როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს?
როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს?
თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, თანამედროვე ოჯახებში ბევრი ქმარი ღალატობს ცოლს. ზოგიერთი მარტივად ხვდება ამას და რეაქციაც სხვადასხვანაირი აქვს:
1. იგნორირება, ანუ თვალების დახუჭვა, რომ სიმშვიდე არ დაარღვიოს (თუმცა ამ ტაქტიკას ბევრჯერ მოჰყოლია ასევე მშვიდად კაცის ოჯახიდან წასვლა);

2. სკანდალი და ალიაქოთი (ამასაც ხშირად მოჰყოლია კაცის წასვლა);

3. ჭკვიანი ცოლისთვის დამახასიათებელი მშვიდი მოქმედება მამაკაცის ხასიათიდან გამომდინარე: ა) წყნარად, მეგობრულად განხილვა, მიზეზების ძიება და გამოსავლის პოვნა;
ბ) ფარულად მოქმედება – კაცი ვერც ხვდება, ბევრი ქალი ისე "ანეიტრალებს" სიტუაციას ან "მეტოქეს" და ისევ ჩვეულებრივ კალაპოტში აბრუნებს
ცხოვრებას.

თუმცა ამჯერად იმაზე არ ვისაუბრებთ, რომელი მეთოდია მართებული, ღირს თუ არა მოღალატე ქმრის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რატომ მიდის კაცი სხვასთან ცოლისგან ფარულად თუ აშკარად, და აქვს თუ არა ამას გამართლება. ამჯერად იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომელსაც ჯერ მხოლოდ მცირე ეჭვი აქვს, ღალატობს თუ არა მას ქმარი. რატომ უნდა მიხვდეს და გაიგოს? იმიტომ, რომ დროული რეაქცია ჰქონდეს და უცებ არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე. ყოველთვის საწყის ეტაპზე ჯობს პრობლემასთან ბრძოლა, ვიდრე უკვე შორს წასულ პროცესში.

ისეც ხდება, რომ მამაკაცებს ერთი შეხედვით არაფერი ეტყობათ, თითქოს არაფერი მიგანიშნებთ იმაზე, რომ მას სხვა გატაცება აქვს.
თუმცა თუ კარგად დააკვირდებით და არ გამოგეპარებათ მისი ნებისმიერი ცვლილება, იოლად გაიგებთ სიმართლეს. ხანდახან მინიშნებები აშკარაა – ჯიბეში ნაპოვნი პომადა თუ ძვირად ღირებული სამკაული, მანქანაში ნაპოვნი საცვალი, სასიყვარულო მესიჯი მობილურში... როგორც წესი, ეს უკვე შორს წასული პროცესის შემთხვევაა. ამიტომ, სანამ აქამდე მივა საქმე, მანამდე უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ქმრებს, მათ ქცევას და დროულად გაიგოთ, გაქვთ თუ არა განგაშის მიზეზი.

1. როგორც წესი, ამ დროს ჩვეულებრივი რაღაცები იცვლება ხოლმე. მაგალითად, ადრე დღეში რამდენჯერმე რეკავდა ან გწერდათ, ბოლო დროს კი ამას აღარ აკეთებს. ან ძალიან უგერგილოდ და დუნედ, თითქოს მხოლოდ ინერციით.
2. ხშირად ეპატიჟებიან საღამოობით "საქმიან სადილებზე" თუ "იძახებენ საქმეზე".
3. გამუდმებით უყურებს გამვლელ გოგონებსა და ქალებს.
4. ნაკლებად ლაპარაკობს ოჯახის მომავლის გეგმებზე და ამ თემების განხილვა არც სიამოვნებს.
5. მოულოდნელად იწყებს საკუთარ გარეგნობაზე გადამეტებულ ზრუნვას და საკუთარ ფორმას უფრთხილდება.
6. ტანსაცმელს უფრო გულმოდგინედ არჩევს.
7. მეტისმეტად გულგრილი გახდა თქვენ მიმართ, ან პირიქით, მოჩვენებითად "დაგიტკბათ", რომ არაფერი იეჭვოთ.
8. შინ სულ უფრო გვიან ბრუნდება.
9. მასში სულ უფრო მეტად ხედავთ იმ მივიწყებულ ქცევებს, რაც შეყვარებულობის დროს ახასიათებდა.
10. მოულოდნელად გჩუქნით ძვირად ღირებულ ნივთს (ასე ცდილობენ ხოლმე დანაშაულის მიჩქმალვას).
11. თითქმის ვეღარ ამჩნევს, რა გაცვიათ, შეიცვალეთ თუ არა ვარცხნილობა და ა.შ.
12. იშვიათად შემოდის ცოლთან კონტაქტში, მხოლოდ ყოფით და საქმიან დიალოგებს ამჯობინებს, "მეგობრული საუბრები" და გულის გადაშლა კი აღარ ხიბლავს.
13. შინ მოსულს უჩვეულო, ახალი სურნელი ასდის.
14. სექსი სულ უფრო მცირდება. სხვადასხვა მიზეზით უკვე თავად ამბობს ამაზე უარს. თუმცა არის ასევე შემთხვევები, განსაკუთრებით გატაცების სტადიაზე, როცა "საღალატე ობიექტთან" ურთიერთობები ჯერ სექსამდე არ არის მისული, მამაკაცი "არარეალიზებული ოცნებების" რეალიზებას ცოლთან ცდილობს და არნახულად აქტიურია სექსში.
15. უფრო ხშირად არის გაღიზიანებულ თქვენთან და ბავშვებთან ურთიერთობაში.
16. შემთხვევით წააწყდებით რესტორნის ან სასტუმროს ქვითრებს.
17. იგივე ეხება უცხო ნომრებს, რომლებიც მოხშირდება მის ტელეფონში.
18. უფრო ხშირად ამბობს უარს ოჯახურ პიკნიკებზე, ნათესავებთან ოჯახურ ვიზიტებზე.
19. გამუდმებით დადის სადღაც "ძმაკაცებთან" ერთად, თქვენ კი სულ სახლში რჩებით.
20. ტელეფონის ახალ ნომერს იღებს, რომლიდანაც თქვენ არ გეკონტაქტებათ.
21. სულ უფრო ხშირად ატარებს უქმეებს უთქვენოდ.
22. უფრო და უფრო ხშირად "იჭერთ“ ტყუილებში.
23. სააბაზანოში გაცილებით მეტი ადგილი დაიკავა მისმა პარფიუმერიამ და ჰიგიენურმა საშუალებებმა.
24. მეტ დროს ატარებს ტელეფონში თავჩარგული ან კომპიუტერში, სოციალურ ქსელებში.
25. ხშირად ამჩნევთ, რომ ელაპარაკებით და ის საერთოდ არ გისმენთ.


თუ ნამდვილად ატყობთ, რომ რაღაც ისე არ არის, დროულად იმოქმედეთ. პირველ რიგში, მიზეზებზე იფიქრეთ. რა თქმა უნდა, ზოგ კაცს მიზეზი არ სჭირდება, სულ რომ მის გვერდით იყოს ცოლი, არაფერი მოაკლოს – არც ყურადღება და არც სითბო, შეიძლება, მაინც გაიხედოს სხვისკენ, "მრავალფეროვნებისთვის" ან კიდევ იმის გამო, რომ კაცების სამყაროში საყვარლისა და ცოლის ერთდროულად ყოლა და მათი "შენახვა" გარკვეულ მაღალ სტატუსადაც მიიჩნევა ხოლმე, ან უბრალოდ არ აკმაყოფილებს ერთი ქალი. მაგრამ თუ ამ კაცების კატეგორიას არ მიეკუთვნება და მაინც გაუწია სხვისკენ გულმა, მაშ, იქნებ თქვენშიც არის პრობლემა – მეტისმეტად ხომ არ გადაერთეთ საოჯახო საქმეებზე, ბავშვის მოვლაზე... კი, ძალიან ძნელია, ამდენ დავიდარაბაში მოახერხო და სასურველ ქალად დარჩე, ეცადო და კაცსაც არ მოაკლო სითბო და ალერსი, მაგრამ ვინ თქვა, რომ ოჯახის შექმნა იოლი რამეა? კაცს ბავშვზე ნაკლებ არ სურს ყურადღება და სითბო და როგორც კი ამის სიმცირეს იგრძნობს, მაშინვე სხვისკენ გაიწევს, იქ, სადაც მეტ სითბოს დაახვედრებენ. ასეთი "კანდიდატები" კი, თავადაც იცით, მრავლად არიან.
ასე რომ, ეცადეთ, ოჯახურ სითბოსა და სიმყუდროვეს მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ, არ დაგავიწყდეთ ცოლქმრული მოვალეობები და არც ის, რომ ერთ დროს ეს კაცი ძალიან გიყვარდათ და დიდი ვნებაც გქონდათ მის მიმართ. ყველანაირად ეცადეთ, ყველაფერში დაიცვათ ოქროს შუალედი – მსხვერპლი არ სჭირდება არც ბავშვს, არც სახლს, არც ქმარს. თავსაც მიხედეთ, იყავით ფორმაში, იყავით სასურველი, მეტი სითბო გაეცით და უკანაც იმავეს მიიღებთ. ეს სითბო ორმაგად აგავსებთ ენერგიით და თქვენს ყოველდღიურ საქმეებსაც უფრო იოლად შეასრულებთ.

ხოლო თუ მაინც გამოგეპარათ რაღაც და მეტისმეტად ბევრი მინიშნება არსებობს, რომ ქმარი "სადღაც დაძვრება", მაშინ, საკუთარი გულისა და გონების კარნახს თანაბრად მოუსმინეთ და ისე მოიქეცით, როგორც თქვენი ოჯახისთვის აჯობებს. ყველაზე მარტივი, ჩხუბი, ომი და სკანდალებია, გაცილებით რთულია სიმშვიდითა და დიპლომატიით პრობლემის მოგვარება და სიყვარულის შენარჩუნება.
42510
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
კი, კი!..
0
როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს? - ეგ ადვილია: უკან უნდა გაჰყვე. თუ ბინაში შევიდნენ, გაიხადეს და შუქი ჩააქრეს, არ არის გამორიცხული, რომ სექსით არიან დაკავებული...
23:06 / 14-04-2019
Me
0
Mariamo
14:06 / 08-02-2018
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?