მამის შემდეგ დაკარგულ ძმას ახლა და-ძმები ეძებენ წლების წინ ერთმა ქალბატონმა წერილი გადმომცა, რომელშიც შვილწართმეული მამის სევდიანი ამბავი იყო მოთხრობილი. წერილის მიხედვით, მამა იმ შვილს ეძებდა, რომელიც უნებურად, გაუაზრებლად გადასცა ქალბატონს, რომელმაც მისთვის მიცემული პირობა, - შვილს როცა მოგინდება, მაშინ ნახავო, - არ შეასრულა და უფრო მეტიც, პატარა ბიჭუნა საბოლოოდ წაართვა მამას, მის ობლად დარჩენილ და-ძმებს. ბატონი დავითი მადლობას უხდის შვილის გამზრდელ ქალბატონს იმისთვის, რომ მან თავის დროზე პატარა რამაზი სიღატაკეში ცხოვრებისგან იხსნა და სთხოვს, სიკვდილის წინ მაინც უჩვენოს შვილი უკვე დაბერებულ და დაუძლურებულ მამას.
ახლა იმავე ქალბატონმა კიდევ ერთი წერილი გამოგვიგზავნა. როგორც წერილში ამბობს, შვილწართმეული მამა მიწას მიაბარეს და მის ბოლო თხოვნას ასრულებს: იქნებ ახლა, როცა სტატიები ინტერნეტსივრცეში ვრცელდება, მის შვილს უფრო მეტი შანსი აქვს ბიოლოგიური და-ძმების პოვნის... იქნებ წინა წერილიც წაიკითხა და უპასუხოდ დატოვა, რადგან გული ჰქონდა აცრუებული ყველაფერ მშობლიურზე და ახლა, აწ გარდაცვლილი მამის წერილმა შესაძლოა, მასზე სხვაგვარად იმოქმედოს და ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე ნათესავებს ერთმანეთი აპოვნინოსო...
გთავაზობთ ბატონი დავითის წერილს (იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით):
"არ გენატრება შენი სოფელი, სადაც დაიბადე და ფეხი აიდგი? მახსოვს ის დღე, როცა შენს ღარიბულ ოჯახში ტირილით დარბოდი, ეზოში დედას რომ ეძახდი: სადა ხარ, ჩემო დედიკოო? - მაგრამ ვერ იპოვე. ახლა მე გეძახი, შვილო, - სადა ხარ? ჩემო საყვარელო, დედით ობოლო ბიჭო, მოგიკვდეს უბედური მამა.
ერთი სოფლელი, პატიოსანი, მშრომელი ბიჭი ვიყავი. შემიყვარდა და დავოჯახდი. მერე სოფელში თოფი გავარდა, - დავითს ვაჟიშვილი შეეძინაო. მიხაროდა, ბედნიერ კაცად მივიჩნევდი თავს...
ბედნიერი კი არა, დაწყევლილი ვყოფილვარ! მალე ხელიდან გამომეცალა ჩემი შვილების დედა. დარჩნენ ობლად ჩემი ბიჭები, მე კი მთელი ოჯახის სიმძიმე ზურგზე დამაწვა. ძალიან ვწვალობდი, შინ თუ გარეთ ერთნაირად, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი.
ეს ვიდეო შეცვლის თქვენს წარმოდგენას მამის როლზე ოჯახში - ბოლომდე უყურეთ
გადიოდა თვეები, წლები. ჩემი ოჯახი უკან-უკან მიდიოდა. არ მომასვენეს: მოიყვანე, დავით, ქალი, მოვლა-პატრონობა გჭირდებათ. თუ დაქორწინდები, შენც გეშველება და შენს შვილებსაცო. ამ ადამიანებს დავუჯერე...
მიხაროდა, რადგან ოჯახში კარგი დიასახლისი შემოვიდა. ის დედად მიიღეს ჩემმა შვილებმა. მის გვერდით ბედნიერად ვგრძნობდით თავს და გამხიარულდა ოჯახი, გავიხარეთ მეც და ჩემმა ვაჟებმაც. მერე კიდევ შემეძინა შვილები. ნაბოლარა რამაზი იყო. ჩემი საყვარელი პატარა გულში ჩავიკარი და გამათბო... მიყვარდი, შვილო. ყველაზე პატარა შენ იყავი... ჰოდა, ახლა შენს გზას გამოვცქერი, გელოდები.
მალე ჩემს ოჯახში სიხარული სევდამ ჩაანაცვლა, რადგან სიკვდილმა კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი გამომაცალა ხელიდან: რამაზის დედაც მიწას მივაბარე და ჩემს სახლ-კარს თითქოს, საძირკველი გამოეცალა. უბედურ დღეზე გაჩენილი ვარ, დაიწვას ჩემი ბედი. დავრჩით მე და ჩემი შვილები ისევ უპატრონოდ, ჩვენი მომხედავი არავინ იყო. დავდიოდი გზააბნეული. წვიმასა თუ ყინვაში, პალტოში გახვეული, გულში ჩაკრული ყველგან თან დამყავდა ჩემი პატარა რამაზი. ვეღარ გავწიე უღელი, ამდენ შვილს ჭამა-სმა ხომ უნდოდა? ჩაცმა-დახურვაც, მოვლა-პატრონობაც ხომ სჭირდებოდათ?
"მამის წლისთავისთვის განკუთვნილი ფულით პროდუქტები იყიდა და გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგა"
მარტოხელა კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, - ხომ გაგიგონიათ და მეც აღარ შემეძლო ამ ყველაფრის მარტოს გადატანა. სულით დავეცი, ფარ-ხმალი დავყარე, დავუძლურდი, მუხლებში ძალა გამომეცალა, მერე მშობლებიც დამეხოცნენ. წვრილშვილის პატრონს ცხოვრება გამიძნელდა. არ მინდოდა, კიდევ სხვა ქალი შემომეყვანა ოჯახში, მაგრამ სახლი სახლს აღარ ჰგავდა, ყველაფერი გაპარტახდა და კრუხი რომ წიწილებს თავს დაანებებს და მერე პატარა, საყვარელი არსებები აქეთ-იქით გარბიან, ასე იყვნენ ჩემი შვილებიც... ზოგს შიოდა, ზოგს - სციოდა. ვაი, ჩემს მტერს, მე დღეში ჩავვარდი (ან კი რა ჭკუაზე ვიყავი?!)... თუ გინდა, კაცი დასწყევლო, ეგ არის, რა. აი, ასეთ მდგომარეობაში რომ ვიყავი, ამ დროს ისარგებლა ჩემმა თანასოფლელი ქალბატონი შემომიჩნდა, მოსვენება დამიკარგა, ტკბილი ენით გამაბრიყვა და გულიდან ამაგლიჯა ჩემი პატარა რამაზი. წამართვა შვილი და დამაიმედა, ნუ გეშინია, რამაზს არ დაკარგავ. ჩემთან იყოს, თბილად იქნება და არც საჭმელი მოაკლდებაო... იმ დღეს ხელებგაწვდილი, გულში ვეხვეწებოდი (აბა, ხმა არ ამომდიოდა), არ წაიყვანო-მეთქი. ცრემლები მახრჩობდა. ხეს მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. რამაზმაც თავის პატარა ხელებს ჩემკენ იშვერდა, ტიროდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა: დამიჭირე, მამიკო, არ გამიშვაო! თურმე, მე მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა რამაზი გვერდით მყავდა და ამას ვერ ვაცნობიერებდი. ის ქალი ჩემს შვილს ისე მიარბენინებდა, უკან არც მოუხედავს. მე კი, გული ამომგლიჯეს, თითქოს. ამხელა კაცი მიწას მივეკარი და დაჭრილი დათვივით ავღრიალდი. მინდოდა დავწეოდი, მაგრამ ძალა ვერ მოვიკრიბე. იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ რამაზი ადამიანურ პირობებში იცხოვრებდა და მაინც, უფალს ვსაყვედურობდი: რა დავაშავე, ღმერთო, ასე რომ გამწირე ეს უდანაშაულო ადამიანი? რატომ მეც არ მომკალი, ღმერთო? უფალო, შემიბრალე და დამიბრუნე ჩემი ბიჭი-მეთქი!..
ჩემს შვილს რომ მიარბენინებდა, დამპირდა: გაჩვენებ ხოლმეო, მაგრამ სულ გადაიკარგა. მე შვილი არ გამიყიდია და არც მიჩუქებია ვინმესთვის, მაგრამ რა ვიცოდი, ის ქალი რას მიპირებდა. თურმე, ჩემთვის ბიჭის წართმევა ჰქონდა განზრახული.
"როგორი რთულია 9 თვის ბავშვთან ერთად მარტო სახლში ყოფნა..." - ქართველი მამის დღიური
მთელი სოფელი ჩემი ცოდვით იწვოდა. დღემდე ყველას ვეხვეწები: მაპოვნინეთ ჩემი შვილი, ნუ ჩამაყოლებთ დარდს საფლავში-მეთქი, მაგრამ ვერავინ შეძლო ჩემი დახმარება, არ მეღირსა მისი ნახვა. არავინ იცის, რა ცეცხლი მიტრიალებს ამ დამწვარ გულში. ჩემს გულში ჩახედვა არავის უცდია...
როცა მოვკვდები, შვილო, მაშინ მაინც მოდი ჩემს საფლავზე. მაპატიე შვილო, გულუბრყვილოდ რომ მივაბარე შენი თავი სხვას. აპატიე შენს გაუსაძლის პირობებში მყოფ მამას დანაშაული. იმ ქვეყნად მიმავალს შენი ერთი ცრემლიც კი მეყოფა, თუ გამაყოლებ. მწარე იყო ეს წლები ჩემთვის... ახლა გამახსენდა: პატარა რომ იყავი, ჯოხებით ვხმალაობდით. გულში მომარტყი, მე კი თვალები დავხუჭე. მოხვედი და შენი პატარა ხელებით მომეფერე. თავზე ხელი გადამისვი და მეხვეწებოდი, - არ მოკვდე, მამიკო, არ მოკვდე ჩემი დედიკოსავით. შენი ცრემლები მკერდზე მეცემოდა. გულში ჩაგიკარი და გკოცნიდი. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, შვილო. სახლში გელოდებიან შენი და-ძმები: რობერტი, ანზორი, თამაზი, ია, ელდარი და ნაზი. მეშვიდე შენ ხარ, შვილო, ჩემო პატარა რამაზ, მაგრამ უკვე დავაჟკაცებულო ბიჭო.
დღეგრძელი იყავი და სიხარული არ მოგიშალოს ღმერთმა. როგორ შეიძლება, მადლობელი არ ვიყო იმ ადამიანების, ვინც შენ გაგზარდა? ვაფასებ მათ, როგორც ჩემი შვილის გამზრდელებს და მადლობას ვუხდი ქალს, რომელმაც დედობა გაგრძნობინა.
მამის უარყოფა... ღრმა და ყველასთვის სასარგებლო სტატია!!!
მინდა, შენს გამზრდელ ქალს მივმართო: თქვენ მას დედობა გაუწიეთ და არ შეიძლება, ჩემმა შვილმა ამაგი არ დაგიფასოთ. მიუხედავად ყველაფრისა, მეც გაფასებთ... უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ სულგრძელობა და არ უთხრათ რამაზს: შენი და-ძმები არ ნახო, მამაშენი შენი ხილვის ღირსი არ არისო. დაე, მიმოსვლა ჰქონდეთ ბავშვებს ერთმანეთთან. ჩამოვიდეს ხოლმე ჩვენთან, სოფელში და უყვარდეთ ერთმანეთი, ამით რა დაშავდება? დედმამიშვილებმა ერთურთი არ უნდა დაკარგონ. მერწმუნეთ, ამით დიდი სამსახურს გაუწევთ როგორც რამაზს, ისე ჩემს დანარჩენ შვილებსაც. როდესაც ისინი წაიკითხავენ ამ წერილს, არ შეიძლება, მადლობა არ გადაგიხადონ. შენს შვილს არავინ წაგართმევს, მაგრამ ნურც ჩვენს თავს დააკარგვინებთ მას. გვაკმარეთ ის სიმწარე, რაც გამოვიარეთ. ქალბატონო ლამარა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი აუტანელი იყოს ჩემთვის ის დღე, როცა ჩემი შვილი წაიყვანეთ. თავის მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ მოვასწარი, რადგან გულმა დამარტა და უნებურად, ჭიშკარს ჩამოვეკიდე. დიახ, იმ ჭიშკარს, რომლიდანაც ჩემი შვილი გაიყვანეთ. მაშინ მე გამწარებული ვიყავი, თქვენ კი გული სახარულით გქონდათ სავსე. ახლა არ უნდა მიწყინოთ, ამ წერილის გამოქვეყნება. ამდენი წლის შემდეგ მაინც მოგვეცით უფლება, რამაზის ხილვით გავიხაროთ. იმედით ვცხოვრობდით აქამდე. ცხადლივ თუ სიზმარში რამაზი მელანდებოდა და ახლა მაინც, ამ სიბერისას მაინც მეღირსოს შვილის ხილვა. მინდა გულში ჩავიკრა ისევე, როგორც პატარაობისას ვიკრავდი, თუნდაც, ერთხელ.
შვილო, რამაზ, შენ კი მიუტევე შენს უბედურ და უცნობ მამა დავითს..."
ლიკა ქაჯაია, ჟურნალი "გზა"
P.S. ჟურნალი "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com