24 საათი ცოლის გარეშე: ქმრის დღიურიდან
 24 საათი ცოლის გარეშე: ქმრის დღიურიდან
რატომ მაშინ არ გამიხმა ენა, ჩემს ცოლს რომ ვუთხარი, "უიქენდზე" დაქალთან ერთად დასასვენებლად სადმე ახლოს, ქალაქგარეთ გაგიშვებ-მეთქი. ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებულია, სულ ნერვებზე ზის და ვიფიქრე, ცოტას განიტვირთებოდა. ბავშვებს დავიტოვებდი ერთი ღამით. კვირას საღამოს ჩამოვიდოდა დასვენებულ-დამშვიდებული.
ყველაფერი გონებაში წინასწარ დავგეგმე: ბავშვებს რაც უყვართ, იმას ვუყიდდი, მულტფილმებს ჩავურთავდი, მე ფეხბურთს ჩავუჯდებოდი,
ლუდს მოვწრუპავდი. მერე ცოტა ხნით ეზოში გავისეირნებდით. ბავშვები სასრიალოზე ისრიალებდნენ, მე იქვე, ტრენაჟორებზე წავივარჯიშებდი (ამდენ ლუდის სმას ღიპის გაზრდა სცოდნია).
მერე დავაწვენდი, დაიძინებდნენ. მე რამე კარგ ფილმს ჩავუჯდებოდი, დივანზე წამოწოლილი.

რას წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი უკუღმა ამიხდებოდა და ის ორი დღე ჯოჯოხეთად მექცეოდა?
ჩემი ცოლი შაბათ დილას წავიდა. სახლში დავრჩით მე და ჩემი ორი შვილი: ხუთი წლის ლუკა და სამი წლის ელენე. მშვენიერი მზიანი დღე იყო. მისაღებ ოთახში დავბანაკდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბავშვობა გავიხსენე და გადავწყვიტე, ბავშვებისთვის სახელდახელო კარავი ამეგო. სკამები ოთახის ცენტრში დავალაგე, საწოლებს გადასაფარებლები გადავაძრე და სკამებზე გადავფინე. მათ ქვეშ, ხალიჩაზე ბალიშები დავალაგე. შესანიშნავი კარავი გამოვიდა. ბავშვებსაც მოეწონათ. მეგონა, მთელს თუ არა, ნახევარ დღეს მაინც გაატარებდნენ შიგნით და საშუალება მომეცემოდა, გუშინდელი მატჩისთვის მეყურებინა (რომელიც ჩემმა ცოლმა არ ჩამართვევინა სერიალის გამო). მისი
ხუშტურების გამო "ბარსა"-"რეალის" თამაში გამოვტოვე. არ მესმის, რანაირად შეუძლიათ ქალებს ფეხბურთზე იეჭვიანონ? მერე კიდე იტყვიან, კაცები ხართ ეჭვიანებიო...
mshoblebi
დივანზე წამოვწექი, ლუდი გავხსენი, სასუსნავებიც მოვიტანე, მატჩი გადავახვიე და დავიწყე თუ არა ყურება, ბავშვებმა საშინელი გნიასი ატეხეს. ჯერ იყო და, იმხელა კარავში ადგილი ვერ გაიყვეს; მერე მომთხოვეს, "ღამე გამეკეთებინა". ფანჯარაზე სქელი ადიალა ჩამოვაფარე. ახლა ფარანი მომთხოვეს, რომ სიბნელეში გაენათებინათ. ოღონდ გაჩუმებულიყვნენ, ჩემს მობილურში ჩავრთე fleshlight-ი და მივეცი. კარგა ხანს გაყურსულები იყვნენ.

პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, მათი უცნაური დუმილით შეშფოთებულმა კარავში შევიხედე. ლუკას ჩემი მობილური ეჭირა და ორივენი ეკრანს უცნაური გამომეტყველებით დაჰყურებდნენ. სასწრაფოდ გამოვტაცე ხელიდან. ეშმაკმა დალახვროს, თურმე "მესენჯერი" გაუხსნიათ და ჩემი თანამშრომელი ლიკასთვის (რომელიც სხვათა შორის, გულგრილი არ არის ჩემ მიმართ) გულები გაუგზავნიათ. მერე, ეტყობა შემთხვევით სიბნელეში ფოტოც გადაიღეს და ის ფოტო ჩათში გაიგზავნა.

წნევამ ამიწია. ლიკას საპასუხოდ თვალებში რომ გულები აქვს, ის სმაილები მოუწერია, ხოლო იმ შავბნელ ფოტოზე ინტერესდებოდა, თუ რის ჩვენებას ვცდილობდი მისთვის...

რა უნდა მექნა? სიტუაციის გამოსასწორებლად მივწერე, რომ ჩემი ტელეფონი ბავშვებს ჩაუვარდათ ხელში და "იმაიმუნეს". – "დამსინა", აშკარად ეწყინა. ან შეიძლება იფიქრა, რომ უკან დავიხიე. აბა, მე რა ვიცი.

ამასობაში სადილის დროც მოვიდა. ჩემი ცოლის დატოვებული სუპი გავაცხელე და ჯამებში დავუსხი. ელენიკომ ტირილი მორთო. თურმე, ორივეს თავისი საკუთარი ჯამი ჰქონია და არასწორად დავუდგი. მე საიდან უნდა მცოდნოდა? ჯამების გაცვლაზე ფეხები გაფშიკეს. სუპი ისევ ქვაბში ჩავაბრუნე და ხელახლა დავასხი, მაგრამ დაასკვნეს, რომ მამამ საჭმელი "გააფუჭა" და მის ჭამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
განერვიულებულმა ჩავაცვი და სამივე სუპერმარკეტში წავედით, რომელიც არც ისე ახლოსაა. ხან ერთი გამექცა, ხან მეორე. 2011 წლის მარათონის მერე ამდენი არ მირბენია. სუპერმარკეტში კი საერთოდ გადამიყვანეს ჭკუიდან, "მიყიდე-მიყიდეს" ძახილით. მგონი, ერთმანეთის ჯიბრზე იქცევიან ასე ველურებივით. მიკვირს, ჩემი საბრალო ცოლი აქამდე ფსიქიატრიულში როგორ არ მოხვდა.
4194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```