"როგორ შეიძლება, მე ზურას დავემსგავსო, ამას ვერც ვიზამ, არც გამომივა და ვერც დავემსგავსები" ბექნუ ქაფიანიძე ახმეტელს თეატრის მსახიობია... ამავდროულად პედაგოგიურ საქმინობასაც ეწევა - სკოლაში მეტყველებას ასწავლის. ჰყავს ორი შვილი - ნინო და მარიამი, რომელთა მოფერებითაც ვერასდროს კმაყოფილდება და მათ ცხოვრების მთავარ საჩუქრად მიიჩნევს. ბექნუ დიდი მსახიობის, ზურა ქაფიანიძის შვილი გახლავთ. მამის გაკვალულ გზაზე სიარული მისთვის ერთდროულად დიდი პასუხიმსგებლობა და სიამაყეა. მსახიობი მამას დიდი სიყვარულით იხსენებს.
- საერთოდ არ ვპირებდი ამ პროფესიის არჩევას, თეატრალურ ინსტიტუტში (მაშინ არა უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ერქვა) ჩაბარება მისაღებ გამოცდებადმე ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე, მამა არ ჩარეულა ამ საკითხში, პირიქით, ყოველვის მეუბნებოდა, თავად მიიღე გადაწყვეტილება, რომელი პროფესიაც ახლოსაა შენთან, იმას მიუძღვენი თავიო. ძალიან მინდოდა, სწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე გამეგრძლებინა, ახლაც მაინტერესებს, როგორ განვითარდებოდა ჩემი გზა ამ კუთხით, მაგრამ იმ მომენტში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა გადავწყვიტე და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუმცა, ინტერესი მაინც მაქვს და ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება იმ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თეატრი ცოტა რთულ მდგომარეობაშია, მაინც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო სამსახიობოზე ჩაბარება. ამჟამად ვთამაშობ ახმეტელის თეატრში, ვყოფილვარ რეჟისორის ასისიტენტიც, ამ კუთხითაც მიმუშავია, მაგრამ ძირითადად მსახიობის ამპლუაში ვმოღვაწეობ. ძალიან მიყვარს ახმეტელის თეატრი, ჩემი ოჯახია.. გარდა ამისა, იტალიურ სკოლაში თეატრალური პროფილით ვიყავი შესული ვასწავლიდი მეტყველებას და ვდგამდი საბავშვო სპექტაკლებს, ახლა სკოლა "ოპიზაში" ვასწავლი მეტყველებას ბავშვებს, ეს ჩემი პროფესიის ნაწილია, მაქვს დრო და საშუალება, სკოლაშიც ვიყო დაკავებული, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მჭიდრო კავშირშია. ეს არის ჩემი ძირითადი მოღვაწეობა ამ ეტაპზე.
- მამას სახელი მეხმარება ყოვლთვის, ყველგან და ყველაფერში, იმიტომ, რომ მამა მხოლოდ მსახიობი არ იყო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის საზოგადო მოვაწე იყო და დიდი სიყვარული ჰქონდა თავისი ქვეყნისა და ხალხის. ამ სიყვარულს დღესაც უბრუნებს ხალხი და ქვეყანა მამას, დიდი სიაყვარულით არიან ადამიანები განმსჭვალულები მის მიმართ. იმედია, ძალიან ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ მამა დიდი ფიგურა გახლდათ, თხემით ტერფამდე სამშობლოთი და თავისი ხალხით იყო სავსე. შესაბამისად, მისი სახელი ყოველთვის, ყველგან მეხმარება, მაგრამ რაც არ უნდა დიდი მოვლენა იყოს მამა, შენ თუ შენს, გარკვეულ, სიმაღლეზე არ დგახარ, მხოლოდ მამის სახელი ვერ დაგეხმარება. პირიქით, მამის სახელი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა. რაც შეეხება პროფესიას და თეატრს, აქ თუ შენ იმას ვერ აკეთებ, რასაც რეჟისორი, თეატრალური სივრცე და შენი პროფესია ითხოვს, მშობლის სახელი ვერაფერს მოგცემს. როცა თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, რექტორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. გიგა და მამა ახლო მეგობრები იყვნენ. მე რომ ჩაბარება გადავწყვიტე, მამა გიგას შეხვდა და უთხრა, არ მიიღო ინსტიტუტში იმის გამო, რომ ჩემი შვილია, იმიტომ, რომ მერე მთელი ცხოვრება გაუჭირდებაო. და ასეცაა, ვინც არ უნდა იყოს შენი მშობელი, თეატრში შენი გასაკეთებლი თუ არ გააკეთე, მხოლოდ მშობლის სახელი ვერაფერს მოგცემს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. მამა საერთოდ სხვა ფიგურა იყო, თავისი სამსახიობო სტილი ჰქონდა, როგორ შეიძლება, მე ზურას დავემსგავსო, ამას ვერც ვიზამ, არც გამომივა და ვერც დავემსგავსები, მე ჩემი ფორმა უნდა ვნახო, ჩემი ხაზი მაქვს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამის სახელი მეხმარება, მაგრამ შენ თუ შენი გასაკეთებელი არ გააკეთე, მხოლოდ მამის სახელი ვერას გარგებს.
ბექნუ ქაფიანიძის მიერ წაკითხული გრიგოლ რობაქიძის ლექსი "ირუბაქიძის ხასა"
ბექნუ ქაფიანიძის მიერ წაკითხული გრიგოლ რობაქიძის ლექსი
- მამა ძალიან მკაცრი და მომხთოვნი იყო გარკვეულ საკითხებში, ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება არავითარ შემხვევაში, იმიტომ, რომ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა მისთვის იქნებოდა მომაკვდინებელი და დამანგრეველი. მოითხოვდა, რომ ნაკლები შეცდომით მეცხოვრა და არ გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც დააზიანებდა სხვას, დამაზიანებდა მე, ოჯახს. სხვა მხრივ იყო ძალიან თბილი, უზომოდ მოსიყვარულე. ადამიანი, რაც არ უნდა ძლიერი პროფესიონალი იყოს, რაც არ უნდა ხალხისთვის საყვარელი იყოს, შვილისთვის პირველ რიგში მამაა. ჯერ აღიქვამ, როგორც მამას და მერე სხვა დანარჩენს. წლები რომ გადის მერე აფასებ, როგორი მოღვაწე იყო ის და რა მსოფლმხედველობა, თუ რა ღირებულებები ჰქონდა, რაც სიხარულს გმატებს, მაგრამ პირველ რიგში მაინც ჯერ მშობელია შვილისთვის და მერე სხვა დანარჩენი, ასე რომ, თამამად ვიტყვი, ჯერ იყო ძალიან კარგი, მოსიყვარულე, თბილი მამა, ამავდროულად მკაცრი შესაბამის საკითხებთან მიმართებაში.
- განსაკუთრებული დასჯა, გაბრაზება, პირდაპირი სიფიცხით და აგრესიით საერთოდ შვილთან, ბავშვთან არ შეიძლება. ბავშვს, ყველა ასაკში მის ენაზე უნდა ვესაუბროთ. მამას მხრიდან განსაკუთრებული გაბრაზება თუ დასჯა შესაძლოა ყოფილიყო ძალიან წყნარად, მაგრამ გულზე მოსახვედრი სიტყვები, თან იმდენად შეგეხებოდა მისი მშვიდად ნათქვამი, რომ შეგძრავდა ადამიანს. მის რბილად ნათქვამშიც კი ზუსტად ვხვდებოდი, როდის არ სიამოვნებდა რამე, რა იყო მისთვის დაუშვებელი, მიუღებელი ან მისაღები. ყველანაირ ყვირილზე, აგრესიაზე უფრო მეტად მტკივნეული იყო მწყენა, რომელსაც მშიდად გამოხატავდა.
- მე მყავს ორი გოგონა - ნინო და მარიამი. უფროსი არის - 7 წლის, პატარა - 5-ის. შვილი არის მოვლენა, რისთვისაც ცხოვრება ღირს. შვილებით იწყება და მთავრდება დღე.. როგორც ყველა მშობლისთვის, ჩემთვისაც სასწაული მოვლენა, უფლის საჩუქარია შვილები.
- ჯერ პატარები არიან, თან გოგონები, ალბათ შედარებით ნაკლებად ცელქებიც...
- მაგაში ვერ დაგეთანხმებით, ცელქები არიან. ორი დაახლოებით ერთი ასაკის ბავშვი ერთად რას ნიშნავს, ალბათ ყველა მშობელმა იცის?!. თუმცა, მათ თუ თავის ენაზე დაველაპარაკებით, დალაგებული იქნება ყველაფერი. მშობლის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ბავშვებთან მიდგომა რთული და შრომატევადია, მაგრამ თუ ცოტა უფრო ღრმად ჩავხედავთ მათ შინაგან სამყაროს, შეიძლება ადვილიც აღმოჩნდეს პატარებთან ურთიერთობა. ბავშვს თუ დაველაპარაკებით თავის ენაზე, გავაკეთებინებთ იმას, რაც მშობლისთვის მართებულია და რაც მშობელს მიაჩნია სწორად. რაც მეტი ყვირილი, აგრესია იქნება ბავშვის ირგვლივ, ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდება და შემდეგ პრობლემებს მოუტანს. რბილი, თბილი და თუნდაც თავის ენაზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ზედმეტად გაათამამო, არ აუხსნა, რა არის კარგი, რა - ცუდი. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ეს სირბილე გათამამებაში გადადის, მშობელმა არ უნდა დაუშვას, რომ ბავშვი გახდეს თავნება, სხვებთან მიმართებაში ზედმეტად თავისუფალი, თავისუფალი უნდა იყოს რასაკვირველია, ოღონდ უნდა იცოდეს, რა არის კარგი, ცუდი, ამას კი მკაცრი მითითებებით, ყვირილით აგრესიით ვერ აუხსნი. მისთვის გასაგებ ენაზე საუბრით დაარწმუნებ საკითხის ჭეშმარიტებაში და მიახვედრებ, რას ითხოვ მისგან. არც ზედმეტი სირბილე ვარგა და არც ზემდეტი სიმკაცრე - ბავშვთან თავის ენაზე საუბარი, ყველაზე ჯანსაღ დამოკიდებულებად მიმაჩნია.
- მივიყვანე საბავშვო სპექტაკლზე, უფროსი გადაირია, ისე მოეწონა, პატარას ძალიან შეეშინდა, ატეხა კივილ-წივილი, კინაღამ სპექტაკლი ჩაშალა. ამის გამო დანახვა აღარ უნდა თეატრის. იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპებივით იზრდებიან, ყველგან და ყოველთვის ერთად არიან, უფროსიც ვერ დამყავს სპექტაკლებზე, სანამ პატარა არ გაიზრდება და არ მიხვდება, რომ საშიში არაფერია. ჯერჯერობით ურჩევნიათ უყურონ საბავშვო მულტფილებს, ან მოისმინონ ზღაპრებს, ვიდრე პერსონაჟებთან ერთად, ერთ სივრცეში მოხვდნენ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი შიშს ჰგვრით. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თეატრს აუცილებლად შეიყვარებენ, კარგი მაყურებლები რომ მაინც იქნებიან, ამაში დარწმუნებული ვარ.
ციცი ომანიძე