"არ ვიყავი ოჯახის კაცი, ჩემს ძმაკაცებს წავყვებოდი, სადღაც წავიდოდი და ერთი კვირა სახლში არ მოვდიოდი, ბავშვმა ვერ მიცნო"
"რომ ამბობენ ოჯახში ყველაფერი ქალიაო, ამ გამოთქმას მხოლოდ კი არ ვეთანხმები, არამედ ხელს მოვაწერ სასიკვდილოდ!" - ამბობს ანსამბლ ერისიონის" ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი –ჯემალ ჭკუასელი და იხსენებს, როგორი მამა და ოჯახის უფროსი იყო...
- ბაღიდან ბავშვები ძალიან იშვიათად გამომყავდა, რადგან სახლში თითქმის არ ვიყავი. სკოლაშიც ვერ ვაკონტროლებდი მათ სწავლას... გულახდილად გეტყვით, არ ვიყავი მე ოჯახის კაცი! ჩემს ძმაკაცებს წავყვებოდი, სადღაც წავიდოდი და ერთი კვირა სახლში არ მოვდიოდი. ორ ფაქტს გიამბობთ: ერთხელ მოვედი სახლში, კარებში ჩემი პატარა ანგელოზი შვილი – ეკა იდგა და მოთქვამდა, მამა მინდაო. გავიფიქრე – ჯემალ ჭკუასელო, შენ ახლა კაცი ხარ ამის შემდეგ-მეთქი, ცრემლები მოვიწმინდე, ძლივს შევიმაგრე თავი და სახლში შევედი. ვიფიქრე ჩემს ეკას ჩავეხუტები-მეთქი, მაგრამ ბავშვი უკან გაიქცა და ყვიროდა მამა მინდაო... თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვმა ვერ მიცნო. ხშირად სახლში არ ვიყავი, ან როცა დილით გავდიოდი, ბავშვს ეძინა და რომ ვბრუნდებოდი, ისევ დაძინებული მხვდებოდა.
იყო ასეთი შემთხვევაც: პატარა ეკა ბრაზობდა, მამაჩემი სად არის, სულ არ მოდის სახლში, სხვისი მამები სულ სახლში არიან და შვილებს ყველგან დაატარებენო... ამ დროს კარი შევაღე, ბავშვმა შემომხედა და აყვირდა, დედიკო მამა მოვიდა, იქნება ცოტა ხანს ჩვენთან და მერე წავა თავის სახლშიო.
- არ გიცდიათ გამოგესწორებინათ ეს ყველაფერი და გრაფიკი შეგეცვალათ?
- გამოსწორებით ახლა გამოვსწორდი და კი ვარ სულ სახლში... რომ ამბობენ ოჯახში ყველაფერი ქალიაო, ამ გამოთქმას მხოლოდ კი არ ვეთანხმები, არამედ ხელს მოვაწერ სასიკვდილოდ! ქალი ყველაფერია ოჯახში - დედაც, მამაც, ბიძაც, საყვარელიც კი... ერთ თვეს რომ ქალს არ ნახავ, საყვარელია აბა რა გამოდის?! ჩემმა მეუღლემ მთელი ცხოვრება თავი გადადო, საოცარი ქალია და ძალიან მიყვარს! როცა შევირთე, მაშინ რომ მიყვარდა, ზუსტად ისე ვარ და შეიძლება უფრო მეტადაც კი! ოჯახი და ყველაფერი მან შექმნა, მე არაფერი არ გამიკეთებია!
- შემოსავალი ხომ გქონდათ, რასაც ოჯახს ახმარდით... დიდი ავტორიტეტიც...
- რა შემოსავალი მქონდა, როცა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით?! შემდეგ წავედი კომკავშირულ მშენებლობაზე, რაღაც ოროთახიანი ბინის ყიდვა მოვახერხე და ის ბინა გვაქვს დღესაც... მოხუცებულ ადამიანს არ აქვს საშუალება მშვიდად ცალკე ოთახში წამოწვეს და დაისვენოს ქალი იქნება თუ კაცი. ამის მერე როგორ ვიქნები ჩემი თავით კმაყოფილი? არასოდეს ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ!
- ბიჭებს მკაცრად ზრდიდით?
- დიახ, ნამდვილად ძალიან მკაცრად ვზრდიდი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ! ოღონდ ხელის დარტყმა ბავშვზე ვერასოდეს წარმომედგინა და დღესაც ასე ვარ. ვისი ბავშვიც არ უნდა იყოს, ხელს როგორ დავაკარებ?! ან ქალზე ხელის აწევა ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. მე მკაცრი ნამდვილად არ ვარ, მომთხოვნი ვარ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ! ზოგიერთები მიგონებენ რატომღაც მკაცრიაო. ბიჭების მიმართჩემი სიმკაცრე იმ მხრივ ვლინდებოდა, რომ სტუმარი თუ მოვიდოდა, ზრდილობიანად უნდა მოქცეულიყვნენ და ზედმეტი არ ეხმაურათ. იმდენად დიდი რიდი ჰქონდათ ჩემი, რომ ფული არასოდეს მოუთხოვიათ.
შვიდი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი მყავს. ისინი არიან ჩემი სიცოცხლეები, ვდნები და ვკვდები მათ გამო... მათთან ნამდვილად არ ვარ მკაცრი, ან როგორ შეიძლება?! ისინი "სხვისი შვილები" არიან. ხშირად რომ ვერ ვნახულობ, ამის გამო ვარ ძალიან მოწყენილი.
იდეალური მამა არ არსებობს! მთვარეზე თუ ცხოვრობს ვინმე იდეალური მამა, არ ვიცი. იდეალური დედები კი შეიძლება მონახო, მაგრამ მამას ვერ მონახავ.
ჩემი მეუღლე წარმატებული მოცეკვავე იყო, მაგრამ მეცხრე კლასში იყო, რომ ვსტაცე ხელი და წამოვიყვანე. მან შექმნა ისეთი ოჯახი, რისთვისაც მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ! ღმერთი მაღალია და დაინახავს მის დამსახურებას!
მანანა გაბრიჭიძე