ჟურნალისტ კოკა კვირკველიას "პალიტრა ნიუსის" მაყურებლები და "რადიო პალიტრის" მსმენელები კარგად იცნობენ. ამჯერად მას წარმოგიდგენთ, როგორც სამი შვილის მამას. კოკას სამი გოგონა ჰყავს და ამბობს, რომ ცდილობს კარგი მამა იყოს. გვიყვება, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორ ახერხებს შვილებთან ურთიერთობას და რა გამოწვევაა სამი ქალიშვილის მამობა:
- პროფესიით ვარ ისტორიკოსი. თინეიჯერობის ასაკში მუსიკის სიყვარულმა ჩემს მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში, რადიოში მიმიყვანა. 18 წლის ასაკში დიჯეი ვიყავი. წლების შემდეგ მოვხვდი "პალიტრა მედიაში" და უკვე 11 წელია აქ ვარ. ეს არის საქმე, რომელიც მომწონს. გვაქვს ნიუსრუმი, ახალი ფორმატის გადაცემა. ვფიქრობ, ქართულ ტელესივრცეში შინაარსობრივად შეიძლება იმდენად განსხვავებული არ იყოს, მაგრამ ტექნიკურად სიახლე იყო, როცა ლაივ რეჟიმში გავუშვით სმარტფონებით გადაღებული გადაცემა. საინტერესოა თავად ფორმატიც, რომელიც პროდიუსერებმა ჩემს ხასიათს მოარგეს.
- რამდენი წელია მამა ხართ?
- მამა 2008 წლიდან ვარ. 11 წლის ხდება ჩემი უფროსი ქალიშვილი. სამი გოგონა მყავს, ბიჭი არ გვყავს, მაგრამ ძალიან კარგი გოგონები მამა ვარ.
- ოდესმე გიფიქრიათ მამობაზე, ბევრ შვილზე?
- ბავშვობიდან მქონდა განცდა, რომ ოთხი შვილი მეყოლებოდა. სულ მინდოდა, ძმა მყოლოდა - ერთი და მყავს, ტყუპისცალი. 28 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ასაკია ამისთვის.
- ახლა აქტიურად საუბრობენ მამების დეკრეტულ შვებულებაზე, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- მგონია, რომ ეს ინდივიდუალურია. წყვილის ან კონკრეტული პირის გადასაწყვეტია. მე ამ საჭიროების წინაშე არ დავმდგარვარ და ამიტომ, არც მიფიქრია. ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, "კაცი დეკრეტში" საერთოდ არ განიხილებოდა. დედაჩემი გვეხმარებოდა მათ გაზრდაში. სულ ვამბობ, რომ არა მხოლოდ ეს, არამედ ყველაფერი, რაც ხდება, ინდივიდების გადასაწყვეტია და კლიშეები და სტიგმა მიუღებელია. ყველა ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ.
- როგორი მამა ხართ?
- ვფიქრობ, კარგი მამა ვარ იმიტომ, რომ ვიცი, რა არის მამის ფასი. ძალიან კარგი მამა მყავდა, რომელიც 13 წლის ასაკში დავკარგე... არაფერი დაუკლია დედაჩემს, მაგრამ მერე უფრო ფიქრობ, რომ მამის გარეშე ის წლები გაკლია. ამიტომ, ახლა თითქოს იმ დანაკლისსაც ვინაზღაურებ და ძალიან ვცდილობ, კარგი მამა ვიყო.
- რამდენად ხართ ჩართული მათ ცხოვრებაში?
- თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. რაღაც როლები აქაც განაწილებულები გვაქვს. განათლების ამბავში, 90 პროცენტით დედაჩემია ჩართული, სკოლაც სახლის წინ გვაქვს და იქ დადიან. ყველაზე მეტად რაშიც ჩართული ვარ, ეს არის მათი ჩაცმა. ძალიან მიყვარს შოპინგი, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი განტვირთვაა. ამ საკითხში ვაძლევ ხოლმე რჩევებს და ძალიან მოსწონთ.
- გულახდილები არიან თქვენთან?
- კი, საკმაოდ. ახლა უფროსი უკვე თინეიჯერობის ასაკში შედის და ვემზადებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს წინ, გართულებულია ეს პერიოდი. ვემზადები ყველანაირი სცენარისთვის. არა მგონია, ამის პირი უჩანდეს, იმდენად კარგები არიან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მომავალში და გარდატეხის პერიოდი როგორ იმოქმედებს მათზე. ერთმანეთთან ახლოს ვართ. პროფესიაზეც ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ. მინდა, რომ ეს თავიანთი არჩევანი იყოს. თავად რაღაც მონახაზებს აკეთებენ. ერთს პოლიტიკა აინტერესებს, მეორეს - მედიცინა, მესამეს ვარსკვლავობა უნდა. უფროსი ჟურნალისტობაზეც ფიქრობს. 9 წლის იყო ანამარია, საინფორმაცია გამოშვება რომ წაიყვანა პალიტრაში, ბავშვთა დაცვის დღეს და დღემდე ახსოვს. ყოველ პირველ ივნისს მეუბნება, წამიყვანეო. მოსწონს ეს პროცესი. არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტიკისკენ წამოვიდეს. სამივე აბსოლუტურად ინდივიდუალური ხასიათისაა. ერთი კონსერვატიულია ქცევებში, სწავლის მიმართაც. მეორე უფრო სპორტულია და გულწრფელობის ეტალონია. მესამე ზოდიაქოთი მორიელია და მე მგონი ამართლებს, უფრო თავის სასარგებლოდ მოქმედებს, თუმცა სამივე ძალიან თბილი და გულღიაა.
- როდესაც ბევრი გოგონაა ოჯახში, არის პრეცენდენტები, ბოლოს დაბადებულ გოგონას მამები ბიჭივით ზრდიან...
- არა, მსგავსი მიდგომა არ მაქვს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, სამივეს დაბადებამდე მქონდა განცდა, რომ ბიჭი იბადებოდა, თუმცა რასაკვირველია, ყველას დაბადება უზომოდ გამიხარდა და ჩემი ბედნიერებაა ჩემი ქალიშვილები. სხვათა შორის, ორივეს სახელი მე შევარჩიე - ანამარია და ნიტა, უმცროსის დროს, როცა სქესის დასადგენად წავედით მე და ჩემი მეუღლე, გოგოაო, გვითხრეს. სახელზე ვიფიქრეთ, მაიკომ თავისი ვარიანტი შემომთავაზა, მე ჩემი შევთავაზე და ვერ შევთანხმდით. მერე იქვე უცებ გადავწყვიტეთ, რომ ექიმის სახელი - სესილი, დაგვერქმია.
- ქალები ბევრი საფრთხის წინაშე დგებიან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, არიან ხოლმე ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ოჯახიდან ყოველთვის ვერ გრძნობენ იმ მხარდაჭერას, რაც საჭიროა და ხშირად ამის გამოც ითმენენ ბევრ რამეს. როგორი ზურგი უნდა ჰქონდეს გოგონას შინ, რომ უფრო თამამად გავიდეს ცხოვრებაში და რაღაცების არ ეშინოდეს?
- რა პრობლემის წინაშეც არ დგას ადამიანი, იმაზე არ ფიქრობს. მეც ამაზე ბევრი არ მიფიქრია. მაინც მგონია, რომ მეტი კონტაქტი, მეტი ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის კარგი რაღაცების საწინდარია და უკვე იცი, რომ მომავალში რაღაცისგან მაინც დაზღვეული ხარ. ყველაფრისგან არავინ არ ვართ დაზღვეულნი, რა როგორ შეიცვლება, წინასწარ არ ვიცით. მაგრამ თავიდანვე გახსნილობა, სითბო და სიყვარული რომ ჩანს, მგონია, რომ იქ პრობლემები ნაკლებია.
- რას ურჩევთ მამებს, რომლებიც აქცენტს ბიჭებზე აკეთებენ?
- პირველ რიგში, შვილის სქესზე არ უნდა იფიქრო. საუკეთესო ქალიშვილები მყავს და ეს შესანიშნავია, მით უმეტეს მამებისთვის. კლიშე მეგონა, რომ ამბობდნენ, მამისა და ქალიშვილის დამოკიდებულება ფენომენალურიაო. განსაკუთრებული გრძნობაა, თუმცა ალბათ ასეთივე ვიქნებოდი ბიჭთანაც, რომ მყოლოდა.
- გრაფიკიდან გამომდინარე, რამდენად გრჩებათ დრო მათთან საურთიერთოდ?
- ჩემი არც ერთი შვილის სკოლაში წასვლა არ მინახავს იმიტომ, რომ ამ დროს ყოველთვის სამსახურში ვარ. ამ ნაწილზე პრივილეგიები მაიკოს აქვს. თუმცა, საურთიერთოდ დრო მრჩება, 4 საათიდან უკვე თავისუფალი ვარ. სკოლაში უფროსს ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს - მარინა ბედოშვილი. მან დაგვპატიჟა, გამოიჩინა ინიციატივა, რომ თავისუფალ დღეებში, შაბათობით, რომელიმე ბავშვის მშობელს ჩაეტარებინა შეხვედრა ბავშვებთან. პირველმა მე დავიწყე, სამსაათ-ნახევარი ვისუბრეთ. იმდენად კმაყოფილნი იყვნენ, ჩემი შვილიც და სხვა ბავშვებიც თვალანთებულები მიყურებდნენ. უამრავი კითხვა ჰქონდათ და ძალიან კარგი იყო, მომეწონა შვილის თანაკლასელებთან ასეთი კონტაქტი. სახლშიც ვეკითხებით ბავშვებს, რა თქმა უნდა, გარდა სასწავლო პროცესისა, რა ურთიერთობა აქვთ თანაკლასელებთან, მაგრამ თავად რომ ეცნობი, ძალიან კარგია. იმიტომაც, რომ ძირითადად მაინც დედები არიან სკოლაში, ექსკურსიებზე აქტიურები. ძალიან კარგი ინიციატივა იყო. დასაფასებელია ამ ტიპის მიდგომები მასწავლებლების მხრიდან. იმ ენერგიისთვის, რომელსაც ბავშვებში დებენ, სულ ცოტა, მადლობა მაინც უნდა ვუთხრათ. მომთხოვნებიც უნდა ვიყოთ, რადგან მე თუ ჩემს შვილს ვუშვებ სკოლაში, უნდა მქონდეს იმის გარანტია, რომ იქ მიდის სასწავლებლად და არის უსაფრთხოდ.
- რას ურჩევთ მამებს პირადი გამოცდილებიდან?
- ყოველთვის ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველა საკუთარი შეგნებიდან გამომდინარე მოქმედებს. მეც არ მივიღებ ვიღაცისგან თავსმოხვეულ რჩევას, ეს ბუნებით უნდა მოდიოდეს შენგან. უბრალოდ, ყველასთვის რაც აუცილებელია, ვეტყოდი, რომ, მესმის, მუშაობთ, რთულია, მაგრამ მეტი დრო გამოვნახოთ შვილებისთვის და ვიყოთ მათთან გულახდილები. დრო არ არის ბევრი, სწრაფად იფლანგება და ჩვენ რეალურად ვკარგავთ მთავარს, ეს არის ურთიერთობები. მერე ყველაფერი როცა უფერულდება და იყინება, შედეგიც სხვა გვაქვს. გამოვლინებები სხვადასხვა ასაკშია, იმიტომ, რომ არათბილად გაზრდილი, შვილსაც ასე ექცევა. თაობები იზრდება ასე...
თამარ იაკობაშვილი