ხშირად მამების როლი ისეთივე დიდია შვილის აღზრდაში, როგორც დედის, თუმცა ბევრი უმეტეს პასუხისმგებლობას მაინც დედას აკისრებს. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ამ პრობლემაზე, მამის ჩართულობაზე შვილების აღზრდის საკითხში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დავით მოსიაშვილი, რომელიც მარტოხელა მამაა და ორ შვილს ზრდის. დავითი ბუღალტრად მუშაობს, წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობაშია ჩართული. დროდადრო მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებშიც. სულ ახლახან დავითმა შვილებთან, 5 წლის დემეტრესა და 9 წლის მარიამთან ერთად ხელნაკეთი ბროშების დამზადება დაიწყო. მისი თქმით, სურდა ამით ბავშვებში გაეღვივებინა სხვადასხვა შემეცნებითი ინტერესები, რის შედეგადაც აქტიურად იქნებოდნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სურდა ისეთი საქმე შეერჩია, რომელიც საინტერესო და მოსახერხებელი იქნებოდა პატარა დემეტრესთვის, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. დავითი შვილებთან ერთად გეგმავს გახსნას საწარმო, სადაც დაასაქმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
- პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერი ვარ, ამჟამად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ვმუშაობ. პარალელურად ვწერ ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით მრავალ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ვარ ჩართული. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სულ ვცდილობ საზოგადოებაში განვავითარო და დავამკვიდრო ის აზრი, რომ ორივე მშობელი, დედაც და მამაც ვალდებულები არიან თანაბრად იყვნენ ჩართულნი შვილების აღზრდის საკითხში, სწორედ ამ მიზნით, ჩემს მიერ შეიქმნა ფეისბუქ გვერდი სახელად „მამიკო“. დღეს ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ ახმეტის რაიონში.
- იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვცდილობ ბავშვებში გავაღვივო სხვადასხვა შემეცნებითი ინტერესი და მათი გონება მივმართო არა მარტივი, არამედ რაიმე განსაკუთრებულის კეთების სურვილისკენ. ყოველივე ეს მარწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად ხელს ვუწყობ მათი გონებრივი შესაძლებლობების წინსვლას და განვითარებას. გარდა ამისა, დემეტრეს დიაგნოზმა (ცერებრალური დამბლა - დიპლეგია) მაიძულა მომეფიქრებინა ისეთი ხელსაქმე, რაშიც დემეტრე თავიდან-ბოლომდე სრულფასოვნად იქნებოდა ჩართული.
- ძირითადად ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ვაკეთებ ბროშებს. ხის მასალას ვამუშავებთ ხელის მარტივი ხელსაწყოებით, რაც ცოტა არ იყოს შრომატევადიცაა. სამომავლოდ ვგეგმავთ ლაზერის აპარატის მეშვეობით პროდუქციის გამრავალფეროვნებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ლაზერის აპარატის შეძენა დაგვიფინანსდა აწარმოე საქართველოს ფარგლებში , ვინაიდან „დემას“ ამ ეტაპზე მსგავსი მოცულობის თანხები არ გააჩნია.
- ამ შემთხვევაში ჩემი ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჩემი შვილები არიან. როცა ვხედავ თუ როგორ ხალისობენ ჩემთან ერთად მუშაობის პროცესში, საკუთარი თავის ღირსება და მათდამი უსაზღვრო სიყვარული არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ვერ გამოვნახო დრო და საღამოს თუნდაც ერთი საათი არ დავუთმო მათთან ერთად არტ თერაპიას. თუმცა თანდათან ვრწმუნდები და ვაღიარებ, რომ ეს ჩემი სპონტანური წამოწყება, უკვე ერთერთ საყვარელ საქმიანობად იქცა.
- ბავშვები ბროშების კეთების ყველა დეტალზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ, არის შემთხვევები, რომ მარიამს მოსწონს რაღაც კონკრეტული ფერი, მაგრამ დემეტრეს უნდა სხვა ფერად შეღებოს. შეიძლება ითქვას რომ ორივეს საკუთარი ნიშა აქვთ ბროშების კეთების დროს. მარიამი ძირითად ფერადფერად ყვავილებს იყენებს, დემეტრე ღებავს და სხვათა შორის ხშირად უჩნდება სურვილი, რომ ბროშებს მანქანები და ავტომატები დაახატოს. ბროშის ზოგადი დიზაინის რჩევები, მაგნიტის სამაგრების დამაგრება და დასრულება კი ჩემი საქმეა.
- რა თქმა უნდა, როგორც დიდი ადამიანი აძლევს საკუთარ თავს უფლებას შენიშვნა მისცეს შვილს ან ნებისმიერ სხვას, ასევე ჩემს შვილებსაც ახლავე ვასწავლი, როცა რამე არ მოეწონებათ, დაფიქრდნენ და ისე მომცენ კორექტული შენიშვნები. ბავშვი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ოღონდ პატარა სხეულით. მათ გონებაში ხშირად დროის მცირე მონაკვეთებში, ისეთი კრეატიული აზრები იბადებიან, რაზეც დიდმა ადამიანმა შეიძლება ძალიან დიდხანს იფიქროს, ამიტომ ბავშვს ყოველთვის უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა, მშობელს კი ამ აზრის მოსმენა და შემდგომ მისი სწორი აღქმა.
- ჩვენი ბროშები, ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით იყიდება, შეკვეთის შემთხვევაში ადრესატს ჩვენ თავად ვუგზავნით ფოსტის მეშვეობით.
- საუკეთესო ჯობია სხვამ თქვას, ვიდრე ამით საკუთარი თავი შევაფასო, მაგრამ მგონია, რომ საუკეთესო მამაც და დედაც ხარ მაშინ, როცა უსმენ საკუთარ შვილებს, როცა იცი, თუ რას ნიშნავს მათი ყოველი გამოხედვა, როცა იცი შენს შვილებს რა შეიძლება გაუხარდეთ და რა ეწყინოთ, როცა შენს შვილში შენი ამაგის კვალს ხედავ და თუნდაც ის რომ, როცა ორივე შვილის შემოხვეულ მკლავებს ვგრძნობ კისერზე. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე დიდი ბედნიერება სამყაროში არ არსებობს.
- ჩემი სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვებთან სკოლის და ბაღის მერე ძირითადად დედაჩემია, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი მას, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვაა და მის ამაგს ვერანაირად გამოხატავს. დედაჩემი არის ადამიანი, რომელმაც უმამოდ მასწავლა, როგორი უნდა იყოს კარგი მამა, თუ შეიძლება ჩემზე ასე ითქვას (მამაჩემი ბავშვობიდან სულ წასული იყო სამუშაოდ, რომ ჩვენ ვერჩინეთ, მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვობა 90-იან წლებში იყო).
- მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი იდგა, როდესაც უკვე მეორედ გავხდი მამა და ამ უსაზღვრო ემოციამ იმდენად შემიპყრო, ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს მოცემულობა შეიცვლებოდა და იმ დროისათვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდი. როდესაც პირველად დიაგნოზი მითხრა ექიმმა ვერ გავიაზრე, მეგონა შეცდომა იყო, რაღაც შეეშალათ, სხვა ბავშვზე საუბრობდნენ და არა ჩემს შვილზე, რომელსაც ცხრა თვე მუცლად ყოფნიდანვე ვუვლიდი და ვეფერებოდი. ჩემებმა პირველად მნახეს მაშინ სულ თეთრი....
დამეთანხმებით, ყველა მანამდე ამ საკითხთან შეხების არმქონე ადამიანს ცერებრალური დამბლის დიაგნოზის გაგონებისას თვალწინ ამ დაავადების ერთ-ერთი მძიმე ფორმის მქონე ბავშვი წარმოგვიდგება. მას ფიზიკურად არაფერი ეტყობოდა, თუმცა ახლანდელი გადასახედიდან, ამდენი ინფორმაცია რომ მქონოდა, აუცილებლად შევატყობდი და რეაგირებაც უკეთეს შედეგს გამოიღებდა.
თავდაპირველად არაღიარებით გავურბოდი რეალობას ჩემში. თავს ვაჯერებდი, რომ პრობლემა არ არსებობდა. შემდეგ დაიწყო დეპრესია, ფიქრი იმაზე, თუ რატომ მაინცდამაინც ჩემს შვილს? დავიწყე საკუთარ თავში დაავადების გამომწვევი მიზეზის ძიება და თითიდან გამოწოვილ იმედებზე ჩაჭიდება.
საბედნიეროდ გაურკვევლობა-დეპრესიის პერიოდი მალე დავამარცხე და მივხვდი, რომ ეს დროის მხოლოდ ფუჭი ხარჯვა იყო და ამით ვერაფერს ვშველიდი ჩემს შვილს. მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაცია დაავადებისა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ, პარალელურად გრძელდებოდა ექიმებთან დაუსრულებელი ვიზიტების რიგი. შევხვდი უამრავი მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვის მშობელს, ყველგან და ყველაფერში ვეძებდი იმედს, ყურადღებით ვუსმენდი და ვითვალისწინებდი ექიმების რჩევას და სხვა ბავშვების მშობლებისაგან გაზიარებულ გამოცდილებას.
- მრავალი თერაპიისა და ექიმებთან დაუსრულებელი ვიზიტების შედეგ აღმოვაჩინეთ "ვოიტა“ თერაპია, რომელმაც დემეტრეს მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა. დემეტრემ შეძლო ჯდომა, ცოცვა და ხოხვა და კიდევ გვაქვს იმედი, რომ მეტს შევძლებთ. სამწუხაროდ ეს თერაპია საქართველოში ნაკლებად ცნობილია, თუმცა ჩემი თვალით მაქვს ნანახი მისი წარმოუდგენელი შედეგები მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვების შემთხვევაში. მოგეხსენებათ რეგიონებში თბილისისაგან განსხვავებით მცირე საშუალებები და შესაძლებლობებია ან თითქმის არ არსებობს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ. რეგიონიდან თბილისში ვიზიტი კი დიდ ფინანსებს მოითხოვს (ცხოვრება, კვება, გადაადგილება და ა. შ) , მე შევისწავლე ამ თერაპიის გარკვეული ვარჯიშები და სახლში ვაკეთებდით გარკვეული პერიოდი, თუმცა რა თქმა უნდა ჯობია ეს პროფესიონალმა ექიმმა გააკეთოს. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო იმისათვის, რომ ხშირად შევძლოთ აღნიშნული თერაპიის კურსის ჩატარება, რაც არც ისე ადვილია. ასევე ვიმყოფებოდით თურქ პროფესორთან კონსულტაციაზე, რომელმაც რამდენიმე ოპერაცია შემოგვთავაზა, რომელიც ისევ და ისევ ფინანსებთანაა კავშირში, მაგრამ იმედი სულ მაქვს ჩემი თავის, მეგობრების და კეთილი ადამიანების და მჯერა რომ ადამიანებს ერთიანობით ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლიათ...
- ჩემი თავისუფალი დრო, მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვების გარემოცვაში დავხარჯო. შეიძლება ითქვას მათთან ერთად ვამზადებ გაკვეთილებს, მათთან ერთად ჩვენს მიერ გამოგონილ თამაშებს ვთამაშობ, ვვარჯიშობთ დემეტრესთვის საჭირო ვარჯიშებს, დავდივართ გასართობად, ასევე როცა მივდივარ სტუმრად ჩემს მეგობრებთან, ბავშვებიც თითქმის ყოველთვის მიმყავს თან.
- ესე ხელაღებით ძნელია თქვა, რომ საქართველოში მამები არ არიან ჩართულნი ბავშვების აღზრდაში, მაგრამ ჩემს გარშემო არსებული სოციუმის წიაღიდან, აშკარად ჩანს დედის უფრო დიდი როლი, ვიდრე მამის. მე ვურჩევდი ყველა მშობელს და განსკუთრებით მამებს, რომ გაატარონ უფრო მეტი დრო შვილებთან და ყოველდღე მიხვდებიან, რომ ისინი საკუთარი შვილებიდან იმაზე მეტს ისწავლიან, ვიდრე ჰგონიათ. მიხარია ის ფაქტი, რომ თანდათან მყარდება ტენდეცია მამის აქტიურ როლზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე ორი სიტყვით ძნელია რაიმე თქვა, გარდა ერთისა, რომ გაატარეთ უფრო მეტი დრო საკუთარ შვილებთან. ჩემს ინტერვიუებში ხშირად ვამბობ, ბავშვთან მიმართებაში არ არსებობს დედა და მამა, არსებობს მშობელი, რომელიც ორივეს თანაბარი უფლება მოვალეობებს გულისხმობს.
- როდესაც გარშემო ამდენი მარტოხელა დედაა და ჩვენ, კაცებს გვაქვს მუდმივი პრეტენზია, რომ ქალებზე ძლიერები ვართ, აბა რაღამ უნდა შეგვაშინოს მარტო დარჩენისას? ზოგადად როდესაც მარტო რჩები არაა ადვილი რაღაცეები გააანალიზო, იპოვო შენ თავში ძალა, რომ იცხოვრო, თუმცა თუ არსებობს მშობლის ინსტინქტი, შვილებისადმი გულწრფელი სიყვარული და გარემოს ადეკვატური რეაქცია, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მარტოხელა მამებს ვურჩევ არ დაყარონ ფარხმალი, არ დარჩნენ დეპრესიაში, იბრძოლონ შვილებისთვის, რადგან შვილები ჩვენი ყველაზე მაგარი შედეგია და ეს შედეგი აუცილებლად საამაყო უნდა იყოს. ეს ყველაფერი არაა ადვილი, რთულია, ძალიან რთული, თუმცა ამის აღიარება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ჩვენს თავთან მარტო ვრჩებით. იყავით შვილებთან მოსიყვარულე, ლაღი და ხალისიანი, რადგან ჩვენი განწყობები პირდაპირ აისახება მათ განვითარება - ჩამოყალიბებაზე.
მერი ბლიაძეიხილეთ დავით მოსიაშვილის გახმაურებული ბლოგი:
"ბაღის მასწავლებელმა ხმამაღლა გამოაცხადა: "უი, რა ცოდოა"... - მამის დამაფიქრებელი წერილი