ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია მრავალშვილიანობაზე ფიქრი მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის მეუღლე სალომე ბუკია მუსიკოსია. წყვილი წლების წინ ერთმანეთს სწორედ მუსიკამ შეახვედრა, თუმცა გაცნობისთანავე არ დაქორწინებულან. ორი თვის წინ ბიჭი შეეძინათ. ბავშვს თეიმურაზი დაარქვეს. ცოლ-ქმარი ბავშვის მოვლაში ერთნაირად მონაწილეობს. ირაკლის პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, დიმიტრი.
ყველა ერთად მივდივართ ჩემს დასთან კოჯორში. უამრავი ბავშვი იკრიბება, ჩემი დის და ჩემი შვილები, და არის ხოლმე დიდი ჟრიამული
- ირაკლი, მეუღლის მშობიარობას დაესწარით?
- არა. მშობიარობაზე დასწრების სურვილი არ გამჩენია. მგონია, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
- როგორი ხასიათი აქვს თეიმურაზს?
- ცოტა უცნაური ბავშვია. რომ ვეუბნები, გამიცინე-მეთქი, იცინის. არ გამიგია, რომ ბავშვები ასე თხოვნით იცინოდნენ. სხვა რამესაც თუ ასე დამიჯერებს, ძალიან მაგარი იქნება.
- ბავშვს თეიმურაზი რატომ დაარქვით?
- პაპაჩემის სახელი ჰქვია.
- სხვა სახელი ოჯახში არ განიხილებოდა?
- როცა სქესი არ ვიცოდით, მაშინ სხვა სახელიც განიხილებოდა.
- ვის ამსგავსებენ თეიმურაზს?
- ყველა ამბობს, რომ მე მგავს. ძალიან ჰგავს ჩემს დისშვილ გოგონას. მის სურათებს რომ ვათვალიერებთ, ვერავინ არჩევს და ასევე ჰგავს თავის ძმას, დიმიტრის. ძმები ერთმანეთს უკვე გავაცანით.
- როგორი იყო ძმების შეხვედრა?
- დიმიტრი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მგონი, ასეთი პატარა ბავშვი მანამდე არც ჰყავდა ნანახი. თეიმურაზი ჯერ ორი თვის არაა და ვერც ის გაერკვა, რა ხდებოდა. ფოტოზეც გაკვირვებული სახე აქვს. ერთმანეთს ხშირად ვახვედრებ. დიმიტრი თეიმურაზს გოგოს ეძახის. ზოგადად, გოგონები ძალიან მოსწონს, რადგან თეიმურაზიც ძალიან მოსწონს, ამიტომ ეძახის გოგოს.
- მეუღლეს თეიმურაზის მოვლაში ეხმარებით?
- სხვა გზა არ არის. რაღაცნაირად ვმორიგეობთ. ვერ ვაჭმევ, თორემ სხვა დანარჩენის გაკეთების პრობლემა არ მაქვს. დედამისი რომ ჩადგეს გრაფიკში, ძირითადად, ჩემს თავზე ვიღებ დარტყმას. ღამე რიგ-რიგობით ვიღვიძებთ, გამთენიისას კი ჩემთან არის. დაახლოებით ექვს საათზე იღვიძებს და ვერთობით მე და თეიმურაზი.
- მითხარით, ძმები ერთმანეთს ხშირად ხვდებიანო. ყოფილი მეუღლე, ნინო იოსელიანი, ესწრება ხოლმე შეხვედრებს?
- არა. ნინო თეიმურაზს არ იცნობს. შეიძლება, მისი ფოტოები ინტერნეტში ნახა, არ ვიცი. ჩემი მეუღლე ესწრება. ყველა ერთად მივდივართ ჩემს დასთან კოჯორში. უამრავი ბავშვი იკრიბება, ჩემი დის და ჩემი შვილები, და არის ხოლმე დიდი ჟრიამული.
- თქვენსა და ნინოს შორის, როგორც ვხვდები, არაა დაძაბული ურთიერთობა...
- შევეცადეთ და რაღაცნაირად დავარეგულირეთ ურთიერთობები.
- ამბობენ, მამობა ადამიანს ძალიან ცვლისო. თქვენ როგორ შეიცვალეთ?
- თეიმურაზი მეორმოცე დღეს მოვნათლეთ. მეგობრები შევიკრიბეთ და დავაფიქსირე, რომ ჩემ თავს ახალგაზრდა მამად აღვიქვამ. არადა, ამ დროს ჩემი კლასელებიდან ერთი-ორი უკვე ხუთი წელია, ბაბუაა. ერთ-ერთი მათგანი ჩემზე ერთი კვირით უმცროსია და ბაბუაა. ჩემი შვილი მათ შვილიშვილებზე პატარაა. ისინი რომ ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ მაინცდამაინც ყოჩაღად არ ვარ. წესით, შვილიშვილი უნდა მყავდეს, მაგრამ გულს არ ვიტეხ. იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.
- რამდენი წლის ხართ?
- ორმოც წელს გადავაბიჯე, 42 წლის ვარ.
- გეგმავთ, რომ თქვენს ოჯახში მალე გოგონა გაჩნდეს?
- მე კი მინდა ბევრი შვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენად ობიექტური ვიქნები, არ ვიცი. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია მრავალშვილიანობაზე ფიქრი... ბავშვებს ხომ უნდა გაზრდა და განათლების მიცემა. მეუღლეს ხომ არ შევატოვებ. მეორე მხრივ, შეიძლება, ღირს კიდევ შვილზე ფიქრი, არ ვიცი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ბანკში რომ მიდიხარ, პირველ რიგში ხომ ასაკს გეკითხებიან? აინტერესებთ, კიდევ რამდენ ხანს გაქაჩავ, ანუ იმაზე ფიქრობენ, დაახლოებით რამდენ ხანს იცოცხლებ, რომ სესხი მოგცენ.