ბევრმა არ იცის, რომ დეკრეტში გასვლა შეუძლია, ბევრს კი სამსახურში პრობლემაც შეექმნა 6 წლამდე ბავშვებს მამების 82% წიგნებს ყოველდღიურად არ უკითხავს. მათ არ მიჰყავთ ბავშვები სკოლაში, არ უმზადებენ კერძებს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, ყოველდღიური კომუნიკაცია უფრო და უფრო იკლებს - ეს მონაცემები გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩაატარებული კვლევის შედეგებია. ამავე კვლევის მიხედვით, კაცების 14% და ქალების 10% თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ფიზიკური შეურაცხყოფა, რათა შეინარჩუნოს ოჯახი. კაცების 65% და ქალების 53% ფიქრობს, რომ ქალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს იმავე მიზნით.
ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი, მირიან ჯუღელი :
"ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. გვაქვს მონაცემები კაცების ჩართულობის შესახება სახლის დალაგებაზე, კერძების მომზადებაზე, საოჯახო ნივთების შეკეთებაზე, ტანსაცმლის რეცხვაზე.
- მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სურათი ყველასთვის ცნობილია. გამოკითხვის შედეგები რამდენად დაემთხვა მოლოდინს?
- გააჩნია საკითხს. საოჯახო საქმეებში კაცების ჩართულობის კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო საოჯახო საქმეების განაწილების შესახებ რესპონდენტთა განწყობებისა და მოლოდინების შესწავლა. ამ მიზნით რესპონდენტებს, მათი ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ეკითხებოდნენ, თუ როგორ იყო, არის ან სამომავლოდ იქნება განაწილებული მათსა და პარტნიორებს/მეუღლეებს შორის საოჯახო საქმეები. გამოიკვეთა საოჯახო საქმეების განაწილების შემდეგი სურათი: "ქალურ" საქმეებად ცხადდება ტანსაცმლის გარეცხვა, სახლის დალაგება, ოჯახში ჰიგიენური პირობების დაცვა, საჭმლის მომზადება და ბავშვების მოვლა. "მამაკაცურ" საქმედ, ტრადიციულად, საოჯახო ნივთების შეკეთება ითვლება. ძალიან საინტერესოა, რომ კაცების უმრავლესობა ამბობდა, რომ ისინი სახლს არ ალაგებენ, გადამწყვეტი სიტყვა მათ ეკუთვნით, მაგრამ მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, კაცების 54% თვლის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს. რთული სათქმელია, ამ კამპანიის შედეგად რამდენი კაცი ჩაერთვება საოჯახო საქმეებში. საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა სტერეოტიპული მოსაზრებები, ჩვენ გვსურდა ამ თემაზე დისკუსია ფაქტებით და კვლევის შედეგებით გამყარებულიყო. იმედია, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ისეთი პროგრამების ეფექტიანი დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში კაცების ჩართულობის გაზრდას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების შეცვლას. მაგრამ ამ სტერეოტიპების შეცვლას ზოგჯერ ძალიან დიდი დრო, ხშირად თაობების შეცვლა სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩემი დაკვირვებით, ქუჩაში უფრო და უფრო მეტი მამა ჩანს შვილთან ერთად. ვხედავ ახალგაზრდა მამებს, რომლებიც პარკებში ბავშვებს ასეირნებენ. კარგია, რომ მიდგომა იცვლება.
- რამდენიმე თვის წინ საქართველოში პირველად მოხდა, რომ მამაკაცი დეკრეტში გავიდა...
- კი, შვილის შეძენიდან 1 თვე მეც ვიყავი დეკრეტში. მას შემდეგაც სულ რაღაც ერთი თვეა, რაც სამსახურში გამოვედი. მე მხოლოდ 3-4 მამა მახსენდება, ვინც დეკრეტში გავიდა, ბევრმა არ იცის, რომ დეკრეტში გასვლა შეუძლია, ბევრს კი სამსახურში პრობლემაც შეექმნა. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამაზე და მეტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი.
სრული ვერსია