სიდედრთან ურთიერთობა - ამ ხელოვნებას სწავლა უნდა
 სიდედრთან ურთიერთობა - ამ ხელოვნებას სწავლა უნდა
სიდედრი, წესით, მეორე დედაა. იღბლიანებისთვის მართლაც ასეა, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა. იდეალურ შემთხვევაში ცოლის დედა შორს უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ვაი, რომ ჩვენი ცხოვრება იდეალურისგან ბევრად შორსაა. წესით, ისევ ცოლ-ქმარმა უნდა გაუადვილოს მეორე ნახევრებს უფროს თაობასთან ურთიერთობა - ცოლებმა სიდედრებთან, ქმრებმა კი - დედამთილებთან უნდა გაუმაგრონ ზურგი ერთმანეთს.

სიძე-სიდედრი ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი არიან. ერთი რამ აქვთ საერთო - ერთი და იგივე ადამიანი უყვართ, შვილი და ცოლი. კონფლიქტის დროსაც სწორედ ეს "საერთო" ადამიანი ასრულებს ერთგვარი "ბუფერის" როლს. არ გირჩევთ,
რომ გამოკვეთილად დააფიქსიროთ, ვის მხარეს ხართ. ჯობს ორივეს მისცეთ რჩევები, დედასაც და ქმარსაც, რომ ცოტა ხნით მაინც მოაგვარონ ურთიერთობები.

რჩევები სიდედრებს
•პატივი ეცით ქალიშვილის არჩევანს. მას ეს ადამიანი "უამრავი ნაკლის" მიუხედავად უყვარს.
•აკონტროლეთ ემოციები. ნაკლებად გამოიყენეთ ბრძანებითი ტონი, ნუ მისცემთ სიძე-ქალიშვილს შენიშვნებს, ჭკუას ნუ ასწავლით. თუ მათი დახმარება გინდათ, ეს ისე გააკეთეთ, რომ ახალგაზრდებმა არ იგრძნონ, რომ დამოკიდებულნი არიან თქვენზე.
• ნუ განსჯით სხვებს. თქვენი სიძე სხვა ოჯახში გაიზარდა, სხვა პრინციპებითა და იდეალებით. ნუ დააკნინებთ მის ცხოვრების წესსა და არჩევანს. თუ ფიქრობთ, რომ მასზე მეტი გესმით, ეს ტაქტიანი ქცევით დაუმტკიცეთ.
• დაკავდით რამით. გაიხსენეთ, რა
ჰობი გქონდათ ახალგაზრდობაში და კვლავ სცადეთ მასთან მიბრუნება. ამით ცოტა ხნით თქვენი ქალიშვილის ოჯახიც დაისვენებს.
• ნუ ეცდებით, თავი შეაყვაროთ. ეს თითქმის შეუძლებელია. ახალგაზრდა ქმრების უმრავლესობა სიდედრს ცოლის უსიამოვნო "დანამატად" მიიჩნევს. თუ თბილი ურთიერთობა მართლა გინდათ, ნუ ჩაერევით ახალგაზრდების ცხოვრებაში. რაც უფრო შორს დაიჭერთ თავს, მით მეტად დაგაფასებთ სიძეც. მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ, როცა თავად გთხოვენ. ნუ ეცდებით კონფლიქტის პროვოცირებას, ამით დაამტკიცებთ, რომ სიდედრი მისი მეგობარია და არა მტერი.

რჩევები სიძეებს
• წინასწარ ნუ განეწყობით მტრულად. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ანეკდოტებშია მოთხრობილი. შეიძლება, სწორედ თქვენი განწყობა გახდეს დაძაბულობის მიზეზი.
• დატოვეთ მასზე ვაჟკაცური, პასუხისმგებლობის მქონე და წესიერი კაცის შთაბეჭდილება. უკეთესია, თუ ამას პირველსავე შეხვედრისას მოახერხებთ. თუმცა დრო კიდევ გექნებათ, მთავარია ეს სიმართლე იყოს. კიდევ ერთი ინდიკატორი თქვენი ცოლია - თუ დედა ხედავს, რომ მისი შვილი ბედნიერი და კმაყოფილია, ბევრს აღარაფერს მოგთხოვთ.
• გაითვალისწინეთ, რომ სიდედრი სხვა თაობის წარმომადგენელია და თქვენი შეხედულებების გაზიარება უჭირს. განა თქვენ ვერ გიტანთ, უბრალოდ, სხვანაირად უყურებს ცხოვრებას. კარგი იქნება, თუ რაიმეში დაეხმარებით, ვთქვათ, კომპიუტერზე რაიმე საინტერესო პროგრამის ათვისებაში, დალაგებისას ავეჯის გადაადგილებაში, კონსერვებისთვის საჭირო ხილ-ბოსტნეულის სახლამდე მიზიდვაში...
• პატივისცემით მოექეცით. საჩუქრები მიართვით, თუნდაც იაფფასიანი. გამოკითხეთ ჯანმრთელობის ამბები და დახმარებაც შესთავაზეთ. უამბეთ მისი ქალიშვილისა და შვილიშვილების წარმატებებზე. თუ სახლში რაიმე გაუფუჭდა, შეკეთებაში დაეხმარეთ.
• ნუ გააკრიტიკებთ. მით უმეტეს, სხვების თვალსწინ, თუნდაც უახლოესი ნათესავების გარემოცვაში. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, პირისპირ მოილაპარაკეთ და ამას ცოლის ყურამდე ნუ მიიტანთ. დაინდეთ ორ ცეცხლ შუა აღმოჩენილი ქალი.
• ნუ დაივიწყებთ, რომ ამ ქალმა თქვენი საყვარელი ქალი გაზარდა. ამისთვის მადლიერიც უნდა იყოთ.
3068
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?