"არასდროს გალანძღოთ ყოფილი ქმრები" - რჩევები ცნობილი მარტოხელა დედებისგან
"არასდროს გალანძღოთ ყოფილი ქმრები" - რჩევები ცნობილი მარტოხელა დედებისგან
ოჯახის დანგრევა ძალიან მძიმე საკითხია, განსაკუთრებულად რთულად ამ ფაქტს ბავშვები აღიქვამენ, უჩნდებათ უამრავი ლოგიკური კითხვა, რომლის უპასუხოდ დატოვება ძალიან დიდი შეცდომაა. ამ დროს ძირითადად მარტოდ დარჩენილ დედას უწევს შვილის სიტუაციაში გარკვევა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. არ ვიცი, ქალის როლის გაძლიერებამ გამოიწვია ოჯახების ნგრევის მაჩვენებლების გაზრდა თუ კიდევ სხვა ფაქტორებმა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი ქალი ზრდის შვილს მარტო, მამის გარეშე. თუ რა სირთულეებს აწყდებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებაში, ამას ჩვენი რესპონდენტები თავად გეტყვიან.


მაკა ძაგანია: "არ ვიცი, ნუცის მამა ცოცხალი
რომ იყოს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები"


- წლი-ნახევრის იყო ნუცი, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ამ ასაკში ბავშვს ვერ დაელაპარაკები, ვერ აუხსნი, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ, თან ეს ფაქტი ამ ასაკში დიდად არც აღელვებს. შემდეგში, როცა აღიქვამს, რომ მის ირგვლივ ჰყავთ სურლფასოვანი ოჯახი, ორივე მშობელი, მაშინ ჩნდება პრობლემები. ჩვენს შემთხვევაში სკოლაში მისვლის შემდეგ წამოიჭრა ეს საკითხი. მე არ ვიცი, ნუცის მამა ცოცხალი რომ იყოს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ დაახლოებით პირველი კლასის ბოლოს, მეორეს დასაწყისში, სამწუხაროდ, ჩემი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა, ანუ როცა ეს თემა აქტუალური გახდა, დაიღუპა და ძალიან გამიჭირდა ბავშვისთვის
იმის თქმა, რომ მამა საეთოდ აღარ არსებობს.
- და როგორ გადაჭერი ეს პრობლემა?
- თავიდან ვიფიქრე, მღვდელს დავალაპარკებ და ის ეკლესიური ენით აუხსნის, რომ მამა აღარ არის აქ და სხვა სამყაროში გადავიდა, რომ მისი სული ცოცხალია და ა.შ. მამაოსთან საუბრის შემდეგ მივხვდი, ბავშვმა ბოლომდე ვერ გააანალიზა ნათქვამი და საბოლოო ჯამში მაინც ჩემი სათქმელი გახდა ეს ყველაფერი, პირდაპირ და ბავშვური ენით ავუხსენი, რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო.
როდესაც შვილს მარტო ზრდი, გიყალიბდება კომპლექსი იმისა, რომ შეუვსო მამის დანაკლისი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, არაფერი მოჰკლებოდა, რომ არ ეფიქრა, მამა არ მყავს და მაგიტომ არ მაქვსო. მამაჩემიც გარდაცვლილია და ოჯახში კაცი არ გვყავს, შესაბამისად ნუცის მამრობითი სქესის ოჯახის წევრი არ ჰყავდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, კომპენსაცია მომეხდინა ყველა ასპექტში, რომ დანაკლისი არ ჰქონოდა, არ შემჩნეოდა უმამობა არაფერში. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა და გავატუტუცე, თან იზრდება და მოთხოვნილებებიც ეზრდება. ალბათ ყველა მარტოხელა დედის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა უნდებათ, შვილებს მამის პოზიცია შეუვსონ, რაც ძალიან რთულია.
- რა რჩევას მისცემ მარტოხელა დედებს, იმისთვის, რომ შვილის მარტო გაზრდა არ გახდეს დამთრგუნველი, მტკივნეული და ა.შ.
- ქალი უნდა გაძლიერდეს, უნდა გააცნობიეროს, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი წინ არის, რომ შვილს სჭირდება ჯანმრთელი და ხალისიანი დედა, თან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კარგად იყოს თავად და ბავშვიც. XXI საუკუნეა, ასეა თუ ისე ყველა ქალი დგას ფეხზე, ამიტომ დღეს უფრო ნაკლებად უჭირთ ქალებს შვილების მარტო გაზრდა, ვიდრე გასულ საუკუნეში უჭირდათ. მაშინ, ქალები ძირითად შემთხვევაში სახლში ისხდნენ, შესაბამისად ვერ ანგრევდნენ ოჯახს, რადგან არც ბავშის რჩენა შეეძლოთ და არც საკუთარი თავის. აქედან გამომდინარე, მთავარია, ქალი დადგეს ფეხზე, გაძლიერდეს და საკუთარ თავსა და კარიერას მიხედოს, რომ სანანებლად არ გაუხდეს საქმე. როდესაც ერთ დღეს უქმროდ, კარიერისა და სამსახურის გარეშე რჩები, ძალიან რთულია, ამიტომ ჯობია, საკუთარი თავის იმედად ვიცხოვროთ. პირადად მე ძალიან პატარამ დავანგრიე ოჯახი, პროფესიაც არ მქონდა ჯერ, მაგ დროს ვამთავრებდი თეატრლაურ უნივერსიტეტს, უფრო დედაჩემის იმედად გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა ყველას შეიძლება, არ ჰყავდეს მყარი ზურგი, ამიტომ მნიშვნელოვანია მყარად ვიდგეთ ფეხზე, დანარჩენს კი ყველაფერს ეშველება.

ხატია შამუგია: "ნიკუშას კი არა, მეც მენატრება გურამიკო"

mshoblebi
- ნიკუშა 2 წლის იყო, მე და გურამიკო რომ დავშორდით, ისეთი პატარა გახლდათ, რომ ეს ფაქტი მტკივნეულად ნამდვილად არ აღუქვამს. როდესაც ოჯახი ინგრევა და წყვილი დაშორებას გადაწყვეტს, თუ მშობლები ჯანმრთელი ფსიქიკის არიან და ფიქრობენ შვილის ნათელ მომავალზე, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ფაქტმა ზიანი არ მიაყენოს ბავშვს და შვილი განქორწინების "მსხვერპლი" არ გახდეს. ჩვენ ეს ფაქტი ისე მივიტანეთ ნიკუშამდე, რომ მას დიდ ტრაგედიად არ აღუქვამს.
- შეკითხვა, რატომ არ არის მამა ჩვენთან ერთად, რა ასაკში დაგისვა?
- სიმართლე გითხრა, ასე გამოკვეთილად ეს კითხვა არ დაუსვამს. როდესაც ბავშვი გაიზარდა და გააცნობიერა რაღაცები, იმ პერიოდში მიჩვეული იყო იმასაც, რომ მამასთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი, უბრალოდ არ ცხოვრობდა მასთან ერთად. თან, ისე დაემთხვა, რომ გურამიკო საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, საქართველოში ჩამოსვლისას კი ხშირად ნახულობდა და ნახულობს. ბავშვმა იცის, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება ვერ აეწყო და იცის ისიც, რომ მამა თავისუფლების მოყვარული და მექალთანეა. სხვათა შორის, ამ თემაზე ხუმრობს კიდეც. როდესაც ისეთ გარემოში ვხვდებით, სადაც ბევრი კარგი გოგოა, ნიკუშა მეუბნება ხოლმე, დეე, წარმოგიდგენია, აქ რომ მამა იყოს, თავბრუ დაეხვეოდაო? ხუმრობაში გადააქვს ეს ყველაფერი, რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ბავშვს სწორად მივაწოდეთ ჩვენი ურთიერთობის ფორმა, თან აცნობიერებს იმასაც, რომ ჩვენი ცალ-ცალკე ცხოვრება მამასთან ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, პირიქით სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია ნახვა.

mshoblebi
- მიუხედავად ამისა, ალბათ აქვს მონატრების მომენტი.
- ამერიკაშია, ისეთი სიხშირით ვერ ნახულობს და ენატრება, რა თქმა უნდა, მას კი არა, მეც მენატრება, ჩემი შვილის მამა და ჩემი ამხანაგია ბოლობოლო. გაშორებული მამებისგან მტრის ხატს რომ ქმნიან დედები და შვილებს ამხედრებენ, ეს არასწორია, ის რომ დღეს გურამიკოს და ნიკუშას კარგი ურთიერთობა აქვთ, 99,9% ჩემი დამსახურებაა და ამას გურამიკო აღნიშნავს კიდეც.
- გარდა ჩვენ მიერ ჩამოთვლილი საკითხებისა, კიდევ რა სირთულესთანაა დაკავშირებული მარტოხელა დედობა?
- ბევრად უფრო კომფორტულია შვილის გაზრდა მეორე ნახევართან ერთად, რომელსაც გადანაწილებული აქვს სხვადასხვა ფუნქცია და გეხმარება, მაგრამ მე აქტიური ქალების კატეგორიას მივეკუთვნები და რაც არ უნდა უზრუნველყოფილი ვიყო და რამდენად ძლიერი მეორე ნახევარიც არ უნდა მყავდეს გვერდით, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის რეალიზებული ვიქნები და არ გავხდები ქმრის მონა, ქალი, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება მეუღლეზე, რადგან მე არ ვარ ასეთი ტიპაჟი. მარტო შვილის გაზრდა ნებისმიერი ქალისთვის რთულია, მაგრამ ამ სიმარტოვეს რეალიზებული ქალები უფრო იოლად ლახავენ, ვიდრე ისინი, ვისაც არაფერი შეუქმნიათ თვითონ და დამოკიდებულნი არიან მეუღლზე.
- ნიკუშა უკვე დიდია, არის საკითხები, რომელზეც მამა უნდა ესაუბროს, როცა გურამიკო აქ არაა, როგორ აგვარებთ ასეთ პრობლემებს?
- მოგეხსენება, მსოფლიოში კომუნიკაცია უმაღლეს დონეზეა განვითარებული, ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია დაეკონტაქტოს მამას, ხანდახან ვერც კი ვგრძნობთ, გურამიკო რომ ასე შორსაა, როცა ბავშვს სურვილი აქვს, მასთან გასაუბრებას ახერხებს. გარდა ამისა, მე და ნიკუშას გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, დაბადების წუთიდან ვაგრძნობინებ, რომ ის არის კაცი და ერთადერთი მამაკაცი ოჯახში, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრა პასუხისმგებლობის გრძნობა. სადაც შესაძლებელია მასთან ერთად წასვლა, ყოველთვის ერთად მივდივართ. გარდა ამისა, ჩემს მეგობრებთან მას თავისი ურთიერთობა აქვს, მაგალითად, ხვალ მე სამსახურში მივდივარ, ის და ჩემი მეგობარი თაკო დოლაბერიძე კი ერთად აპირებენ აუზზე წასვლას, კომფორტულად გრძნობს თავს ჩემი მეგობრების გარემოცვაში.

მაკა შალიკაშვილი: "ერთი სექსი არ გვაქვს, თორემ ყველა ერთად ვართ"

mshoblebi
- 3 წლის იყო თინანო, როცა მე და რატი დავშორდით და ბავშვს ძალიან გაუჭირდა ამის აღქმა. სახლიდან წამოსვლიდან ერთ კვირაში გამიხდა ცუდად, აუწია სიცხემ და ტიროდა, ვერაფრით ვაჩუმებდი. სასწრაფოდ დავურეკე ჩემს ყოფილ ქმარს, მოვიდა, წაიყვანა და ბავშვი გამოკეთდა. ანუ თინანომ ჩვენი დაშორებიდან ერთ კვირაში კონტაქტი აღადგინა ჩემსა და მამამისს შორის.
- ზოგადად, რა სირთულესთანაა დაკავშირებული მარტოხელა დედობა?
- ჩვენს ქვეყანაში მარტოხელა დედობა, მგონი, ყველაზე ნაკლებად პრობლემურია, იმიტომ, რომ რეალუარდ არ ხარ მარტო, გვერდში გიდგანან კარგი ადამიანები, მეგობრები. ახლა მე და ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახი ტერიტორიულად ძალიან ახლოს ვცხოვრობთ, ამიტომ ბავშვს ხშირად აქვს მამასთან და ბებიასთან ურთიერთობა, შესაბამისად, ვერანაირად ვერ ჩავითვლები მარტოხელა დედად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ორ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი, ჰყავს დედაც, მამაც, ბებიებიც, დიდი ბებიაც და გია ჯაჯანიძეც, რომელიც ასევე ძალიან მეხმარება.
- ბავშვს არ უჩნდება კითხვა, რატომ არ ცხოვრობს დედა და მამა ერთად?
- კი, კითხვები დღემდე არსებობს, აქამდე ვერ გაიგო, რატომ ხდება ასე, უნდა, რომ ყველა ერთად ვცხოვრობდეთ. მაგრამ მე ვუხსნი, რომ რატის ჰყავს ცოლი, ის ადამიანი უყვარს თინანოს და ვეუბნები, მე რომ მამასთან ვიცხოვრო, იმ გოგომ რა უნდა ქნას?! ამიტომ ისე ჯობია, როგორც ვართ. მეც გავთხოვები, მეყოლება ქმარი და შენ იქნები უფრო ბედნიერი-მეთქი. ამის გაგონება თინანოს ძალიან უხარია და სულ იცინის.
- გარდა ამ თემებისა, ფინანსური საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გაზრდის დროს. თქვენს შემთხვევაში მამა ჩართულია?
- კი, გვეხმარება. გარდა ამისა, მეც ვმუშაობ. როცა მე სამსახურში ვარ, ბავშვი ჩემს ყოფილ დედამთილთან რჩება, ძალიან მიწყობენ ხელს. ერთი სიტყვით, სექსი არ გვაქვს, თორემ ყველა ერთად ვართ.
- და ბოლოს, რჩევა მარტოხელა დედებს მაკასგან...
- არასდროს არ გალანძღოთ ყოფილი ქმრები, მით უმეტეს ბავშვის თანდასწრებით, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ერთ დროს თქვენი ყოფილი ქმრები იყვნენ. გიყვარდეთ დედამთილი და მამამთილი, იმიტომ, რომ გაზარდეს ქმარი, რომელიც თქვენ ერთ დროს გიყვარდათ. იყავით ბედნიერები და გაუფრთხილდით ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების - შვილების ნერვებს.

ციცი ომანიძე



ასევე დაგაინტერესებთ

9594
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი