გოგა პიპინაშვილის "მზე" და შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული მღელვარება მას უყვარს საკუთარ თავთან ჭიდილი და ძიება. ჯიუტიცაა, ამიტომ "მეორე მეს" ყოველთვის ვერ ჯობნის. პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ არის თვითკრიტიკული. პრინციპულია და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. არ უყვარს ინტერვიუები - ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჟურნალისტს უკითხავს: "რა აზრისა ხართ თავისუფალ სექსზე?" ანდა, "ვინ არის თქვენთვის იდეალური მამაკაცი?" - ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დროის დაკარგვად მიაჩნია. ჩემი ინტერვიუს თემა მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა, თუმცა ჩვენი სატელეფონო საუბარი მაინც უშედეგოდ დასრულდა. ორიოდე თვის შემდეგ კი, მასთან სტუდიაში მივედი და ისევ ვთხოვე, მისთვის საინტერესო და პრობლემატურ თემებზე გვესაუბრა. საღამო ხანი იყო. სხვადასხვა პრობლემის გამო, მძიმე დღე ჰქონდა გავლილი. ამის მიუხედავად, საუბარი ნელ-ნელა აეწყო... თეატრალური სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების ცენტრ "ართ ჰოლის" ხელმძღვანელთან, მსახიობ გოგა პიპინაშვილთან ინტერვიუს შეფასება მკითხველისთვის მიმინდვია.
წუხილი თეატრის ირგვლივ
- უკვე წლებია, რაც ზოგადად, თეატრის ყველა რგოლშია პრობლემა: მართვა, რეჟისურა, მსახიობები, მაგრამ პირველ რიგში, ყველაზე მკაცრად თეატრმცოდნეები არიან გასაკრიტიკებლები და მათ შორის, ჩემი მეგობრებიც არიან; მათთვის არაერთხელ მისაყვედურია, რადგან არც ერთი კრიტიკული სტატია აღარ წამიკითხავს. როცა შენ, თეატრმცოდნე, არცთუ მაღალი დონის დადგმას ტაშს უკრავ, მაყურებელმა რა ქნას? ყველაფერი რეჟისურასთან მიდის. ჩემი ომი რეჟისორებთან იცით, როგორ დაიწყო? თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისურას - პროფესიას როცა ასწავლიან, ამავე დროს, იმასაც ასწავლიან, რომ ის უნდა იყოს თეატრალური სფეროს გამგებელი. ეს რომ ასე არ არის, ამაზე ნებისმიერ რეჟისორს შემიძლია ვეკამათო. როდესაც რობერტ სტურუა დგამდა სპექტაკლს, ვთქვათ, "კავკასიური ცარცის წრეს", რომ არ ყოფილიყო იმ დიდებულ მსახიობებსა და რეჟისორს შორის "საიდუმლო სერობა", დღესასწაული შედგებოდა? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ, ხომ არიან რამაზ ჩხიკვაძე და იზა გიგოშვილი იმ სპექტაკლის თანაავტორები? უდავოდ! რეჟისორებს ვეკითხები: რატომ აკლებთ მსახიობებს ამ ბედნიერებას? მათ ხომ ისედაც არაფერი გააჩნიათ. უკან მოიხედავენ და სპექტაკლებიდან მხოლოდ ფოტოები რჩება. მე თუ მკითხავთ, ეროსი მანჯგალაძემ აზდაკი შეუდარებლად ითამაშა, ნანახი მყავს ამ როლში - ჩემი წუხილი პირდაპირ ამას უკავშირდება. რეჟისორმა სპექტაკლი მოხსნა. რას ნიშნავს, მოხსნა? როგორ, სპექტაკლი რეჟისორს ეკუთვნის და მსახიობს - არა? პერსონაჟზე, რომელსაც ვთამაშობ, ღამეები მაქვს ნათენები. ის ადამიანი სისხლიანად მიყვარს და ჩემია. რა უფლება გაქვს, რომ მოკლა ან თაროზე დადო? როცა სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" რეპერტუარიდან მოხსნეს, ამასთან დაკავშირებით თეატრში კონფლიქტი მქონდა. მაშინ ვთქვი: "პერსონაჟი ოსეფა ცოცხალი ადამიანია, როგორც მინდა და სადაც მინდა, ისე გამოვიყენებ". ამიტომ ექსპერიმენტის სახით წავედი "იუმორინაში". გაამართლა და მერე აღადგინეს სპექტაკლი იმიტომ, რომ ის, ვინც ფილარმონიაში დადის, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლებს არ ესწრება. მერწმუნეთ, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელია. ხალხის რაოდენობა, რომელიც ფილარმონიაში მოდიოდა, მოტრიალდა თუმანიშვილის თეატრისკენ, მათ აინტერესებდათ ეს პერსონაჟი ნატურალურად ენახათ.
პატარა "მზე"
...ექვსი თვის წინ შვილიშვილი შემეძინა. ჩემს გოგონას ჯანმრთელობის გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მშობიარობამდე ორთვენახევრით ადრე დაწვა საავადმყოფოში. პატარა თურქეთში დაიბადა. მძიმე ზაფხული გადავიტანე, სანამ ქვეყანას გიორგი, საოცრება ბიჭი მოევლინებოდა. შვილიშვილის შეძენა ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებული და გამორჩეულია იმითაც, რომ დედამ შვილის გაჩენასთან დაკავშირებით მყარი გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივად, თავი გაწირა. გმირი აღმოჩნდა ჩემი ანო. ალბათ, ყველა მშობელი ასე მოიქცეოდა. ახლა სახლში მყავს პატარა "მზე". ის რომ "გამოანათებს", ჩემს ოჯახში არის სითბო, სიხარული, სიყვარული. პირველი გიორგობა გავიარეთ და მალე, პირველ ახალ წელს შევხვდებით... განაგრძეთ კითხვა