რატომ მაშინ არ გამიხმა ენა, ჩემს ცოლს რომ ვუთხარი, "უიქენდზე" დაქალთან ერთად დასასვენებლად სადმე ახლოს, ქალაქგარეთ გაგიშვებ-მეთქი რატომ მაშინ არ გამიხმა ენა, ჩემს ცოლს რომ ვუთხარი, "უიქენდზე" დაქალთან ერთად დასასვენებლად სადმე ახლოს, ქალაქგარეთ გაგიშვებ-მეთქი. ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებულია, სულ ნერვებზე ზის და ვიფიქრე, ცოტას განიტვირთებოდა. ბავშვებს დავიტოვებდი ერთი ღამით. კვირას საღამოს ჩამოვიდოდა დასვენებულ-დამშვიდებული.
ყველაფერი გონებაში წინასწარ დავგეგმე: ბავშვებს რაც უყვართ, იმას ვუყიდდი, მულტფილმებს ჩავურთავდი, მე ფეხბურთს ჩავუჯდებოდი,
ლუდს მოვწრუპავდი. მერე ცოტა ხნით ეზოში გავისეირნებდით. ბავშვები სასრიალოზე ისრიალებდნენ, მე იქვე, ტრენაჟორებზე წავივარჯიშებდი (ამდენ ლუდის სმას ღიპის გაზრდა სცოდნია). მერე დავაწვენდი, დაიძინებდნენ. მე რამე კარგ ფილმს ჩავუჯდებოდი, დივანზე წამოწოლილი.
რას წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი უკუღმა ამიხდებოდა და ის ორი დღე ჯოჯოხეთად მექცეოდა?
პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, მათი უცნაური დუმილით შეშფოთებულმა კარავში შევიხედე. ლუკას ჩემი მობილური ეჭირა და ორივენი ეკრანს უცნაური გამომეტყველებით დაჰყურებდნენ. სასწრაფოდ გამოვტაცე ხელიდან. ეშმაკმა დალახვროს, თურმე "მესენჯერი" გაუხსნიათ და ჩემი თანამშრომელი ლიკასთვის (რომელიც სხვათა შორის, გულგრილი არ არის ჩემ მიმართ) გულები გაუგზავნიათ. მერე, ეტყობა შემთხვევით სიბნელეში ფოტოც გადაიღეს და ის ფოტო ჩათში გაიგზავნა.
წნევამ ამიწია. ლიკას საპასუხოდ თვალებში რომ გულები აქვს, ის სმაილები მოუწერია, ხოლო იმ შავბნელ ფოტოზე ინტერესდებოდა, თუ რის ჩვენებას ვცდილობდი მისთვის...
რა უნდა მექნა? სიტუაციის გამოსასწორებლად მივწერე, რომ ჩემი ტელეფონი ბავშვებს ჩაუვარდათ ხელში და "იმაიმუნეს". – "დამსინა", აშკარად ეწყინა. ან შეიძლება იფიქრა, რომ უკან დავიხიე. აბა, მე რა ვიცი.
ამასობაში სადილის დროც მოვიდა. ჩემი ცოლის დატოვებული სუპი გავაცხელე და ჯამებში დავუსხი. ელენიკომ ტირილი მორთო. თურმე, ორივეს თავისი საკუთარი ჯამი ჰქონია და არასწორად დავუდგი. მე საიდან უნდა მცოდნოდა? ჯამების გაცვლაზე ფეხები გაფშიკეს. სუპი ისევ ქვაბში ჩავაბრუნე და ხელახლა დავასხი, მაგრამ დაასკვნეს, რომ მამამ საჭმელი "გააფუჭა" და მის ჭამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.