"ოჯახი მაინც ქალისაა... მამაკაცი უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი"
"ოჯახი მაინც ქალისაა... მამაკაცი უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი"
სახლში, სადაც ლაშა ღლონტმა მიგივღო, ამჟამად მხოლოდ მომღერალი და მისი მეუღლე თეა ახალაძე ცხოვრობენ, მათი ქალიშვილი ანი, გაბედნიერდა და ცალკე ოჯახი აქვს. ბინაში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ დიასახლისისთვის მნიშვნელოვანი სისადავე და კომფროტია.

- მე თუ რამეს ვაკეთებ, ვცდილობ ყველაფერი ხარისხიანი იყოს, რემონტიც ამ მიდგომით გავაკეთეთ. დაახლოებით 5 წელიწადი მიმდინარეობდა ეს პროცესი, გამოვცვალეთ ყველაფერი დაწყებული გაყვანილობიდან - იატაკის აყრით და კედლების ხელახლა გალესვით გაგრძელებული, შეიძლება ითქვას, რომ ახლიდან ავაშენე ყველაფერი. მე რომ
ეს თანხა დავაჯამო, ალბათ ახალი სახლის ყიდვასაც შევძლებდი. ფინანსთა მინისტრი მე ვიყავი და ვარ, გემოვნება კი - ჩემი მეუღლისაა. საოჯახო ამბებში რაც არ უნდა ეკამათო ცოლს, მართალი მაინც ის გამოდის, ამიტომ აზრი არ აქვს (იღიმის). ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი რემონტზე კამათობდნენ, კოტეს უთქვამს, სამზარეულო ყვითლად უნდა შევღებოო. სოფიკომ უპასუხა, ყვითლად რატომ უნდა შეღებო, გემოვნება არ გაქვსო? მე არ მაქვს გემოვნება, თუ შენ? ჩემი ცოლი სოფიკო ჭიაურელია, შენი ქმარი კიდევ კოტე მახარაძეო, - უპასუხია კოტეს (იცინის).
საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ოჯახში ქალი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ოჯახი მაინც ქალისაა. მამაკაცი უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი და შემომტანი, ქალბატონმა -
ოჯახს უნდა მიხედოს, ოღონდ ამას აზიატურად არ ვამბობ. ოჯახის უფროსობა ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არაა, მე ძალინ დემოკრატიული ოჯახის მომხრე ვარ. მეუღლე იმიტომ ჰქვია, რომ ჩვენ ერთად ვეწევით ამ ჭაპანს, სინქრონულად ვმოქმედებთ, ყველას ძალიან კარგად გვესმის ჩვენი ფუნქცია და საერთო საქმეს ვემსახურებით. ურთიერთობების გარეშე არაფერია ცხოვრება, წლები რომ გავა და გადმოხედავ ცხოვრებას, მხოლოდ ეს გაგახსენდება.
mshoblebi
ქალიშვილის ოჯახი

ჩვენ 90-იანი წლები გამოვიარეთ, ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ, მაგრამ ალბათ სიყვარულმა გაგვაძლებინა და გადაგვატანინა ის რთული პერიოდი. ანი პატარობაში არ იყო განებივრებული, არ მქონდა ამის საშუალება, მერე უკვე დავალაგე რაღაცები, ავაწყვე საქმე, ძალიან ბევრს ვშრომობდი. ჩემს შვილს რამდენიმე ოცნება ჰქონდა, ერთი - ამერიკაში მოგზაურობა და იმ ადგილების მონახულება, სადაც მისი საყვარელი ფილმებია გადაღებული და მეორე - "ბარსა"-"რეალის" თამაშზე დასწრება, ორივე ავუსრულე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემს შვილს ისეთი ბედნიერი თვალები ამ ოცნებების ასრულებისასაც კი არ ჰქონია, როგორიც მის მეუღლესთან თუნდაც ყოველდღიური ურთერთობის დროს აქვს. ესაა პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ შევეგუე ჩემი ერთადერთი შვილის გათხოვებას, რომელსაც ხშირად მისვამენ (იღიმის). რაც შეეხება ბაბუობას, შვილიშვილი სანამ არ გეყოლება, ვერაფრით ვერ მიხვდები, რასთან გაქვს საქმე. შვილიშვილი სულ სხვაა. როდესაც ადამიანს წლები გემატება, ბევრ რამეზე ფიქრობ, ხვდები, რომ ასაკში შედიხარ, მალე დაიწყება სიბერე, გადაავლებ თვალს განვლილ ცხოვრებას, ფიქრობ, რა გაგიკეთებია, რა - არა, ხანდახან დეპრესიული შემოტევებიც გაქვს. მაგრამ, როცა შვილიშვილი იბადება, ეს შემოტევები, დეპრესია აღარ არსებობს და ცხოვრებას იწყებ თავიდან, შეგნებული ცხოვრებით შედიხარ ნულ კლასში და თავიდან გადიხარ ამ გზას. დილით რომ მოგიყვანენ და შენთან არის, უყურებ შენს გამგრძელებელს და იაზრებ, რომ აღასრულე ფუნქცია - დატოვო ღირსეული შთამომავალი. ხვდები, რამხელა ბედნიერებასთან გაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგცა საშუალება, მოგესწრო ცხოვრება. ამით მე მივხვდი, რომ ვიცხოვრე და არაფრის აღარ მეშინია. მაგალითად, ადრე მეშინოდა ფრენის, ვფიქრობდი, არ ჩამოვარდეს თვითმფრინავი, მაგრამ ახლა აღარაფრის მეშინია, რადგან მყავს შვილიშვილი, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას.
mshoblebi
ინტერვიუ ვრცლად და ლაშა ღლონტის საოცნებო ბინის ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, ზაფხულის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება.

ციცი ომანიძე

841
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```