ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე (მანჯი) რამდენიმე თვის წინ ახალი ამპლუით გავიცანით, როცა კულინარიულ შოუ "მასტერშეფში" მიიღო მონაწილეობა, ფინალშიც გავიდა და თავი განსხვავებული კერძებით დაგვამახსოვრა. ამჯერად მას მამის ამპლუაში გაგაცნობთ. მანჯის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - 8 წლის გიორგი და 5 წლის იოანე.
რამდენად შესაძლებელია, ჟურნალისტის პროფესიასა და უკვე კულინარიას შეუთავსო ოჯახი, იზრუნო შვილების მომავალზე და ამავდროულად, კარგი მამა იყო, ამაზე გიორგი თავად გვესაუბრა.
- გაიხსენე, რა შეგრძნება იყო, პირველად მამა რომ გახდი.
- 30 წლის ვიყავი, პირველად მამა რომ გავხდი. სამწუხაროდ, მაშინ მივლინებაში ვიყავი საზღვარგარეთ და ის შეგრძნებები, რაც თან ახლავს ბავშვის მოლოდინს, მშობიარობის წუთებსა და შვილთან პირველ შეხვედრას, გიორგიზე ვერ განვიცადე. პირველი თვიდან კი, შეძლებისდაგვარად, აქტიურად ვიყავი ჩართული მის გაზრდაში.
სამაგიეროდ, მთელი ეს ემოციები სრულად განვიცადე იოანეს შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე შვილი იყო, სამშობიაროში ძალიან ვნერვიულობდი. სხვათა შორის, მინდოდა, მშობიარობას დავსწრებოდი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ, გვანცამ, რომელიც თავის განცდებში იყო, მითხრა, შენი აქ ყოფნა უფრო გამანერვიულებსო და ასე გადაწყდა. პირველივე წამებში, როცა იოანე დავინახე, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
- პირველ თვეებში რამდენად გაგიჭირდათ შენ და გვანცას?
- ძალიან, რადგან ორივე გადარეული ბავშვი იყო. კარგა ხანს ღამეები არ გვეძინა. თუმცა გვანცას მხრებზე უფრო გადაიარა, რადგან მე მაინც სამსახურში დავდიოდი. ზოგადად, დედები გმირები არიან.
- ბოლო დროს კაცებიც გადიან დეკრეტულ შვებულებაში. შენ რას ფიქრობ ამაზე?
- მგონი, ჩემ დროს არ იყო მაგის საშუალება. რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვისარგებლებდი, რადგან ძალიან რთულია ჩვილი ბავშვის აღზრდა და ამ დროს მნიშვნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა. მით უმეტეს, დედა ორსულობისა და შემდეგ მშობიარობის შემდეგ დაღლილი, განერვიულებული და ფსიქოლოგიურიად დამძიმებულია, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეუღლის გვერდში დგომა.
- ბავშვები რომ წამოიზარდნენ, მოვალეობები როგორ გადანაწილდა ცოლ-ქმარს შორის?
- ყველანაირად ვცდილობთ, რომ ორივე თანაბრად ვიყოთ ჩართულები ბავშვების აღზრდის პროცესში, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური რეჟიმი ამის საშუალებას ბოლომდე არ მაძლევს. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ ბავშვებთან გავატარო.
- გაგვაცანი შენი შვილები. რა ინტერესები აქვთ?
- გიო "ფილოსოფოსა" ტიპია, ცდილობს ჩემგან რაღაცები ისწავლოს. ვაჟკაცური და მამაკაცურია, ცოტათი ყოჩობს უკვე, სულ ცდილობს კლასელი გოგოების დაცვას. სამზარეულოში ტრიალი მასაც უყვარს, სხვათა შორის. რაღაცებს იგონებს, ექსპერიმენტობს, რამდენჯერმე რაღაცები დამახვედრა კიდეც სახლში მისულს.
იოანე ძალიან ხულიგანია. ჩხერკედელაობა უყვარს. სულ რაღაც კონსტრუქციებს აწყობს და ვხუმრობ ხოლმე, რომ არქიტექტორი გახდება, ალბათ.
- წრეებზე, სპორტზე ან ცეკვებზე თუ დაგყავთ?
- არ ვცდილობთ, რომ რაღაცები დავაძალოთ. მაგალითად, მე რაგბის მოყვარული ვარ, წლების განმავლობაში ვთამაშობდი და ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც ითამაშონ და გაყვნენ კიდეც. გიო შევიყვანე რაგბიზე, მაგრამ ინტერესი დიდად არ გამოუმჟღავნებია და ამიტომ გამოვიყვანეთ. ერთი პერიოდი კალათბურთზეც დადიოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ცურვაზე შეაჩერა. როგორც მისი მწვრთნელები მეუბნებიან, ინტელექტუალური მცურავია. ეს ფრაზა რას ნიშნავს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ კარგად ცურავს. რაც მთავარია, გიოს ეს სიამოვნებს და რაც უნდა დაღლილი იყოს, არასოდეს არ აცდენს. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, რომ რისი ინტერესიც აქვს, იმით დაკავდეს.
- შენ უფრო გგვანან, თუ მეუღლეს?
- თანაბრად. გიო უფრო დედიკოსკენ არის ფიზიკურადაც და ხასიათითაც. იოანე უფრო ჩემკენ. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბაბუებს ჰგვანან. გიო - გვანცას მამას, იოანე - მამაჩემს.
- პროფესიიდან გამომდინარე ხშირად ხარ საშიშ სიტუაციებში. ოჯახის გამო გითქვამს რომელიმე სიუჟეტის გაკეთებაზე უარი?
ფაქტი, რომ რამეზე, სადმე წასვლაზე, ოჯახის გამო უარი მეთქვას, არ მახსენდება. საერთოდ ასეა - ან ხარ საქმეში, ან - არა. ოჯახის ფაქტორი იმ მხრივ მოქმედებს, რომ ვცდილობ, ცოტა უფრო ფრთხილად ვიყო.
- არ უჭირთ ხოლმე შენი „გაშვება“?
- ძალიან. მაშინაც კი, როცა საშიშ ადგილას არ მივდივარ და ჩვეულებრივი სიუჟეტია, ბავშვებს განსაკუთრებულად უჭირთ. ერთ-ერთი სიუჟეტი იყო ნეადერტალელზე. ტყეში, გამოქვაბულში გადავიღეთ. იოანე ნერვიულობდა განსაკუთრებით. ამბობდა: იქ მგლები არიანო, მაგრამ თავს იიმედებდა: მამა ყველას მოერევაო.
სხვათა შორის, როცა არის იმის საშუალება, რომ წავიყვანო გადაღებებზე, სულ მიმყავს. ჩემს თანამშრომლებსაც იცნობენ და მეგობრობენ მათთან. შორ გზაზე მაინც ვერიდები, განსაკუთრებით, პატარას წაყვანას. თან როცა საქმის გასაკეთებლად მიდიხარ, რთულია, პარალელურად ბავშვებსაც მიაქციო ყურადღება.
- ტელევიზორში რომ გიყურებენ, რა რეაქცია აქვთ?
- გაფაციცებით ელოდებიან ჩემს რეპორტაჟებს. გიო უფრო ნაკლებად გამოხატავს ემოციებს, თავშეკავებულია. იოანე უფრო ემოციურია და ერთი ამბავია ხოლმე, როცა ტელევიზორში მხედავს. იოანე ყოველთვის მიცავს და ცდილობს, არ მაწყენინოს. გიო უფრო კრიტიკულია, საინტერესო შენიშვნებს მაძლევს. ხშირ შემთხვევაში, რჩევასაც ვეკითხები და ბევრჯერ ძალიან კარგი იდეები მოუწოდებია.
- „მასტერშეფის“ ფინალის ჩაწერაზე შენი მეუღლის და შვილების ყოფნამ ემოციურად რამდენად იმოქმედა შენზე?
- ძალიან ემოციური დღე იყო. ოჯახის წევრების, გულშემატკივრების დასწრება კიდევ უფრო აათმაგებდა დაძაბულობას. ერთ მომენტში რომ გავხედე და დავინახე, გვანცა ტიროდა, აი, ეგ უკვე ბოლო წვეთი იყო. ერთია, როცა ნერვიულობ, კარგად მოამზადო რაღაც და მეორეა, უყურებდე, როგორ ნერვიულობს შენი ოჯახი. მერე უკვე იმაზე იწყებ ნერვიულობას, რომ იმათ არ დაწყვიტო გული და იმედები არ გაუცრუო. სხვათა შორის, გიომ იტირა ძალიან ბევრი, ეწყინა, ვერ მოიგეო და 1-2 დღე დამჭირდა იმის ასახსნელად, რომ მე მაინც გამარჯვებული ვარ. მერე მიხვდა ამას და ძალიან ბედნიერი იყო.
- შოუში წარმატებით მოიპოვე წინსაფარი. ოჯახში ვინ ფლობს მთავარ წინსაფარს?
- სამზარეულოში ადგილი ორივესთვისაა. ის განსხვავებაა, რომ ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი უფრო განტვირთვის საშუალებაა და მაშინ ვამზადებ, როცა განწყობა მაქვს. თანაც, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა "შეფმზარეული" მე ვარ, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და სხვა მხოლოდ მეხმარება.
- შენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რა უყვართ მეუღლესა და ბავშვებს?
- დესერტებიდან შოკმანჟეზე გიჟდებიან და ისე, ცალსახად, ჩემი საფირმო ფრთები.
- რამდენიმე თვის წინ გახსენი საკუთარი კვების ობიექტი. ოჯახს რა წვლილი აქვს ამაში?
- უდიდესი. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პატარა რესტორანი მქონოდა. ჩემი მეუღლისა და ბავშვების დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მე "მასტერშეფში" მივიღე მონაწილეობა და ისიც, რომ ბოლოს და ბოლოს, გავბედე და "მანჯისთან" გავხსენი. მართალია, ეს ჯერ ის არ არის, რაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ყველაფერი წინაა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, მომხმარებლისგან ძალიან დადებითი გამოხმაურებები გვაქვს და გაფართოებასაც ვაპირებთ უახლოეს დღეებში. მენიუც მეტად გაიზრდება. აუცილებლად მექნება ის კერძებიც, რომლებიც "მასტერშეფში" გავაკეთე პირველად. რაც მთავარია, ჩემი მიზანია, მქონდეს ისეთი კერძები, რომლებსაც სხვაგან ვერ გასინჯავენ, თან მინდა, ბევრი განსხვავებული ქართული გემო შემოვიტანო, რადგან ჩვენს ქართულ სამზარეულოს სჭირდება მეტად პოპულარიზაცია. მოკლედ, ჩემი ოჯახისა და მეგობრების თანადგომით, ყველაფერი კარგად მიდის და ძალიან მიხარია. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული ისაა, რომ მამა ვერ მოესწრო ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერი იქნებოდა.
- ახალ საქმეს რომ შეეჭიდე, რა გაძლევს ძალასა და მოტივაციას?
- ისევ და ისევ ჩემი ოჯახი. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ჯერ ჩემი მშობლების, შემდეგ - მეუღლისა და შვილების. იდეალური მამა არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ კარგი მამა ვიყო.
ისევე, როგორც ყველა მშობელი, მეც მინდა, რომ ჩემს შვილებს კარგი მომავალი შევუქმნა და ყველაფერს მათ გამო ვაკეთებ. თუმცა მეორე უკიდურესობაცაა - შვილებისთვის ნაკლები დრო მრჩება. სულ ვფიქრობთ, ბავშვს ახლა ეს უნდა, ის უნდა, ის სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ უნდა, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დრო მის გვერდით გაატარო და უბრალოდ ბედნიერი იყო ამით.
მარიამ ტურძილაძე