"ეს საგანგებო წერილია შენთვის, ალბათ 20 წლის რომ გახდები, მაშინ რომ წაიკითხავ" - ქართველი მამის წერილი ახალდაბადებულ ქალიშვილს
"ეს საგანგებო წერილია შენთვის, ალბათ 20 წლის რომ გახდები, მაშინ რომ წაიკითხავ" - ქართველი მამის წერილი ახალდაბადებულ ქალიშვილს
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი მანუჩარ პირველი ახალდაბადებულ ქალიშვილს სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს უძღვნის:

"კესანე!

თავადაც არ მჯერა, ახლა ამ წერილს რომ შენ გწერ.
დღეს სახლში მოხვალ, სიცოცხლით და სიხარულით აავსებ ჩვენს ნავსაყუდარს.

რომ იცოდე, შენამდე რა დიდი გზა გამოვიარეთ?!
და წინ რამდენი სიხარული გვაქვს ერთად გასავლელი?!
რამდენი სირთულე ცხოვრებისეული გზისა, რამდენი სიიოლეც?
ამას და ამის იქით უამრავ თავგადასავალს -
ვიცხოვრებთ და ვნახავთ,
ვნახავთ და მოვესწრებით.

შენ მოდიხარ და მე ფართოდ უნდა გაგიღო არათუ სახლის, უპირველესად გულის-კარი და მისი ოქროს გასაღები
შენ ჩაგაბარო, რადგან ამიერიდან შენ იქნები ჩემი ფიქრებისა და მოღვაწეობის შთაგონება.

შენ მოდიხარ და მე კარს გიღებ.
ოღონდაც… გალაკტიონი რომ ამბობს:
„მე შენს სიყვარულს ვზოგავ,
ზოგავს ნარინჯებს ქარი.
ბაღში რომ შეხვალ, გოგოვ,
ღია არ დაგრჩეს კარი“.

ჩვენ ერთად - დიდხანს და დიდხანს ვივლით ამქვეყნიურ გზა-შარაზე, - შენ შემისწავლი მე, მე კი შენ გაგზრდი. შენ შემოიტან ჩემში შენს მისწრაფებებსა და სურვილებს. მე შევეცდები, თვალი გავუსწორო მათ და შეძლებისდაგვარად დაგიკმაყოფილო ბავშვური მოთხოვნები; შენ დაამკვიდრებ ჩემში შენი თაობის სიახლეებს, მე კვალდაკვალ გამოგყვები, რათა თვალი გავუსწორო და არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას.

შენ ჩემს იმედად იქნები, რადგან მტკიცე ზურგი ვიქნები შენთვის - ჩემი წარსულით, და მეხამრიდად ვიქცევი შენთვის ყოველ სავალზე...
ასე
ვისულდგმულებთ ერთმანეთით: მე - შენთვის, შენ - ჩემთან ერთად; და გაგრძელდება ეს ისე დიდხანს, ისე დიდხანს, რომ სხვა განზომილებაში გადანაცვლების შემდეგაც შენს მფარველად ვილივლივებ - ისევ შენს გარშემო.

მამა, იცოდე, ცხოვრება დიდი და გასაოცარი ზმანებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმისთვის, რათა სულმა სისპეტაკე შეინარჩუნოს. ამისკენ არის განხრილი საკაცობრიო ყველა რელიგია, ფილოსოფიური სწავლება, მეცნიერებათა უმრავლესობები, მსოფლიო კულტურა და ხელოვნებაც ამაზეა დაფუძნებული, - არ იქმნება არც ერთი შედევრი, სადაც სულის განსპეტაკების თავისებური გზა არ იყოს წარმოჩენილი.

გონიერებაა საჭირო და ალბათ, ხედვის გამჭრიახობაც, რათა აღიქვა ეს მშვენიერება.
არ უნდა შეგეშალოს - ეს მშვენიერება შეიძლება უდიდეს სიმახინჯეშიც იმალებოდეს, - მსგავსად კვაზიმოდოსი, - ასეთ პარადოქსებსაც გვიწყობს ცხოვრება, იქ სადაც შენ შემოდიხარ.

თვალის ცთომილების გამო არ უნდა განიგდო შენგან სულით სპეტაკი. ეს არც იმას ნიშნავს, რომ „ათასეული და ბევრეული“ ქვეყნიური შლამი შენს გულში დაავანო და შეივსო მათით შენი ცხოვრება, - ყურადღება ყველას მიმართ გამოიჩინე, გადამეტებული არაფერი ვარგა, თვით სიკეთეც კი.

აი, წიგნს რომ წაიკითხავ - კარგსაც და ცუდსაც, - მათში ბევრი რამ სასარგებლოც ეწერება და უსარგებლოც. ამას შინაგანი ინტუიცია გიკარნახებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ წიგნიდან - ცხოვრებაში გამოსული - წიგნის კანონებით ვეღარ იცხოვრებ. ის სხვა სამყაროა, ვირტუალური და ირრეალური, სადაც ავტორი ბევრ რამეს გკარნახობს, ზოგჯერ თავისსავე წამოწყებული თამაშის წესებს გამორჩილებს, იმისკენ მიგაპყრობინებს ყურადღებას, რასაც სხვა შემთხვევაში არც და ვერც შეამჩნევდი.

ეს კარგიცაა და სახიფათოც ერთდროულად, რადგან რეალობაში დაბრუნებული დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებად ბრუნდები, - თუ აქამომდე არ ყოფილხარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ უთუოდ დამოუკიდებლად მოაზროვნე ხდები.

აქ არავინ გიკარნახებს კვაზიმოდო ვარ და შემხედეო, ან აპოლონი ვარ და შემიყვარეო, რომეოდ მოსულთან შენ ჯულიეტად ვერ გადაიქცევი, ეს შენი პირადი ცხოვრებაა, და ამიტომ... ცხოვრება დამოუკიდებელი აზროვნების პროდუქტია, - როგორც იაზროვნებ, ისე იცხოვრებ, - ეს არაა თეორემა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება; არც აქსიომაა, რომელიც ბრმად, დამტკიცებულად უნდა მიიღო, - სადაც მონობაცაა და დამოუკიდებლობაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი უნდა აირჩიო ცხოვრების წესად.

მართალი გითხრა, ცხოვრებისეული გამოცდილება, და ასე ვთქვათ, ბიოგრაფიული ხიბლი ორთავეგანაა - დამოუკიდებლობაშიც და დამოკიდებულებაშიც.
ვერაფერს გირჩევ ამ მხრივ, - რადგან ვიცი, მონა-მორჩილი დიოგენე გაცილებით უფრო დიდი თავისუფალი პიროვნება იყო, ვიდრე მისი მესაკუთრენი.

ჭეშმარიტებისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავდა და ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე მიდიოდა. ამიტომ არაფერს გეტყვი ჭეშმარიტებაზე ამ ეპისტოლეში, ამისკენ თავად უნდა ისწრაფო. მთავარია, არსებულ მოცემულობას როგორ გამოიყენებ და ამ გამოყებით რა სარგებლობის მიცემას შეძლებ ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, სულაც უცხოთათვის, სამშობლოსათვის და სამყაროსათვის.

იცოდე, სიცოცხლე მოკლეა და ამიტომ უნდა შევეცადოთ იმ სულის სისპეტაკით, თავში რომ გესაუბრე, დავაგრძელოთ წუთიერ-სოფელი.

მე ახლა შორეულ წარსულსაც ვუყურებ და შორეულ მომავალსაც, რადგან აქ ვდგავარ და შენ გელოდები; არა იმისთვის, რომ გავერთო შენი თოთოობით, - არამედ იმისთვის, რომ ვიტვირთოთ მეც და შენც მამა-შვილობის მადლი.

შენ ჯერ პატარა ხარ საამისოდ, შენს საზიდარსაც მე ვზიდავ ერთხანს, მერე თავადაც შემეხიდები ამ საზიდარის ტარებაში. მერწმუნე, მძიმეცაა იგი და მსუბუქიც ერთდროულად.
მძიმე რომაა, იმიტომაა მსუბუქი;
და მსუბუქი იმიტომაა, რომ ეს შენთვისაა, - შენ გეკუთვნის.

ეს საგანგებო წერილია შენთვის, ალბათ 20 წლის რომ გახდები, მაშინ რომ წაიკითხავ. მასში ვერ ნახავ სადღეისოდ და სახვალიოდ ამოსახსნელ ყოფით თავსატეხებს. არსებითად არაფერს მოგწერ, არ დაგიმძიმებ ცხოვრებას, ისედაც მოგიწევს მომავალში სირთულეებისა და სიძნელეების ზიდვა და ატანა.

ეს საგანგებო წერილია შენთვის, სადაც ის დილემებია, რომელშიც ყველა ადამიანი - სვებედნიერიც და უიღბლოც - ხვდება და ყველა თავისებურად იგნებს გზას ამ ლაბირინთში.

ეს წერილი არც გზის მაჩვენებელია, - მასში ამოიკითხავ მხოლოდ იმას, რაც შეიძლება დაინახო ქვეყანაზე და ზოგი რამ, არც უნდა გაიკვირვო.

არის ხოლმე, წერილებზე პასუხებსაც სცემენ... ყოველ შემთხვევაში, ადრეულ საუკუნეებში და ჩემს ბავშვობაშიც ადამიანთა ურთიერთობის ერთ-ერთ აპრობირებულ საშუალებად ასეთი ეპისტოლეებიც ითვლებოდა.
მე არ გთხოვ ამ წერილზე პასუხს, ის არაა დაწერილი იმისათვის, რომ ჩემს მოსაზრებებზე შენი პასუხი მოვისმინო, - ეს ხომ სიმბოლური ხასიათის უსტარია.

შენი ცხოვრების მართლზომიერი წესი იქნება ამის უპირველესი პასუხი... და თუ მაინც მოისურვებ პასუხის გაცემას, მე არც დაგიშლი და ვერც დაგიშლი. უბრალოდ, ჩავთვლი, რომ შენ ქვეყნიური სიბრძნის დიდი წილი ათვისებული გაქვს, ამიტომ შენს პასუხში, წინდაწინ ვიცი, რაც იქნება - იდეათა ჭიდილი იქნება - შენი გზავნილი მომავლიდან.

თუ ცოცხალთა შორის ვიქნები, სულმოუთქმელად წავიკითხავ, დავიზეპირებ კიდეც, რამდენადაც გონება და მახსოვრობა გამიშვებს და ვინძლო, პასუხიც გაგცე, თორემ სხვა შემთხვევაში - შენს წერილს წვიმად დავეპკურები და გაგინათებ გონებას, რათა გაგიიოლდეს წერა.

გამორჩეულს ვერაფერს გეუბნები, ჩემო გოგონა, გამორჩეულად კი გეტყვი... დიდი იმედი მაქვს, შენთვის ეს წერილი ზუსტად ისეთი საკრალური ძალისა და მნიშვნელობისა იქნება, როგორც სახსოვარი, სათუთად რომ ინახავენ ადამიანები გულშიც და სანუკვარ ნივთიერ საგნად აქცევენ დროთა განმავლობაში, ზოგისთვის სამუზეუმო ექსპონატის ტოლ-ფასი ხიბლი რომა აქვს.

ჯერ მხოლოდ შენ მყავხარ მხედველობაში და შენს უკან, მთელი შენი თაობა, ვისთან ერთადაც იცხოვრებ ერთდროულად და პარალელურად, ჩამოყალიბდებით პიროვნებებად. ალბათ, შენი ცხოვრებისეული თანამგზავრისთვისაც ისეთივე ყურადსაღები იქნება, როგორც შენთვის, მარტო ყურადსაღები კი არა, - სისხლხორცეულად მახლობელი.

ერთს კი გეტყვი არა თავის შესაცოდებლად, არამედ დასამახსოვრებელ კანონად ჭეშმარიტების გზაზე სავალად:
არასოდეს ენდო თვალს, - რომელიც უყურებს და არ ხედავს;
არც გონებას, - რომელიც განსჯის და არ განჭვრეტს.
მაგალითი?
კეთილი! არასოდეს ჩათვალო არითმეტიკა აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, - რატომ? იმიტომ, რომ ერთს რომ ერთი დავუმატოთ, ყოველთვის ორი არაა.

ჩემს შემთხვევაში ის ხუთის ტოლია. თვალი კი უყურებს და თითები ითვლიან სხვანაირად, მაგრამ მეც შემომხედე... ეს კიდევ არაფერი - ცხოვრების უკუღმართობამ იმ ხუთს საყრდენი გამოაკლო და ღმერთმა მაინც არ გაგვწირა, - მაინც ხუთნი დავრჩით.

აი, განსჯისა და განჭვრეტის, ყურებისა და ხედვის ცოცხალი და უტყუარი მაგალითი. ჩემი ცხოვრების ამ დრამის შესახებ მხოლოდ იმისათვის გავამახვილე შენი ყურადღება, რომ გახსოვდეს ისტორიის კეთილად შემოტრიალებული ფურცელი.
ჩვენ გაგვიმართლა!

ამიტომ უნდა გქონდეს ღვთის მოწიწება და რიდი. მე და ჩემი და-ძმები, ობლები, დიდი დედის მფარველობით გავიზარდეთ და მან თავისი მადლიანი კალთა დაბადების პირველივე წუთებიდან დაობლებულ სამივე ძმას გადმოგვაფარა.

შენც პირი იბრუნე ღვთისკენ და იმ ყვავილივით ევედრე ღმერთს, შენ რომ სახელი დაგარქვით და მთელი შეგნებით ყოველი გათენებული დღისთვის მადლობა გადაუხადე დამბადებელს, - კესანე!

როცა ღმერთს ყველა მცენარესთვის სახელი უწოდებია, ერთი პაწაწინა, ლურჯი მზისგულა უსახელო ყვავილი ატირებულა: არ დამივიწყო უფალოო!
მაშინ უფალს უთქვამს მისთვის: "სწორედ ეგ იქნება შენი სახელიო".
ახლა ამ ყვავილს ყველა ენაზე "არ დამივიწყო" ჰქვია. ჩვენში - კესანე!

„არ დამივიწყო“ კი არა,
შენ არ დაივიწყო უფალი, კესანე!

შენი მამიკო,
მანუჩარ პირველი.
2020 წლის 10 სექტემბერი".
7336
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
natia
0
dzalian kargi werilia gulidan wamosulisityvebit namdvilad samayo mama iqnebit da tqveni shvilic kargi adamiani iqneba radgan mas kargi mama gazrdis
21:12 / 06-10-2020
მაია
0
ჯანმრთელი, წარმატებული და უბედნიერესი დაგიბეროთ უფალმა, თქვენი ერთიციდა მზის სხივი ❤️⛪❤️
04:35 / 11-09-2020
მსგავსი სიახლეები