"როცა შეძლებს ნოტების აღქმას, პატარა გიტარას ვუყიდი" - გაიცანით ქართველი მამა-შვილი, რომლის ვიდეოებსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს
გიორგი ცინაძემ და ნინიკო ხუსკივაძემ ოჯახი ცოტა ხნის წინ შექმნეს. 3 თვის შვილი ჰყავთ - დემეტრე. სოციალურ ქსელში ამ ოჯახს უკვე ბევრი მსმენელი ჰყავს. ბავშვისთვის გიტარაზე შერსულებული კომპოზიციები ბევრმა ადამიანმა მოისმინა და მოიწონა. მათ მუსიკა განსაკუთრებულად უყვართ და ცდილობენ შვილიც დააინტერესონ. 23 წლის გიორგი მამობასა და მუსიკის დანიშნულებაზე უყვება მკითხველს:

- მუსიკა ჩემი ძირითადი პროფესია არ არის. ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ და გიტარას მოყვარულის დონეზე ვუკრავ. ეს ჩვენი პირველი შვილია და

მასაც ძალიან უყვარს მუსიკა.

- ბავშვს თუ მოსწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ?

- ეს ყველაზე ცენტრალური საკითხია. მუცლად ყოფნის დროს დედა უკრავდა, მღეროდა და ასმენინებდა. ალბათ ამ ნოტებს აღიქვამდა და მუცელშივე მოძრაობდა. არ ვიცი, როგორ არჩევდა მაჟორულ და მინორულ ნოტებს. ჩემი მეუღლეც მომღერალია, ჰყავს მოსწავლეები და ამ პროცესშია ჩართული. დემეტრეს კლასიკური მუსიკა ძალიან უყვარს. ქართულ მელოდიებსაც ვასმენინებთ, ძირითადად, ყანჩელს. თუ საშუალება მაქვს, ცოცხლად ვუკრავ და ასე ვასმენინებ.

- რამდენად დადებითად მოქმედებს ბავშვზე მუსიკა?

- 3 თვისაა

და ახლა დაკვირვებისა და ამოცნობის პროცესშია. ძირითადად, მუსიკებს გაკვირვებული სახით უსმენს. ჩერდება და დიდი ინტერესით გვიყურებს. ბევრი რაღაც მოსწონს. ძირითადად, წყნარი მელოდიები, მაგალითად შოპენი.

- როგორია თქვენი ემოცია, როცა გიტარაზე კომპოზიციას ასრულებთ და თქვენი პატარა შვილი დიდი ინტერესით გისმენთ?

- ძალიან მიხარია, რომ წარსულში როგორც წარმომედგინა ჩემი ოჯახი, დაახლოებით, იმ ტემპით მივდივარ. კარგი შვილები და კარგი მომავალი ისეთ ადამიანს გამოსდის, ვისაც მხოლოდ კი არ უნდა, რომ კარგი შვილი ჰყავდეს, არამედ იმ მომენტში დახარჯავს ბავშვისთვის ენერგიას. როცა მისთვის დროსა და ენერგიას ხარჯავ, არ თვლი, რომ შენი შვილი მაინცდამაინც საუკეთესოა, ეს ავტომატურად მოდის. რადგან ჩვენ მუსიკასთან ახლოს ვართ, მომავალში ძალიან გამიხარდება, თუ ამავე გზას აირჩევს ჩემი შვილი და უფრო სიღრმისეულად შეისწავლის მას.

- საიდან გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი ფორმით მიგეწოდებინათ ბავშვისთვის მუსიკა?

- მე გიტარაზე დაკვრა ცოტა მოგვიანებით დავიწყე. მამაჩემიც უკრავს, სიმღერებსაც წერს და მღერის.  ჩემი შვილის შემთხვევაში, ვიფიქრე, რომ არ გამეცდინა არც ერთი წუთი და აქედანვე დამეწყო მისთვის მუსიკისა და დაკვრის შეყვარება. შეიძლება ცხოვრებაში სხვა რამ აირჩიოს, მაგრმ მუსიკასთან აუცილებლად ექნება კონტაქტი.
mshoblebi

- თქვენ როგორ ხართ ბავშვის აღზრდაში ჩართული?

- მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ. როცა მას გამოცდები აქვს, მე ვიტოვებ. თუ ვიტოვებ, სულ გიტარასთან ერთად მყავს და ხანდახან ისე ვერთობით, კარზე კაკუნიც არ გვესმის ხოლმე. ისედაც ძალიან წყნარი ბავშვია.

- როგორი მამა ხართ?

- პირველი ბავშვის კვალობაზე, მე ვფიქრობ, რომ იდეალურად ვართმევ თავს ამ ყველაფერს. შემდეგში ალბათ უფრო გავაუმჯობესებ.

- სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეოები ბევრმა ადამიანმა ნახა, როგორი გამოხმაურება აქვს და უარყოფითი კომენტარები თუ იწერება?

- დიახ, ვიდეოებს ბევრი ნახვა აქვს. ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და უარყოფითი კომენტარები შეიძლება 100-დან ერთი იყოს. თუმცა ესეც არანაირ კავშირში არაა მუსიკასთან და ვფიქრობ, რომ პასუხი არ უნდა გაეცეს მსგავს კომენტარებს.

იხილეთ მამა-შვილის კიდევ ერთი ვიდეო

- სამომავლოდ, რას გეგმავთ, მუსიკის თვალსაზრისით?

- ბავშვი როგორც კი სიარულს ისწავლის და შეძლებს, რომ გიტარას გიტარა დაარქვას და თითოეული ნოტი აღიქვას, აუცილებლად ვუყიდი პატარა გიტარს და ვეცდები, რომ ერთად დავუკრათ ხოლმე. მე თავად, რამდენიმე სატელევიზიო შოუში ვმონაწილეობდი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს პროფესიად აღარ ავირჩიე. ვეცდები, რომ გავიზარდო და ბავშვსაც ბევრი ვასწავლო.

- რას ურჩევთ სხვა მშობლებს?

- რაც შეიძლება ბევრი დრო გაატარეთ ბავშვებთან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეცადეთ, რომ თქვენი კარგი თვისებები აქედანვე გადასცეთ შვილებს. რადგან პატარაა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არ ესმის და ვერ იგებს. პირიქით, ახლა ისეთ ასაკშია ჩემი შვილი ესმის და ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს. ამიტომ, აქედან რა საფუძველსაც მივცემთ, მომავალში იქნება გარანტი, რომ იყოს ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. ასევე, გავაჩინოთ ბევრი შვილი, მინიმუმ სამი.
mshoblebi

თამარ იაკობაშვილი

4553
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?