მამამ ბავშვებს კომპოტი გაუკეთა, მელოდია და ტექსტი დაწერა და ეს მხიარული ვიდეოც შეიქმნა ეს ერთი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ქართველი მამაა - ლევან ცეკვაშვილი. ჩვენი მკითხველი მას უკვე იცნობს - შარშან მან და მისმა მეუღლემ ჟურნალისტმა ანა მარშანიამ ორიგინალური საახალწლო ფოტოსესიით გაგვახალისეს (სერიიდან: ქართული ოჯახების ყველაზე მხიარული საახალწლო ფოტოები).
ამჯერად კიდევ უფრო პოზიტიური სიურპრიზი უნდა შემოგთავაზოთ მისგან. როგორც მისი მეუღლე ანა ამბობს, მამას და ორივე შვილს სიცხე ჰქონდა და ექიმებმა ურჩიეს, უხვად მიეღოთ სითხეები. სანამ დედა სამსახურიდან დაბრუნდებოდა, მამამ მოასწრო, ბავშვებისთვის კომპოტი გაეკეთებინა, მელოდია და ტექსტი დაწერა და ცოლს დაახვედრა ასეთი მხიარული ტრიო, ავადმყოფობის დროს დაწერილი, ნასწავლი და შესრულებული სიმღერით. ასე წაახალისა შვილები, რომ მიეღოთ სითხეები...
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ პოზიტიურ ოჯახს.