ზაზა ხუციშვილის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო და მომღერლის გულახდილი ინტერვიუ პირად თემებზე მომღერალი ზაზა ხუციშვილი ხათუნა დოლიძეზე 39 წლის ასაკში დაქორწინდა, ერთ წელიწადში კი მამაც გახდა. გოგონას ნინო-ლიზა დაარქვეს. შვილისთვის სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრიათ, განვითარებულმა მოვლენებმა თავად მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენს რესპონდენტს ოჯახის მიმართ იმაზე მაღალი გრძნობა აკავშირებს, ვიდრე მხოლოდ სიყვარულია, რაც მის საუბარში და შესაბამისად ინტერვიუშიც იგრძნობა.
- სანამ ცალკე გადმოვიდოდი, ვცხოვრობდი არაყიშვილზე ჩემი მშობლების სახლში, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად. ჩემს ძმას სამი შვილი ჰყავს, ამაში ძალიან მაგრად მაჯობა. მისი სამივე შვილი ჩემ თვალწინ გაიზარდა, პრინციპში, ერთად გავზარდეთ და როცა მამა გავხდი, ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ საკუთარი შვილი სრულიად განსხვავებული გრძნობაა. გამიმართლა, რომ კარგი ბუნების შვილი მყავს, მოსიყვარულეა, დედაც ძალიან უყვარს და მამაც, ხშირად მეუბნება, რომ საუკეთესო მამა ვარ, რაშიც ბოლომდე არ ვეთანხმები... გარდა ამისა, ბედნიერია მაშინ, როცა მე და ხათუნა ვეფერებით ერთმანეთს და ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო ოჯახის შექმნამდე. ვხედავ, თუ როგორ უცქერენ სხვისი მშობლების ურთიერთობას ის ბავშვები, ვისი დედ-მამაც ცალ-ცალკე ცხოვრობს და კიდევ უფრო მიმყარდება აზრი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მარტივი საქმე არაა. არასდროს უნდა აერიოთ ვნებები და გრძნობები ნამდვილ სიყვარულში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრების მანძილზე შეემთხვას, ფატალურ შედეგებს არ ვგულისხმობ, ოჯახის დანგრევაა. ვფიქრობ, ოჯახი ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა.
- რა ასაკისაა ახლა თქვენი შვილი და რატომ ჰქვია ნინო-ლიზა?
- ძალიან საყვარელი ბებია მყავდა - ლიზიკო მაყაშვილი და თუ გოგო მეყოლებოდა, მინდოდა, მისი სახელი დამერქმია. მაგრამ, სანამ ნინო-ლიზა გაჩნდებოდა, 9 თვით ადრე მე და ჩემი ბიძაშვილი ზურა ბუცხრიკიძე, მეუღლეებთან ერთად ვიყავით ბოდბეში, მათაც ახალი შექმნილი ჰქონდათ ოჯახი და ჩვენც. ბოდბეში წყაროზე ახალდაქორწინებული რომ ჩადიხარ, გასაგებია, რასაც ინტარებ. ამ ფაქტიდან 9 თვის თავზე მას ბიჭი გაუჩნდა, მე – გოგო, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ წმინდა ნინოს სახელიც უნდა ეტარებინა ჩვენს შვილს, ჯამში ნინო-ლიზა გამოვიდა და ძალიან მომწონს, ორიგინალური და ყველასგან განსხვავებულია.
10 წლისაა ნინო-ლიზა, მაგრამ ვცდილობთ, თავისუფლება მივცეთ და ამა თუ იმ საკითხში გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, თნ თუკი ძალიან შორს არაა სიმართლისგან, ამ მხრივ ასპარეზს ვუთმობთ. ამასთან, უკვე ისეთ ასაკშია, პრეტენზიები უჩნდება სხვადასხვა საკითხზე, თუნდაც ჩაცმაზე და ა.შ. გარდა ამისა, ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, როდესაც მეცადინეობს, არაფრით არ უნდა, ჩვენ ვუთხრათ რამე, გვეუბნება, თქვენ კი არა, მე უნდა გავცე პასუხი, მერე მასწავლებელთან უხერხულია, თქვენს ნათქვამს ხომ არ ჩავწერ ჩემ ნააზრევადო. ასეთი სამართლიანი მიდგომები რომ აქვს ამ ასაკში, ძალიან მიხარია.
- ზემოთ თქვით, არ ვეთანხმები ჩემს შვილს იმაში, რომ საუკეთესო მამად მთვლისო, რატომ?
- პირდაპირ გეტყვით... მთელ მსოფლიოში მუსიკოსების ცხოვრებას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ უმრავლესობას ოჯახი არ აქვს შენარჩუნებული, ორჯერ, სამჯერ დაქორწინება მათ ცხოვრებაში ხშირი შემთხვევა. ერთი მხრივ, კარგია, რომ ქართველი მუსიკოსები ისე დატვირთულები არ არინ, როგორც უცხოელები - წელიწადში ორჯერ რომ ბრუნდებიან სახლში, დანარჩენ დროს კი ტურნეებში ატარებენ. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ხანდახან საჭირო დროს ვერ ვუთმობ ჩემს შვილს, საქმის გარდა, მაქვს ჩემი გატაცებებიც, მაგალითად, ნადირობა, შეიძლება ამაში ჩემი ეგოიზმიც ჩანს რაღაც დოზით და ნაკლები უნდა ვინადირო და მეტი დრო დავუთმო შვილს. იგივე ეხება რეპეტიციებს, კონცერტებს, მაგრამ ნინო-ლიზასაც ვთხოვ ხოლმე, რომ გამომყვეს ბუნებაში სასეირნოდ მაშინ, როცა არა სანადიროდ, არამედ უბრალოდ ძაღლების გასასეირნებლად მივდივარ, ისიც ხან მოდის, ხან - არა. მინდა, უფრო სპორტული აქტივობით დაკავდეს, ვიდრე კომპიუტერთან ჯდომით. საბოლოო ჯამში ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ უკეთესიც შეიძლება.
- ზაზა, თქვენი გამოცდილებიდან რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, რაზეა დამოკიდებული ოჯახის სიმყარე? და რა არის საფუძველი ძლიერი ოჯახის?
- რა თქმა უნდა, სიყვარული. ადამიანები ხშირად გატაცებასა და სიყვარულს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ და უშვებენ შეცდომას, ან ჩქარობენ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ადამიანის ხასიათი, არ შეიძლება, ყველა წვრილმანისა და სისულელის გამო მეორე ნახევარს დღეში რამდენჯერმე უსაყვედურო, ეჩხუბო, სიყვარული საბოლოო ჯამში პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე უნდა დამყარდეს. ბევრჯერ მითქვამს, რომ სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთისგან განსხვავებული გრძნობებია. ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა, როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და პატივს არ სცემდეო. მე გეტყვით, რომ მყავს ბავშვობის, სკოლის, უბნის მეგობრები, რომლებმაც აირჩის ისეთი გზა, რაც ჩემთვის მიუღებელია, დაწყებული შავი სამყაროს წევრობიდან, დამთავრებული მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებით. ეს ჩემს პატივისცემას ვერანაირად ვერ დაიმსახურებს, როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღები იყოს?! მაგრამ ერთად გამოვლილი ბავშვობის წლების გამო სიყვარული ნამდვილად მაქვს მათ მიმართ, თუ შემიძლია და რაიმე სახის დახმარება სჭირდებათ, უარს ნამდვილად არასდროს ვეუბნები. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ორივე - სიყვარულიც და პატივისცმეაც უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის, რაც ყოველდღიურობაში არსებულ ყოველგვარ წყენას შთანთქავს. შვილი კი ეს არის ამ სიყვარულისა და ურთიერთობის დამაგვირგვინებელი.
- დასასრულ, ოჯახის უფროსის თემას მინდა შევეხო. ვინ უნდა იყოს უფროსი და საერთოდ, სჭირდება თუ არა ოჯახს უფროსი?
- ჩვენს ოჯახში არ არსებობს ასეთი ცნება. თუ გახსოვთ ფილმი "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა", რომელმაც სწორედ ამ თემის და იმის გამო, რომ ძალიან კარგად აღწერს ოჯახის, მამაკაცისა და ქალის ცხოვრებისეულ ურთიერთობებს, აიღო "ოსკარი", როგორც უცხოურმა ფილმმა. როდესაც ალექსეი ბატალოვის გმირი გაიგებს, რომ მისი ცოლი არის ქარხნის დირექტორი და აქვს მასზე მაღალი ხელფასი, დაშორდება იმ დღესვე, რადგან მიხვდება, რომ თვითონ ვერ იქნება ოჯახის უფროსი... ამბობს, არ შეიძლება, ქალს მამაკაცზე მეტი ხელფასი ჰქონდესო, შემდეგ კი მიხვდება რომ არაა ეს სწორი მიდგომა, შეცვლის გადაწყვეტილებას და შერიგდებიან. საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, არის ასეთი შემთხვევები, როცა ქალი უფრო მაღალშემოსავლიანია, მაგრამ ამას თუ ცუდად გამოიყენებს და აყვედრის ქმარს, შენზე მაღალი ხელფასი მაქვსო, ის კაცი გაექცევა აუცილებლად. როცა ადამიანი დადებითი თვისებების მატარებელია, არასდროს დააყვედრებს მეორე ნახევარს, თუ, რა თქმა უნდა, პარაზიტი არ ჰყავს სახლში და ბოროტად არ იყენებს ცოლის ხელფასს (იცინის). მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან რთულია ცხოვრება, სხვისი დარიგება ბევრისთვის ადვილია... შეიძლება ადამიანი თავის პროფესიაში იყოს შეუდარებელი, მაგრამ პირადი ცხოვრება რამდენჯერმე დაენგრეს და ვერ ააწყოს. ძალიან ამოუცნობი თემაა ოჯახი და მეტწილად დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე.
ციცი ომანიძე