გავბედავ და გამოვაქვეყნებ ამ წერილს, რომელიც ჩემმა ქმარმა ჩვენს შვილს დაუწერა გავბედავ და გამოვაქვეყნებ ამ წერილს, რომელიც ჩემმა ქმარმა ჩვენს შვილს, თავის პირველ ვაჟს დაუწერა.
"მე არ ვარ იდეალური მამა. არ გამომიცვლია შენთვის საფენი, როცა სულ პატარა იყავი, არ მითენებია შენთვის ღამეები და როგორც არ უნდა მდომებოდა ეს, შენი პირველი სიტყვა "მამა" არ ყოფილა. შესაძლოა, ერთბაშად ვერც კი გავაცნობიერე ჩემი სიყვარული იმ პაწაწინა ქმნილებისადმი, რომელსაც ახლა ასე სათუთად ვუწოდებ "ჩემს ვაჟს". შენ ხომ შენი დედის ჩემდამი სიყვარულის ნაწილიც წამართვი, ჯერ კიდევ დაბადებამდე. როცა ორსულად იყო, ჩემი საყვარელი ცოლი უკვე ნამდვილ ტერორს მიწყობდა: "გამორთე მუსიკა, ის ბავშვს არ მოეწონება!", "ნაგავს ნუ ყრი, ბავშვს ცუდ მაგალითს მისცემ!", "ნუ ყვირი, შეაშინებ!" (ნეტავ საიდან იცოდა, რა მოგწონდა შენ და რა – არა?). მხიარული, ხმაურიანი და ქარაფშუტა გოგოსგან ის თანდათან ნამდვილ ქალად გადაიქცა. ვერც ის გავაცნობიერე იცებ, მომეწონა თუ არა ეს, მაგრამ გაოგნებული რომ ვიყავი, ეს ფაქტია.
შეიძლება, ისე ძალიან მინდოდა შენი დაბადება, ჩვენი ერთად ცხოვრების რვა წლის განმავლობაში (თუმცა ექიმები ჯიუტად ურჩევდნენ დედას, არც კი ეფიქრა შვილის ყოლაზე და საკმაოდ მწვავე დიაგნოზიც დაუსვეს – ენდომეტრიოზი), როცა ბოლოს და ბოლოს, ეს მოხდა, არ აღმოვჩნდი მზად ჩვენს ცხოვრებაში პატარა მჩხავანა არსების შემოჭრისთვის, რომელიც მთელ სახლს აყენებდა ფეხზე შუა ღამისას ბრძანებით: "უა-ა-ა-ა-ა-ა!", რომელმაც ჩემი საყვარელი ჭიქა დაამსხვრია და მთელი გარე სამყაროს ყურადღება დაიპყრო (მაპატიე, ასეთი შედარებისთვის).
შენი დაბადების შემდეგ თანდათანობით ჩვენი სახლი თანდათან გაივსო სათამაშოებით, ნათესავებით, პამპერსებით, ერთჯერადი ხელსახოცებით, ბოთლებით და ბავშვისთვის საჭირო სხვა წვრილმანებით. ფეხებში მებლანდებოდა ჭყვიტინა სპილოები, მანქანები, კუბურები. ღამით სამზარეულოში ჩაის დასალევად გასულს სახეზე მეკროდა გასაშრობად დაკიდებული სველი საფენები. მაცივარი გადაიჭედა იოგურტებით, ბავშვის კვებისთვის საჭირო პროდუქტებით, წვენებით, გამოწველილი რძით. ჩემი ცოლი კი – ბედნიერი, ლამაზი, გახარებული ამ აჟიოტაჟით.
ერთ დღესაც მივხვდი, რომ მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ, სამყაროსი, რომელიც შენ შექმენი. და მინდა გაჩუქო სულელური სათამაშოები, მოვიპატიჟო სახლში ბებიები და პაპები და დავდნე, როცა დედაჩემი ამბობს: "აი, მამამისიც ასეთი იყო ბავშვობაში!" გეთამაშო, გაჭამო, შენთან ერთად გადავდგა პირველი ნაბიჯები და ბოლოს და ბოლოს გავიგონო სანატრელი სიტყვა, რომლის მერეც მინდა, სამყარო თავდაყირა დავაყენო: "მამა". და შენ ეს სამყარო გადააბრუნე. გჯერა?
შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ უნდა გესმოდეს, როგორი ძნელია მამაკაცისთვის იმაზე უარის თქმა, რაც მთელი რვა წლის განმავლობაში ბუნებრივი იყო. უცებ გაქრა სადღაც (თუნდაც დროებით) ლუდის სმა ძმაკაცებთან ერთად, თევზაობა და ფეხბურთი, ღამის კლუბები, სიგარეტი... ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რომელიც აღარ ერგებოდა ამ სამყაროს, გიშლიდა შენ. ფიქრობ, ეს ყველაფერი ასე იოლია? მეგობრები კიდევ ერთი თვე იტოვებდნენ იმედს, რომ თავიანთ კომპანიაში დამინახავდნენ, მიგზავნიდნენ საფეხბურთო მატჩების ბილეთებს და ფოტოებს თევზაობიდან. მაგრამ ახლა ეს აღარ იყო ჩემი სამყარო. ეს ყველაფერი მეორე პლანზე გადავიდა, არასაჭირო გახდა, ზედმეტი, უცხოც კი. იქნებ, რომ წამოიზრდები, კვლავ დამიბრუნდეს უწინდელი გართობების სურვილი და ხალისი, არ ვიცი. იქნებ, შენთან ერთადაც კი გავაგრძელო ეს ყველაფერი. ფაქტია, ახლა, სანამ პატარა ხარ და მაოცებ ყოველი ახალი ნაბიჯით თუ სიტყვით, ჩემთვის მთელი სამყარო ჩაანაცვლე.
იმის გამო, რომ დიდი ნიჭიერებით არ გამოვირჩევი, ვერ შეგპირდები სათამაშოს შეკერვას ან სკამის გამოთლას, მაგრამ ნუთუ ეს მნიშნველოვანია? სამაგიეროდ, შევძლებ გავხდე შენთვის ნამდვილი მეგობარი, მთელი ცხოვრება გიერთგულო. გახსოვს, როგორ დავხატეთ შპალერზე დედა დედა, მან კი იფიქრა, რომ სპეციალურად, მის გასაბრაზებლად გავაბინძურეთ კედლები. მისი ჟურნალებიდან რომ ფაზლები გამოვჭერით და ერთხელ კიდევ, უნებლიეთ, ალუბლის მურაბა რომ გადავასხით დივანზე?
მადლობა, ჩემო შვილო, რომ გაჩნდი ამქვეყნად, რომ მჩუქნი შენს სიცილს, ღიმილს სიყვარულს. დედამიწას, რომელზეც მე ვცხოვრობ, ღერძი გაუჩნდა, და ეს შენ ხარ, ჩემო პატარა შვილო. ჩემო სიამაყევ და სიხარულო, ჩემი არსებობის აზრო. ახლა "ჩემი დედამიწა" შენ გარშემო ტრიალებს და ეს ფაქტი მე ნამდვილად ბედნიერ ადამიანად მაქცევს. მალე გაიზრდები და მიხვდები, რა მნიშვნელოვანია, გყავდეს ოჯახი, რომელშიც მეფობს ურთიერთგაგება და სიყვარული, რომელშიც ყოველი დღე სავსეა აზრით და შენ გვერდით არიან ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები, რომლებიც შენთვის ყველაფერს გააკეთებენ!"