეინარჩუნოთ ეს ურთიერთობა.
თუ ერთ-ერთი იგნორირებას უკეთებს მეორეს, მაშინ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა.