უამრავ ახაგაზრდას, რომელი სიყვარულით დაქორწინდა, მამობის დაუძლეველი შიში აქვს უხსოვარი დროიდან ოჯახში მამის როლი მთავარი და შეუცვლელი იყო. ყველა მამაკაცი ბუნებრივად მოწოდებულია იმისთვის, რომ ქმარი და მამა გახდეს. ისევე როგორც ქალი, რომელიც ცოლობისა და დედობისთვის ემზადება. ადამინი, და მით უმეტეს მამაკაცი, ყოველთვის ფიქრობს, რა დარჩებათ შთამომავლებს მისგან. ქონება? ცნობილია, რომ რაც უფრო იოლი გზით იღებენ შვილები დიდ ქონებას, მით უფრო სწრაფად და უყაირათოდ ხარჯავენ ამ ფულს. ამიტომ მთავარი სიმდიდრე, რაც მამამ შვილს უნდა დაუტოვოს, მატერიალური დოვლათით არ განისაზღვრება. ეს პირველ რიგში პატიოსანი სახელი და ის სულიერი სიმდიდრეა, რამაც შვილს ცხოვრების გზა უნდა გაუნათოს.
ქორწინების შემდეგ მამაკაცი უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებს, რათა იყოს მამა და ოჯახის ბურჯი. თუმცა თანამედროვე ცხოვრების სტილმა ბევრ ოჯახში ქალის როლი უფრო წინა პლანზე წამოსწია. მამის როლი და ავტორიტეტი ოჯახურ საქმეებში დაკნინდა. თანამედროვე კომფორტულ ბინებში მამის ფიზიკურ შრომას აზრი აღარ აქვს, ბავშვებიც მამის ძალის დემონსტრირებას ვერ ხედავენ. სამაგიეროდ, დედისა და ცოლის ფუნქცია გაიზარდა. ის სახლშიც აქტიურად საქმიანობს და მის გარეთაც. შვილების თვალში ის უფრო "მოწინავე" ჩანს.
თანამედროვე ცხოვრებამ სახლიდან ოფისში გადაასახლა არა მარტო მამაკაცი, უკვე ქალიც. სამსახური ბევრი ცოლ-ქმრისთვის მეორე ოჯახად იქცა, ამის მიუხედავად, მამა ოჯახის მთავარი და ყველაზე ძლიერი საყრდენია.
მამობა ნამდვილი გამოცდაა. უამრავ ახაგაზრდას, რომელი სიყვარულით დაქორწინდა, მამობის დაუძლეველი შიში აქვს. არსებობენ წყვილები, რომლებიც მხოლოდ პირველი შვილის დაბადებამდე ცხოვრობენ ნორმალურად, შემდეგ კი მათი ურთიერთობა უარესდება. ახალბედა მამას სახლისკენ გული აღარ მიუწევს - შვილსა და ცოლს გაურბის. ეს მამობრივი ინსტინქტის განუვითარებლობაა, რომელიც მართალია, უსიამოვნო რამაა, მაგრამ პათოლოგიად არ ითვლება. მამობრივი განცდა ბავშვის გაჩენიდან მოგვიანებით ყალიბდება. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ ნამდვილ მამებად მამაკაცები ქალებზე გვიან ყალიბდებიან. ამის მიუხედავად, უშვილობის გამო ბევრი ახალგაზრდა კაცი შორდება ცოლს. ეს უფრო მესაკუთრე ბუნების კაცებს ახასიათებთ, რომლებსაც თავიანთი საქმის გამგრძელებლის, მემკვიდრის ყოლა სურთ.
ხშირად მამებს ცოლ-შვილისთვის დრო არ რჩებათ. ეს მათი მისამართით გამოთქმული მთავარი საყვედურია. არადა, შვილების გვერდით მამაკაცი თავისი ხასიათის საუკეთესო მხარეებს ავლენს. უფრო კეთილი, ერთგული და მხიარულია. ამ თვალსაზრისით, არა მარტო მამაა შვილის აღმზრდელი, შვილებიც დიდ როლს თამაშობენ მის ხელმეორედ აღზრდაში.
მამა ოჯახს მხოლოდ ბავშვის აღსაზრდელად ან დასასჯელად როდი სჭირდება. ის შვილების საიმედო დამხმარე და მხარში მდგომი უნდა იყოს. მამასთან მეგობრობა ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარია. აღზრდაში კი მამის სამაგალითო საქციელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვაჟები, როგორც წესი, ზუსტად იმეორებენ მამის ცხოვრების წესს, ქცევებსა და აზრებს. სწორედ მამისგან გადაეცემათ სულის სიმტკიცე, ძალა, მამაკაცური საიმედოობა, ქალის მიმართ დამოკიდებულება. ვაჟი, რომლის მამაც ცოლისადმი ყურადღებიანია, ცოლის მოყვანის შემდეგ ასეთივე ქმარი იქნება. თუ მამა ზარმაცია და საქმეებს თავს არიდებს,ამ ჩვევას შვილიც ითვისებს.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მამა მხოლოდ შვილებს არ სჭირდებათ. მან დედასთან ერთად უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა. ოჯახში კომფორტის შექმნა, რემონტი, ფიზიკური საქმე და მატერიალური უზრუნველყოფა მამის პასუხისმგებლობაა, თუმცა ცოლ-შვილმა ის "მეწველ ძროხად" არ უნდა აქციოს. ამით მამის ავტორიტეტი კნინდება, რაც მთელ ოჯახზე იმოქმედებს.
ასე რომ, ძვირფასო მამებო, თქვენს ცოლ-შვილს კომფორტი და უზრუნველი ცხოვრება ალბათ, ძალიან მოსწონთ, მაგრამ მათ პირველ რიგში თქვენი ყურადღება და სიახლოვე სჭირდებათ. ამიტომ ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ მატერიალური მხარე. ოჯახში ხომ მთავარი სითბო და ურთიერთობებია.