"43 წლის ასაკში მეყოლა შვილი… ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა" – გოგი ჭიჭინაძის მამა-შვილური განცდები
"43 წლის ასაკში მეყოლა შვილი… ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა" – გოგი ჭიჭინაძის მამა-შვილური განცდები
მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი დირიჟორი – გოგი ჭიჭინანაძე სოლიდურ ასაკში მამა გახდა მამა. ამბობს, რომ ძალიან დაკავებული ცხოვრების ფონზე თავისუფლება არ ეთმომოდა. სამაგიეროდ, დღეს უკვე ბედნიერი მამაა და თავად გვიამბობს თუ როგორ გრძნობს თავს მშობლის ამპლუაში...

- შვილი საოცარი ემოციაა და რაც დრო გადის, მით უფრო ძლიერდება. დღეს გაცილებით მეტი ემოცია მაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც სანდრო დაიბადა... მისი დაბადება შოკი იყო და მგონია, რომ ყველასთვის ასეა. მახსოვს, ყავა მომაჩეჩა ჩემმა მეგობარმა და იმ დროს აყვირდნენ, გოგი ბიჭი შეგეძინაო. მე კი
ვამბობდი, ეს უშაქრო ყავა რატომ არის ასე უშაქრო-მეთქი... დაბნეული, აბსოლუტურ ბურანში ვიყავი. რატომღაც ამ როლში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. ყოველთვის მინდოდა შვილი, ბავშვობიდან მამობაზე ვოცნებობდი, მაგრამ თან მილიონი რამით ვიყავი დაკავებული და მენანებოდა თავისუფლების დათმობა. სანდრო რომ დაიბადა, 43 წლის გახლდით.

- როგორია თქვენი მამა-შვილობა დღეს?

- გიჟური სიყვარულია. დღეს ორმხრივია ურთიერთობაა და ეტყობა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს გრძნობებს. ახლა როგორც პიროვნება, ისე მიყვარს. სანდროYყველას უყვარს, ყველაში ძლიერ ემოციებს ბადებს, ვინც მას ხვდება. ძალიან თბილი ბავშვია და კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ღირსეული ადამიანის ერთერთი მთავარი გამოხატული თვისება სხვის მიმართ სითბო და სიკეთეა.
გოგი ჭიჭინაძე შვილთან ერთად

- რამდენად იყავით ჩართული ბავშვის გაზრდაში?

- ამ მხრივ ვერ
დავიკვეხნი, ცოტა უნამუსო მამა ვარ. ყველაფერი ქალებმა აიღეს თავის თავზე. მე სულ პარტიტურებით და მუსიკით ვიყავი დაკავებული და რეჟიმიდან ამოვარდნა ჩემთვის კატასტროფული იყო. ალბათ როგორც მუსიკოსი, ეგოისტი ვარ. შვილის შეძენის შემდეგ არათუ მოვაკელი ყურადღება მუსიკას, არამედ კიდევ უფრო შემიყვარდა... ადვილი არ არის, როდესაც გინდა იყო ის მამა, რომელიც ღამეებს გაათენებს და შენს შემოქმედებაშიც მაქსიმუმის გაკეთება გსურს... სანდროს ხშირად მე ვაბანავებ, რადგან გიჟდება სიხარულით მე რომ ვაბანავებ. საერთოდ წყალი უყვარს ძალიან და თან აბაზანაში ვათამაშებ და ერთ ამბავში ვართ. მთლად ვიწუნწებით და ვილუმპებით...

- მუსიკას აზიარეთ?

- მუსიკა ძალიან უყვარს, თუმცა არ ვიცი, რა და როგორ იქნება. მუსიკალურ განათლებას აუცილებლად მივაღებინებ, როგორც მივაღებინებდი აბსოლუტურად ყველა ნორმალურ ადამიანს. იმიტომ არა, რომ ჩემი შვილი აუცილებლად მუსიკოსი გახდეს. თუ იქნება სასწაული ნიჭის და გამორჩეული, მაშინ თვითონაც იაქტიურებს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, მაღალი კულტურის მატარებელი გაიზარდოს. ამისთვის ხელოვნება და უპირველეს ყოვლისა მუსიკა, უმნიშვნელოვანესია.

- გვახსოვს, როგორ ნატრობდა დოდო ჭიჭინაძე თქვენს შვილს და სამწუხაროდ, ვერ მოესწრო...

- სენტიმენტებისკენ თუ წავალთ, რასაკვირველია ძალიან გულსატკენია, ვერც დოდო და ვერც მამაჩემი ჩემს შვილს რომ ვერ მოესწრენ. ალბათ როცა იყო საჭირო, ყველაფერი მაშინ მოხდა... რა თქმა უნდა, დოდო ბავშვს ძალიან ბევრს მისცემდა, მამაჩემი, ჩემი ორი ძმაც ცოცხალი რომ ყოფილიყო, სასწაულებს აზიარებდნენ ასევე ჩემი ბაბუაც –ალეკო მიქელაძეც, მაგრამ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს.
mshoblebi

- ყველას სიმპათიას იმსახურებს თქვენი მეუღლე და როგორც ამბობენ, ზუსტად ის არის, ვინც უნდა იყოს თქვენს გვერდით...

- მართალი რომ გითხრათ, მეც ასე ვთვლი. არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ვინმეა, ადამიანი რომლის გვერდით წარმოუდგენელია თავი კომფორტულად არ იგრძნო. ჩემი ნათესავები და მეგობრები იმდენად ახლოს არიან, მგონი მე ყველას დავავიწყდი. სულ მანონის ეხვევიან. ძალიან მაღალი ბუნების ადამიანია და თან გადასარევადაც გამოიყურება. ეტყობა, ეს მხარეც მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- ოჯახური იდილია აუცილებელია ადამიანის პროფესიული წარმატებისთვის?

- ალბათ ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ჩვენ ვიცით ხალხი, რომლებიც გამორჩეული იყვნენ თავიანთ პროფესიაში, მაგრამ მათი ოჯახური მდგომარეობა შესაშური არ იყო. მეტიც, ტრაგიზმით სავსე იყო... ძალიან კარგია, როდესაც ხელოვანის გვერდით არის ოჯახი, რომელიც შესაბამისი შეგნების დონეზეა. მე ძალიან გამიმართლა, რადგან მეუღლე არათუ მეხმარება, ყველაფერში ლომის წილი მიუძღვის.

- სად გსურთ გაიზარდოს თქვენი შვილი, საქართველოში თუ ევროპაში?

- ჩემთვის მთავარია ჩემი შვილი კულტურულ გარემოში გაიზარდოს. კულტურული გარემო არ ნიშნავს მხოლოდ აკადემიას, კონსერვატორიას და უნივერსიტეტს! ყველაზე მეტად ეს ქუჩაში უნდა იგრძნობოდეს! იქ რა დონის შეგნება და კულტურაც არის, იმით განისაზღვრება დონე ამა თუ იმ ქვეყნის... ნამდვილად საგონებელში ვარ ჩავარდნილი, იმ მხრივ, რომ ჩვენი ქალაქი არათუ სახიფათო, უკვე მომაკვდინებელია. ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ჰაერი კატასტროფულად დაბინძურებულია. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი და სულ გულისრევის შეგრძნება მაქვს. სააკაძის მოედანთან ვცხოვრობ, სადაც ალბათ ყველაზე მძიმე ვითარებაა... უკვე ძალიან ბევრი წლებია ჩვენი მომხიბვლელი თბილისი მონსტრად გადაიქცა. გული მისკდება პირდაპირ! მე და ჩემი მეუღლე რუსთაველზე მოვდიოდით, მანონი ძალიან კარგად ერკვევა არქიტექტურაში, თან თბილისი ფანატიკურად უყვარს და რუსთაველზე წამოჭიმულ შუშის უმახინჯეს შენობას რომ ახედა, ცრემლები წამოსცვივდა, ამბობდა, რა დონეზე უნდა გძულდეს შენი ქალაქი, ასე რომ მოექცეო... ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, იმდენად გულში ჩამრჩა... ძალიან, მინდა ჩემი შვილი ჩემი ნათესავების, მეგობრების, მათი შვილების გარემოცვაში იზრდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის საკმარისი?! ქუჩაში რომ გავა, იქედანაც ხომ უნდა ისწავლოს რამე? მაგალითია ქუჩა ბავშვისთვის და მე დღეს ქუჩაში კარგს ვეღარაფერს ვხედავ!!

მანანა გაბრიჭიძე

12182
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნათია
0
გაგეზირდოთ, სასახელო და ჯამრთელი.ვიზიარებ თქვენ სიხარულს. რაც შეეხება მის აღზრდას მართლაც ძნელია დღევანდელ თბილისში ყოვლად ჩამოყალიბებული ახალგაზრდა კაცი აღიზარდოს. თბილისი ბაზარს დაემსგავსაო -ამბობთ, არა-თბილისი ადრინდელ ციგნების ბანაკს დაემსგავსა, სადაც იცმის ყველანაირი გინება, დადიან როგორც უნდათ, კაბაწამოხდილი თუ გულმორღვეული, იგინებიან რა ენაზედაც სურთ:ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი. გაქრნენ ჯდემამოსული ქალები და თავაზიანი, წესიერ გარემოში აღზრდილი მამაკაცები, თბილისში აღარ არის თავაზიანობა, მოწიწება, სიყვარული, აქა იქ ხანშიშესულებს თუ შეამჩნევ ამას, დაიკარგა ყველაფერი ღირებული. სწავლა -განათლებაც კი წყალს მიყვება, მასხარად არის აგდებული პატიოსანი ადამიანი. სჯობია თუ ამის შესაძლებლობა აქვს ადამიანს გააცილოს აქაურობას აღსაზრდელი.
15:10 / 04-05-2018
თამარი
1
აბსოლიტურად გეთანხმებით! აგრესიულმა პროვინციალიზმმა მახინჯი გარემო შექმნა! სამწუხაროა!!!
14:35 / 04-05-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```