ვინ არის კაცი, რომელმაც შვილის გამოგონილი ზღაპრის მიხედვით მულტფილმი შექმნა
ალბათ ნებისმიერ მშობელს მოუსმენია მისი პატარა შვილის გამოგონილი ზღაპარი, რომელიც ბავშვის უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ძალიან ცოტას თუ გასჩენია იდეა, "ხელშესახები" გაეხადა ეს გამოგონილი ზღაპარი.
დღეს ინტერნეტში უამრავი ადამიანი აზიარებს ანიმაციურ ფილმს, რომელიც პატარა კატოს იდეით შეიქმნა.
კატოს მამიკო ცოტნე რუსიშვილი გახლავთ, რომელმაც კატოს მოყოლილი ზღაპრის აუდიოვერსია ჩუმად ჩაიწერა, ანიმაცია შექმნა და გახმოვანება ავტორს, ანუ პატარა კატოს "მიანდო". უკვე მზა პროდუქტი კი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა, თან შემქნის ისტორიაც დაურთო:

"მოკლედ, კატოს ძილის წინ ვუყვები ხოლმე ზღაპრებს (სახელდახელოდ შეთხზულს). ხოდა... ერთხელაც ვუთხარი, სულ მე რომ გიყვები, ეხლა შენ მომიყევი-თქო...
ბევრი არ უფიქრია და უცბაშად შეთხზა ეს ზღაპარი თავის მეგობარ ნიტაზე. მამიკომ ეს მონაყოლი (მალულად) ჩაიწერა, მერე იდეამ დაჰკრა და ასე შეიქმნა ეს მინი მულწიკი. ლელა მამაგეიშვილი, თემო ჩიხრაძე, ნანა ყურაშვილი პრინციპში თქვენც გარეული ხართ ამ ამბავში (ნიტა არ გგავს და რაღაცეებს არ ვართ, მთავარია გაგება.)"

ჩვენ დავინტერესდით, ვინ არის კატოს მამიკო ცოტნე, რას საქმიანობს, თავად რამდენი წლისაა კატო და ა.შ. ამიტომ მასთან პატარა ინტერვიუ ჩავწერეთ.

- 35 წლის ვარ, პროფესიით იურისტი გახლავართ, საჯარო რეესტრში ვმუშაობ. ანიმაციით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, ვისწავლე შესაბამის პროგრამაში
ანიმაციის შექმნა და ამ კუთხითაც მაქვს შეკვეთები, ვთანამშრომლობ სტუდია „ველოსიპედთან“, გაკეთებული მაქვს ჟირაფი ჟოზეს ვიდეოები. რაც შეხება „კატოს ზღაპარს ნიტაზე“, როცა ჩემი თხოვნით კატო მიყვებოდა მისსავე შექმნილ ზღაპარს, მაშინ გამიჩნდა იდეა, შემექმნა ანიმაცია. აქამდე ამისთვის ვერ მოვიცალე, ახლა „ფანჯარა“ მაქვს და განვახორციელე ჩანაფიქრი.

- თავად კატომ თუ ნახა ეს ანიმაციური ფილმი და როგორი რეაქცია ჰქონდა, აღიქვა რომ მისი ხმა იყო?
- კი, ნახა და შენიშვნები ჰქონდა, ორკს უფრო ბოხი ხმა უნდა ჰქონდესო, თუმცა გველეშაპი რომ აგდებს წყალში ორკს, ეს მოეწონა, ზუსტად ასე უნდა ჩაეგდოო. მისი ხმა რომ იყო, ვერ აღიქვა, ისე მოეწონა.

- რამდენი წლისაა ახლა კატო და როგორი გოგოა?
- როცა ეს აუდიო ჩავწერე, მაშინ 3-ის იყო, მალევე გახდა 4-ის. უყვარს მულტფილმები, თამაშები, ფანტაზია აქვს კარგად განვითარებული. თამაშის დროს თავად იგონებს, ქმნის განსაცდელებს და თვითონვე პოულობს აქედან გამოსვლის გზებს, თან ამით დიდ სიამოვნებას იღებს.
mshoblebi
- მხოლოდ ეს ერთი შვილ იგყავთ?
- არა, ასევე მყავს 5 თვის ანდრია.

- კატო ხშრად იგონებს ზღაპრებს?
- დაძინებისას ითხოვს ზღაპრების მოყოლას, ოღონდ ისეთი ზღაპრები უნდა, რომელიც ჯერ არ დაწერილა, ანუ გამოგონილი ამბები მოსწონს. მეც სახელდახელოდ მისთვის ვთხზავ ხოლმეს. ერთხელ პირიქით მე ვთხოვე, ახლა შენ მომიყევი-მეთქი და შედეგ რაც მოხდა, უკვე იცით.

- არ გიფიქრიათ, რომ ეს მიმართულება - ბავშვების შეთხზული ზღაპრის ანიმაციად ქცევა - კომერციულ საქმიანობად გექციათ? ალბათ, ბევრს მოუნდება მისი შვილის იდეით შექმნილი ანიმაციური ფილმის ნახვა, სამხსოვროდაც დარჩებათ...
- ანიმაციის შემქნას დიდი დრო სჭირდება, როგორც გითხარით, მე თან ვმუშაობ დ ასე ადვილი არაა, თუმცა შეკვეთის შემთხვევაში, რატომაც არა, გავაკეთებ ამასაც.

- დასასრულ, გვითხარით, ელოდით ასეთ გამოხმაურებას ამ ანიმაციაზე?
- სიმართლე გითხრათ, არა. არადა, 100%-ით დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მადლობელი ვარ ამისთვის.

ციცი ომანიძე




1211
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
გაგა
0
ეს კაცი არის იშვიათთაგანი ვინც საქართველოში , ქართულ ანიმაციებზე მუშაობს, ფაქტიურად ცარიელია ეს სფერო და იქნებ დაფინანსებაც გამოჩნდეს ,რომ უფრო მეტი აკეთოს...
14:41 / 18-07-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```