"გპირდები, რომ შენთან ერთად 100 წლის ასაკშიც არ შემრცხვება ქუჩაში ხტუნაობა და ცეკვით სიარული..." "წერილი ნენეს #42
გამარჯობა, ნენე. წელსაც არ დავარღვევ ტრადიციას და ჩემს დაბადების დღეზე მოგწერ წერილს. გილოცავ მამიკოს იუბილეს. ნენე, მშობლების ფასს ყველაზე კარგად მაშინ ვხვდებით, როცა ჩვენთან აღარ არიან. ახლა შენთვის დედიკო და მე ვართ მთელი სამყარო. ნელ-ნელა ისე გაგეზრდება სამყარო, ვერც გააცნოებირებ. უამრავი ახალი სამყარო გაჩნდება შენს ცხოვრებაში, ბევრსამყაროიანი ბაზანზალა ნენე იქნები. ეგრეა, მამი, ცხოვრება მოწყობილი და არაფერია ამაში არც ცუდი და მით უფრო, გასაკვირი. ჩვენ, მშობლები ეჭვიანები ვართ. სხვა სამყაროზე ვიწყებთ ხოლმე ეჭვიანობას, არადა რა სასაცილოა ეს ეჭვი. მშობლის ადგილი გულში ყოველთვის არის. შეიძლება გარემოებიდან გამომდინარე ეს ადგილი სადმე კუნჭულში იყოს, მაგრამ ყოველთვის არის და საბოლოოდ, მაინც აღმოჩნდება, რომ ძალიან დიდიც.
ჰოდა, ამიტომ ვკადნიერდები და ჩემს დაბადების დღეს გილოცავ. მინდა შენთან ერთად დიდხანს ვიყო და სულ ასეთი სულელები ვიყოთ. ტელევიზორის წინ ვიდგეთ და კონცერტები ვატაროთ, მაყურებელი შენი თოჯინები იყვნენ. რა, ტაში არ იციან თუ მოსმენა ეშლებათ?! მინდა ერთად დავხატოთ და მერე გამოფენა მოვაწყოთ. მართალია, ხშირად მხოლოდ ჩვენ ვართ დამთვალიერებლები, მაგრამ გამოფენა ხომ ულამაზესი გამოგვდის ხოლმე. მინდა, დიდხანს ვიჭორაოთ მე, შენ და ცუნდრუკამ, პლუტომ, ბუთქუნიამ და შენმა სხვა სათამაშოებმა. ადრე მხოლოდ შენ გესმოდა მათი და ამ ბოლო დროს უკვე მეც მელაპარაკებიან, ალბათ მიხვდნენ, რომ ძალიან მიყვარს ყველა, ვინც შენ გიყვარს და მაგიტომ.
ადრე გითხარი, ჩემი ასაკის მატება ნუ შეგაშინებს-მეთქი და ახლაც იგივეს გეტყვი. შენთვის სულ ისეთი მამიკო ვიქნები, შენ რომ გიყვარს. გპირდები, რომ შენთან ერთად 100 წლის ასაკშიც არ შემრცხვება ქუჩაში ხტუნაობა და ცეკვით სიარული. ნენე, მთავარია ერთმანეთის სიყვარული არ დაბერდეს, თორემ ასაკი არაფერია. ისე, ნენე, პირამიდა არა ვარ, რომ ასაკმა ვერაფერი მიქნას და რომ არ მოგატყუო, არც მინდა პირამიდობა.
დღეს, საოცარი საჩუქრები გამიკეთეთ შენ და დედიკომ. თან, გოგო, რამდენი რამე მაჩუქეთ. დედიკომ ბაქოს ტური მაჩუქა და შენ კიდევ შენით დახატული საოცარი მისალოცები. ნენე, შენი ნახატები შენსავით თბილებია. შენი უსწორმასწორო ასოები, ყველაზე ლამაზად მეჩვენება და მიყვარს. ძალიან გამახარე.
ნენე, თურმე დედიკო რა სიურპრიზასაც მიკეთებდა, იცოდი და დიდი ხანი საიდუმლოდ ინახავდი. რა მაგარი გოგო ხარ, მამიკო, ერთი სიტყვაც არ დაგცდენია, ერთგულად შეუნახე დედიკოს საიდუმლო და უბედნიერესი იყავი, საჩუქრით რომ გავიხარე.
ჩემი ბადღაჯუნა ნენე ხარ. გუშინ, მითხარი ნეტავ როცა დაიკო ან ძამიკო მეყოლება, დაიკო იყოსო, რატომ-მეთქი და მეორე ნენე გეყოლებათო და აჭახჭახდი, როგორც იცი. ძალიან მოგეწონა შენი ნათქვამი და მთელი დღე იცინოდი. მამი, დაიკოც გეყოლება და ძამიკოც, მაგრამ მეორე ნენე ვერავინ იქნება. შენ ხარ ერთი ნენე და მორჩა. ისინიც შენსავით ბევრ რამეს მასწავლიან, თუმცა პირველი მასწავლებლის განცდა მუდამ შენთან და შენში დამრჩება.
ჩემო ნენე, კიდევ ერთხელ გილოცავ მამიკოს იუბილეს. ძალიან ბევრი ხარ მამიკოსათვის. დიდი სიტკბო ხარ და იმედი. ბავშვობაში ბევრი ოცნება მქონდა, რომელიც ვერ ავისრულე, უმთავრესად ჩემი სიზარმაცის გამო, ჰოდა ახლა მინდა შენი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარო და ჩავთვლი, რომ ჩემი ოცნებებიც ახდა.
გკოცნი
ძალიან მიყვარხარ
შენი მამიკო/მეგობარი ლადო
19.07.2018"