მამები გოგონების ცხოვრებაზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე დედები
მამები გოგონების ცხოვრებაზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე დედები
მამა გოგონას ცხოვრებაში მთავარი ადამიანია - ასე ამტკიცებენ მეცნიერები, მიუხედავად იმისა, რომ აღზრდაში ოჯახების უმრავლესობაში მთავარი როლი დედას ენიჭება ხოლმე. ასე არის ხოლმე ბიჭების შემთხვევაში - დედის როლი ბიჭის აღზრდისას ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამის ურთიერთობები ვაჟთან. ბოლო კვევებით კი ირკვევა, რომ გოგონას ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს ის ურთიერთობები, რაც აქვს მას მამასთან და ის როლი, რაც ენიჭება მამას მის ცხოვრებაში. როგორც არ უნდა ეცადოს დედა, მას არ შეუძლია შეცვალოს მამა
შვილის ცხოვრებაში, რადგან მას უდიდესი როლი აქვს და ამიტომ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ფსიქოლოგები და სოციოლოგები, რომ მამაკაცებმა ეს როლი უნდა გააცნობიერონ, გაითავისონ და რაც შეიძლება მეტად და რაც შეიძლება პოზიტიურად იყვნენ ჩართულები შვილების აღზრდაში. 
mshoblebi
ეს კი მეცნიერების საინტერესო კვლევებზე დაფუძნებული დასკვნები:
  1. მამა მნიშვნელოვანია გოგონას ემოციური განვითარებისთვის - მამის სათანადო ყურადღება და გულწრფელი სიყვარული გოგონას დაცულობისა და კომფორტის განცდას უქმნის, ასევე თავდაჯერებას და თვითშეფასებას უმაღლებს. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია მის ქალურობასთან, წარმატებულ პირად ცხოვრებასთან და მის დამოკიდებულებასთან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი. როდესაც გოგონა გრძნობს მამისგან განსაკუთრებულობას, იმას, რომ მამისთვის ის საამაყო და საყვარელი არსებაა, ეს უმაღლებს საკუთარი ღირსების განცდას და სხვა მამაკაცისგანაც ყოველთვის
    სათანადო პატივისცემას და სიყვარულს მოითხოვს. ასეთი გოგონები სტატისტიკურად უფრო ნაკლებად ხდებიან მოძალადე მამაკაცების მსხვერპლები და ნაკლებად იტანჯებიან კომპლექსებით.
  2. რატომ არის მნიშვნელოვანი მამა პრაქტიკული თვალსაზრისით - მამის ქალიშვილთან ურთიერთობაზე დამოკიდებულია დიდწილად ის, თუ როგორი ურთიერთობები ექნება გოგონას მომავალში საპირისპირო სქესთან და როგორ აირჩევს ცხოვრების თანამგზავრს. თუ გოგონას სიახლოვეს არ იქნება მამა (უმამოდ იზრდება ან მამა არ არის ჩარეული აღზრდაში), მომავალშიც არის დიდი შანსი, რომ ის მამაკაცებს "უცხოებად" აღიქვამს. მამასთან მისი ურთიერთობა თურმე გავლენას ახდენს ფულთან ურთიერთობაზეც. მშობლების წყენები, უკმაყოფილობა, მათთან დაძაბული ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემის არქონა პოზიტიურ ნაკადს უშლის ხელს ადამიანის ცხოვრებაში და თურმე მის ფინანსურ წარმატებაზეც ახდენს უარყოფით გვალენას. მამასთან ურთიერთობა, მეცნიერთა აზრით, გოგონას მიზანდასახულობაზეც მოქმედებს და კარიერულ წარმატებაზეც.
  3. მამებმა გოგონების ცხოვრებაში მონაწილეობა სულ თავიდანვე უნდა მიიღონ - ბევრი კვლევის თანახმად, მამები, რომლებიც დაბადებისთანავე მონაწილეობდნენ ბავშვის აღზრდაში და თავიდანვე აიყვანდნენ ხოლმე ხელში ახალშობილს, მომავალში მეტად აგრძელებდნენ მოზარდ შვილებთან თამაშსა და მათზე ზრუნვას. მზრუნველი მამის როლი ოჯახის განვითარებაზეც მოქმედებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომელთა მამები მათი ახალშობილობიდან აქტიურად მონაწილეობდნენ მათ აღზრდაში, გაცილებით მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ მოტორული და გონებრივი განვითარების ტესტებში. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ბავშვები უფრო გულისხმიერები იზრდებიან სოციალური კუთხით. წყვილს შორისაც ნაკლები განხეთქილებაა, როცა მამა დედას ბავშვების აღზრდაში სათანადოდ ეხმარება. გოგონებისა და მამების მყარი ემოციური სიახლოვე, რომელიც ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს, უზრუნველყოფს ასევე გარდატეხის ასაკის იოლად გადალახვის მეტ ალბათობას.
  4. ორივე მშობელი უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - ეს, რასაკვირველია, ჩვეულებრივი ჭეშმარიტებაა. ბავშვები ბევრს სწავლობენ დაკვირვების პროცესში და ბაძავენ მშობლებს. სწორედ დედისა და მამის ურთიერთობების მოდელი ახდენს გავლენას მათ მომავალ ოჯახურ ურთიერთობებზე. ისევ მამებს და გოგონებს რომ დავუბრუნდეთ, მამები რაც შეიძლება ღირსეულად უნდა მოიქცნენ მეუღლეებთან და ქალიშვილებთან, რათა გოგონები ხედავდნენ მათში მფარველსა და საყრდენს. ხშირად მათი ცხოვრების მეგზურები ხდებიან მამაკაცები, რომლებიც რაღაც თვისებებით მათ მამებს ჰგვანან.
mshoblebi

1606
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი