არასოდეს შეულახოთ მეუღლეს თავმოყვარეობა განქორწინების მიზეზები რეალურად გაცილებით მეტია, მაგრამ თუ ყველაფერს შევაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ თანაცხოვრების რღვევას სულ რამდენიმე მთავარი ფაქტორი განაპირობებს. ზოგჯერ თავად ვერ ვამჩნევთ, როდის იქცევა ერთ დროს იდილიური ყოფა ნამდვილ კოშმარად. თუ ქორწინება თქვენთვის ჯერ ისევ ძვირფასია და მისი შენარჩუნება გსურთ, ეს ნაბიჯები არ გადადგათ. ხოლო თუ თქვენი მეუღლე ხშირად დგამს ამ ნაბიჯებს, განქორწინებისთვის ნამდვილად საპატიო მიზეზები გქონიათ.
ღალატი
ძალიან მძიმედ გადასატანია, როცა საყვარელი თანამეცხედრე ბედნიერებას სხვის მკლავებში ეძებს. ნამდვილად არის შემთხვევები, როცა ოჯახურ წყვილს ერთ-ერთი ღალატში "გამოუჭერია" და ურთიერთობა გაყრით არ დასრულებულა. სამაგიეროდ, ეს ბზარი ურთიერთობას სამუდამო დაღს ასვამს. ძველი ნდობა აღარასოდეს აღდგება.
პარტნიორის დამცირება
ეს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომაა, ამიტომ ფრთხილად იყავით. არასოდეს შეულახოთ მეუღლეს თავმოყვარეობა, მით უმეტეს, სხვების თანდასწრებით. ეს უპატივცემულობის პირველი ნიშანია, რაც ყველაზე დიდ სიყვარულსაც კი ცარიელ სიტყვებად აქცევს.
ინტერნეტ-რომანი
ამქვეყნად ბევრნაირი წყვილი არსებობს და მათ შორის ისეთებიც, ვისთვისაც მეუღლის ინტერნეტ-რომანი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, დანარჩენი წყვილებისთვის ის ოჯახის დანგრევამდე მიმყვანია. შეიძლება სრულიად უწყინარმა ფლირტმა, რომელიც შემთხვევით ნაპოვნ მიმოწერაში აისახება, თქვენი ქორწინება ქარს გაატანოს.
"ცალმხრივი" და მსხვილი ფინანსური დანახარჯები
მეუღლის ზურგს უკან "ჩატარებული" მსხვილი ფინანსური გარიგება იშვიათად, რომ ვინმეს შერჩეს. თუ გაყრა არა, გრანდიოზული კონფლიქტი გარანტირებულია. კონფლიქტებს კი ურთიერთობა ნელ-ნელა მიჰყავთ რღვევამდე.
მავნე ჩვევები
ფრჩხილების კვნეტასა და სიგარეტის წევას არ ვგულისხმობთ. საუბარია აზარტული თამაშებით, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გატაცებაზე. ამაზე საუბრის დიდხანს გაგრძელებაც არ ღირს, რადგან ქართულ სინამდვილეში ისინი განქორწინების საპატიო მიზეზებს შორის საწყის პოზიციებზე დგანან.