ამ ადამიანის შესახებ მსოფლიომ რა ხანია იცის. ტეტრა-ამელიას სინდრომით დაბადებულ ნიკ (ნიკოლას) ვუიჩიჩს არასოდეს ჰქონია არც ერთი კიდური, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ძალიან დიდი ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული.
როგორც ჰყვება ხოლმე, ბავშვობაში ძალიან განიცდიდა თავის უნარშეზღუდულობას, მაგრამ მერე ისწავლა ამით ცხოვრება. დღეს ის ცნობილი ორატორი და მქადაგებელია, ლექციებს კითხულობს მსოფლიო მასშტაბით და გარშემო მყოფებს უზიარებს თავის გამოცდილებას, ასწავლის ადამიანებს, როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ არაფერმა შეუშალოთ ხელი ბედნიერებაში. ძირითადად ახალგაზრდებსა და ბავშვებს მიმართავს, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ, რომელთაც მოუწოდებს, ცხოვრების აზრიიპოვონ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითარონ. ვუიჩიჩი მორწმუნე ქრისტიანია და თავისი რწმენის შესახებაც ხშირად საუბრობს.
ნიკი სერბი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში, 1982 წელს. დაბადებიდან ჰქონდა იშვიათი გენეტიკური პათოლოგია ტეტრაამელია - სრულფასოვანი კიდურების გარეშე დაიბადა, თუმცა ჰქონდა ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. ამან მისცა შესაძლებლობა, თითების ქირურგიული დაცალკევების შემდეგ, ესწავლა სიარული, ცურვა, სკეტზე და სერფინგის დაფაზე სრიალი, კომპიუტერზე მუშაობა და წერა.
ფიზიკური ნაკლოვანების მიუხედავად, მან დაიწყო სიარული უნარშეზღუდულთა სკოლაში, თუმცა როგორც კი 1990-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიის ვიქტორიის შტატში შეიცვალა კანონი შშმ პირების შესახებ, მშობლებმა მოითხოვეს, რომ მას ჩვეულებრივ სკოლაში ევლო და მიაღწიეს კიდეც ამ მიზანს.
რასაკვირველია, ჰქონდა ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა, ტკივილი, და არც ისე იოლი ყოფილა ამ ყველაფრის გადალახვა.
"10 წლისას სერიოზული სტრესი მქონდა – თანაკლასელების ზეწოლას ვერ გავუძელი და თავის მოკვლა გადავწყვიტე. აბაზანაში ვაპირებდი დახრჩობას. მხოლოდ იმაზე ფიქრმა შემაჩერა, რამხელა ტკივილს მივაყენებდი ჩემს ახლობლებს", - იგონებდა ერთხელ ნიკი, რომელიც აქტიური მოღვაწეობისთვის არაერთხელ დააჯილდოვეს, მათ შორის, "საპატიო ავსტრალიელის" წოდებითაც.
ნიკს უამრავი ქვეყანა აქვს მოვლილი, გამოდის სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სხვა ორგანიზაციებში, მონაწილეობს
შოუებში და წერს წიგნებს. აქვს ორი უმაღლესი განათლება, საუკეთესო ორატორია. გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მასზე ორჯერ მეტი ასაკის თუ შესაძლებლობების ადამიანებს მიუღწევიათ.
გარდა იმისა, რომ შემოქმედებითად აქტიურია და ნამდვილი საზოგადო მოღვაწეა, ნიკს პირადი ცხოვრებაც აეწყო. მისი პოზიტიური ბუნება, მებრძოლი ხასიათი და სიცოცხლის ხალისი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მშვენიერი კანაე მიაჰარა მოეხიბლა. ამ ქალბატონზე ნიკოლასმა 2012 წელს იქორწინა.
ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი გაუჩნდა – კიეში ჯეიმს ვუიჩიჩი.
"ყველას დიდი მადლობა სიყვარულისა და ლოცვისთვის. ჩემი შვილი და მისი დედა თავს კარგად გრძნობენ", - წერდა გახარებული ნიკი, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი ულოცავდა მამობას. შვილის დაბადებამდე კი ნიკმა სოციალურ ქსელში თავის უამრავ მეგობარს ექოსკოპიის შემდეგ პირველი შთაბეჭდილებები ასე გაუზიარა: "ყველაფერი კარგად არის. ბავშვს ათივე თითი აქვს ხელებსა და ფეხებზე!"
დღეს ნიკს ოთხი შვილი ჰყავს - ორი ვაჟის მერე ტყუპი ქალიშვილი გაუჩნდა. ერთ-ერთი საუკეთესო მამაა, რომელიც არც ერთ ბედნიერ წუთს არ ტოვებს შვილების ცხოვრებაში, ბევრ დროს ატარებს მათთან და ცდილობს, ისინიც მასავით ბედნიერები და ხალისიანები გაიზარდონ, რომ ცხოვრებაში ვერანაირმა წინააღმდეგობამ ვერ შეაჩეროთ.