"გულისფანცქალით მივიჩქარი შინისკენ... მთელი ღამე დავყურებ ჩემს ფუშფუშა გოგოს" - მამიკოს "რაღაცნაირი" განცდები
"გულისფანცქალით მივიჩქარი შინისკენ... მთელი ღამე დავყურებ ჩემს ფუშფუშა გოგოს" - მამიკოს "რაღაცნაირი" განცდები
როცა სახლში პატარა ბავშვი ჩნდება, გრძნობის ყველა ორგანო მის სიახლოვეს გამცნობს. ჯერ მარტო ყნოსვაც საკმარისია - ისეთი სურნელი ახლავს თან ამ პაწაწინა არსებას, რომ ლამის დაგათროს. მისი კრემების, ზეთების, პუდრების, სველი ხელსახოცებისა და კიდევ "რაღაცნაირი" სურნელება მთელ სახლში დგას. ერთხელ ეს სუნი მთელი დღე დამყვებოდა: ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, მანქანაშიც, სამსახურშიც. მეგონა, ჰალუცინაციები დამეწყო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ შინ სარეცხი ფხვნილი გაგვითავდა და ცოლმა ჩემი მაისური ბავშვის ფხვნილში გარეცხა.
სულ მიკვირს, როგორ ქმნიან ბავშვური ნივთების მწარმოებლები ამ საოცარ სუნებს ისე ოსტატურად, რომ პირდაპირ ათიანში არტყამენ. უფროსი შვილის დაბადების შემდეგ 4 წელი გავიდა. მაშინდელი სურნელებაც ხომ მახსოვს. ახლა ელენეს ნივთებს რომ ვყნოსავ, მეჩვენება, რომ ამდენი წლის შემდეგ ეს სუნები არ შეცვლილა. მაგრამ ეს სურნელება არაფერია თავად ბავშვის სუნთან. ეს ყველაზე ნაზი, მშობლიური და მყუდრო სურნელია ამ ქვეყნად. ერთმანეთთან თითქოს რძის, ატმის, შაქრისა და თაფლის სუნია შეზავებული. ბედნიერების და ანგელოზების სუნი... ყოველდღე გულისფანცქალით მივიჩქარი სახლში, რომ ჩემი ფუშფუშა გოგო ხელში ავიყვანო, გულზე მივიკრა და გემრიელად შევისუნთქო, კიდევ და კიდევ... რა ბედნიერებაა, ეს სუნი რომ ისევ დაბრუნდა ჩვენს ოჯახში.

ბავშვის ხელში ჭერა ნამდვილი ბედნიერებაა. როცა
არწევ, ხელებს მისი რბილი სხეული გითბობს. თუ თავისი ციცქნა თითუჩებით შენს ცერს მოეჭიდება, გგონია, რომ აღარასოდეს გაგიშვებს. ხელებზე დაწვენილი ამ ციცქნა არსების შემყურეს გული მეწურება, თან სიყვარული მეძალება და ამდენი ემოციისგან შეპყრობილი ღამეც ვეღარ ვიძინებ. წამოვჯდები და ჩემს გოგოს დავცქერი. საოცარი ძილი იცის...
chvili, ჩვილის მოვლა
ამ პატარა სასწაულს თვალს ვერ ვწყვეტ. მინდა ყველაფერი ვნახო, რაც მის თავს ხდება: ღიმილი, ტუჩების წკლაპუნი, თვალების ფახული... აი, სათამაშო პირველად დაიჭირა ხელში, საგნების თვალიერება დაიწყო, ხელ-ფეხს აჭყუმპალავებს წყალში... ცოტა ხანში მრგვალ, ვარდისფერ ბუშტად გადაიქცევა. უკვე მის მზერას ვიჭერ და გული სიხარულით მიცემს, რომ მამჩნევს და მცნობს.

მე მგონი ძალიან ლამაზია... ულამაზესი გოგოა მსოფლიოში. ხომ ასეთი პატარაა, მაგრამ მე უკვე ვხედავ მის ქალურ ნიშნებს. ისეთივე მომხიბვლელი და მომაჯადოებელია, როგორც დედამისი. ხომ ამბობენ, მამაკაცებს თვალებით უყვარდებათო... ჰოდა მართალია, მგონი შეყვარებული ვარ.

არსებობს მოსაზრება, რომ ჩვილები ერთ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ყველაზე გასაგები და ლამაზი ენაა მსოფლიოში. ამას დაამატეთ გულიანი ღუღუნი, აღუები და სლუკუნიც კი. ყველა ბგერაში იგრძნობა, რა უნდა, რას გთხოვს, რა მოეწონა, რა გაუხარდა... ვინ თქვა, რომ აღუას გაგება ძნელია, პირიქით, თუ კარგად დააკვირდებით, თვითონ მოგიყვებათ ყველაფერს.
მიყურებს ჩემი გოგო და ცდილობს რაღაც მითხრას, იმეორებს ბგერებს, ელოდება ჩემს პასუხს. მეც რაღაცას ვეუბნები და ასე გრძელდება ჩვენი დიალოგი, სანამ ჩემი ცოლი არ ჩაერევა და ემოციებით დატვირთულებს არ დაგვაშორებს ერთმანეთს.

მგონი ყველა გრძნობის ორგანო ჩავრთე ჩემს შვილთან სიახლოვეში... ვინმე ინტრიგანი იტყვის, გემო გამოგრჩაო...
ჯერ ერთი, ყოველი გემრიელი ჩაკოცნა, მით უმეტეს კისრის მიდამოებსა და ლოყის ძირებში, უკვე გემრიელია. ესეც რომ არ იყოს, ცოტა ხანში სახლი გაივსება ნაირ-ნაირი წვენებით, ფაფებით, პიურეებით, რომლებსაც, სავარაუდოდ, გვარიანად დათხუპნის და გაზილავს. როგორ ფიქრობთ, ვის მოუწევს მერე მათი მოსუფთავება?!

იხილეთ ასევე: რის ეშინიათ ახალბედა მამებს?
4 რამ, რაც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ - მათი სუპერნიჭი გაგაოცებთ
ახალბედა მშობლების 5 მთავარი შეცდომა
15743
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
ლელა
0
მაგარიი მამიკოოო
16:28 / 13-11-2018
ჯული
0
ასე მგონია ჩემმა შვილმა დაწერა,არიან ასეთი მამებიც
05:58 / 01-10-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```