რით მოხიბლა ქართველმა ქალმა ნორვეგიელი მუსიკათმცოდნე და როგორ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსახლება ოჯახური ტრადიციები ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ფასეულია. შინ ყოფნა კი ალბათ ყველა ადამიანს ჰგვრის სიმშვიდეს და სიმყუდროვეს. შეიძლება, ეს "შინ" სულ სხვა ქვეყანაში იპოვო ადამიანმა. სწორედ ასე იპოვა მეორე სამშობლო ნორვეგიელმა მუსიკათმცოდნემ და მომღერალმა სვენ ვოგემ. ის საქართველოში ერთი ჩემოდნით და დიდი გულით ჩამოვიდა, ქართული ხალხური სიმღერის დიდი სიყვარულით გულანთებული. როცა საყვარელი ქალიც იპოვა - პოეტი და მხატვარი თამარ ლომიძე, ახალ სამშობლოში სამუდამოდ დასახლებაც გადაწყვიტა.
ჩვენი მასპინძლები სწორედ ისინი არიან - ნორვეგიულ-ქართული ტკბილი ოჯახი. ცოლ-ქმარი ოჯახურ ტრადიციებსა და იმ დიდ სიყვარულზე გვესაუბრება, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა. ამ კავშირს ბევრი სასიკეთო საქმეც მოჰყვა. საქართველოში გადმოსახლებული სვენი მართლმადიდებლურად მოინათლა, ჯვარი დაიწერა, ტრადიციული ოჯახი შექმნა და წყვილის სიყვარულის ნაყოფი - ლუკაც მალე გაჩნდა. ნორვეგიელმა მუსიკათმცოდნემ ქართული ენა შეისწავლა, ქართული ხალხური სიმღერები, რაშიც გიორგი უშიკიშვილი დაეხმარა. საკუთარი ტრიოც დააარსა - "გიორგი", რომელშიც მის გარდა კიდევ ერთი ნორვეგიელი და ქართველი მომღერალი გაერთიანდნენ. მანამდე ქართულ მრავალხმიანობაზე დისერტაცია დაიცვა. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ ოჯახის სახლია, სადაც უცხოელებს მასპინძლობენ, საქართველოს კულტურას აცნობენ და სვენი, როგორც მასპინძელი, ისე დაატარებს თანამემამულეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულტურის საზიარებლად.
ოჯახმა ძველ თბილისში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად ულამაზეს, 200-წლოვან სახლში გვიმასპინძლა. მათი ფანჯრებიდან ისეთი ხედი იშლება, შეუძლებელია, ადამიანს მუზებმა არ "შემოგიტიონ". ალბათ ამის დამსახურებაა, რომ თამარის შემოქმედებითი ნაყოფიერება აქ გაათმაგდა და იმდენი ნამუშევარი დაუგროვდა, თავისი სახელოსნო-გალერეა შექმნა, რომელსაც უბრალოდ - "ნორ-გე" (ნორვეგია და საქართველო) დაარქვა. იმედი აქვს, მალე სალონურ საღამოებს მოაწყობს და ქართველსა თუ უცხოელს ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე ესაუბრება. უფრო ახლოს გავიცნოთ ეს საინტერესო წყვილი.
- რამდენად რთულია ქათულ-ნორვეგიული ტრადიციების შერწყმა ოჯახში და ორი სხვადასხვა წეს-ჩვეულების ადამიანის ერთად ცხოვრება?
- იმდენად კარგად გვესმის ერთმანეთის, ხშირ შემთხვევაში ჩვენი აზრები და იდეები ერთმანეთს ემთხვევა. მე თვითონ უკონფლიქტო და ლოიალური ვარ, სვენი კი ძალიან კეთილი და დამყოლი ბუნებისაა. შესაბამისად, ჰარმონიული ოჯახი გვაქვს და ჩვენი შვილიც ასეთ გარემოში იზრდება. სხვათა შორის, ლუკაც მღერის - ანსამბლ "ერქვანში", რომ გაიზრდება უნდა მამასთან ერთად იმღეროს. როცა მამა-შვილს ერთად ვხედავ სცენაზე, ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია.
იხილეთ სვენისა და ლუკას ნამღერი "წინწყარო"
- ლუკას ნორვეგიული მამამ ასწავლა ალბათ...
სვენი:
- როცა მე და თაკომ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, ვთქვით, რომ ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს და მართლაც ასეა. ლუკა რომ დაიბადა, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ - თაკო დაელაპარაკებოდა თავის ენაზე, მე - ჩემსაზე და მართლაც ასე ვიქცეოდით. ესაა ერთადერთი გზა, რომ ბავშვმა არც ერთი ენა არ დაკარგოს. 4 წლის ლუკამ უფრო აქტიურად დაიწყო ქართულად საუბარი, ვიდრე ნორვეგიულად, ქართულ გარემოში იზრდება ბავშვი და ბუნებრივია, ეს უფრო უადვილდებოდა, ეზარებოდა ნორვეგიულად ლაპარაკი. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი და ვიფიქრე, ახლა თუ წავაგე, ბავშვი დაკარგავს ენას-მეთქი. ჰოდა, არ მოვეშვი, სულ ნორვეგიულად ვესაუბრებოდი. ორი-სამი კვირის შემდეგ ამ კრიზისმა გადაიარა და მას შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე პრობლემა არ შეგვქმნია. რასაკვირველია, ლუკამ ქართული ცოტა უფრო უკეთ იცის, ვიდრე ნორვეგიული, მაგრამ როცა ნორვეგიაში ვართ, იქ ჩვეულებრივი ნორვეგიელია.
- სვენის ასეთი რბილი ბუნება მისი წარმომავლობიდან მომდინარეობს, თუ ადამიანია თავად ასეთი და არაფერ შუაშია ნორვეგიელობა?
- არა, სვენი თავადაა ასეთი რბილი და დამყოლი. ნორვეგილები მართლა ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ სვენი ერთი იყო ყველაზე დადებითი და ისიც მე წამოვიყვანე (იღიმის).
- ნორვეგიული ტრადიციებიდან რა დაამკვიდრეთ ოჯახში?
- არაფერი განსაკუთრებული, შობას აღვნიშნავთ 7 იანვარს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სვენის ოჯახი 25 დეკემბერს ზეიმობს, ჩვენ აქედან რომ შევუერთდეთ, პატარა სუფრას ვამზადებთ ხოლმე, თუნდაც მათი ბედნიერება რომ გავიზიაროთ.
- სვენ, თამარის მაგალითზე შეგიძლია გვითხრა, ქართველი ქალი ნორვეგიელისგან რა თვისებებით გამოირჩევა?
- ნორვეგიელიცა და ქართველიც ძალიან ლოიალური და თბილია ოჯახის მიმართ, მაგრამ ქართველებს სხვანაირი მიდგომა აქვთ, აქ თითქოს უფრო შეკრულია ოჯახი.
თამარი:
- ჩემი გადასახედიდან, ნორვეგიელი ქალები უფრო დამოუკიდებელნი და საქმეზე ორიენტირებულები არიან, არ მოიკლავენ თავს იმაზე, რომ სახლში სადილი არ აქვთ გაკეთებული, აი, მე კი, ვერ ვისვენებ, როცა სვენი და ლუკა მოსასვლელები არიან და მე სადილი არ მაქვს მომზადებული. ალბათ ესაა ქართული მენტალიტეტი... (იღიმის).
- სვენ, იქნებ დაასახელო ქართვლების რამდენიმე თვისება, რომელიც დასაფასებელია უცხოელი, არაქართველი ადამიანისგან და კარგი იქნება, თუ გვეტყვი იმასაც, რაც არ მოგწონს... განაგრძეთ კითხვა