გამოცდილებამამების კუთხე
"ორივე მშობიარობას დავესწარი. ქალისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს..." - როგორი მამაა ზაზა თელია და როგორ მიაგნო ურთიერთდათმობის ხელოვნებას
"ორივე მშობიარობას დავესწარი. ქალისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს..." - როგორი მამაა ზაზა თელია და როგორ მიაგნო ურთიერთდათმობის ხელოვნებას
დღეს მამების დღეა... ბავშვის ცხოვრებაში მშობელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მას სჭირდება როგორც დედა, ასევე მამა. ჩვენს რესპონდენტს უამრავი ადამიანი იცნობს, როგორც ძალიან კარგ დერმატო-ვენეროლოგს. Mshoblebi.ge-ს მკითხველს მისგან არაერთი საინტერესო და საჭირო რჩევა მიუღია. ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში უამრავი ადამიანი წერს, უყურადღებოდ არავის ტოვებს. 23 წლის ასაკში დაოჯახდა და ახლა ორი შვილი ჰყავს, 7 წლის ლუკა და 3 წლის საბა. ჩვენი რესპონდენტი ზაზა თელიაა. დერმატო-ვენეროლოგთან ერთად, FIFA-ს სერტიფიცირებული სპორტული ექიმია, თუმცა დღეს
მას განსხვავებულ ამპლუში გაგაცნობთ. ბევრი ადამიანისათვის საყვარელი ექიმი მოგვიყვება, როგორი მამაა, რამდენადაა ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში და რა არის ყველაზე მნიშნელოვანი მისთვის ამ ურთიერთობაში:

- რა თქმა უნდა, ბავშვების აღზრდაში ჩართული ვარ. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ვცდილობ, თავისუფალი დრო მათთან ერთად გავატარო. ჩემი სამუშაო დღეები ძალიან დატვირთულია, ფაქტობრივად, ღამის 12 საათამდე გრძელდება. ამიტომ, შვილებთან ურთიერთობისთვის უქმეები მრჩება. თუმცა, სულ ვცდილობ, რომ ეს დრო კარგად გამოვიყენოთ.

- სასკოლო ცხოვრებაში თუ მონაწილეობთ, თუნდაც, დავალებების შესრულების პროცესში?

- დავალებების შესრულებაში უფრო დედაა ჩართული. რაც შეეხება სასკოლო ცხოვრებას, ჩემი უფროსი შვილი პირველკლასელია. პანდემიის პირობებში მოუწია სკოლაში შესვლა. სასკოლო ცხოვრება ჯერჯერობით გამოცდილი და ბოლომდე აღქმული არ აქვს, რადგან გაცილებით დიდი
პერიოდი ონლაინ სწავლობდა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან ურთიერთობისას, თქვენ რა გზას იყენებთ?

- ურთიერთდათმობის ხელოვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, ბავშვებთან ხშირი დიალოგი გვქონდეს, საკითხები ავუხსნათ და ამ გზით გავაგებინოთ. ბავშვის დასჯის მეთოდები არ იყოს ისეთი, როგორიც ჩემს თაობაში იყო. მეთოდები უნდა იყოს მსუბუქი და არა დროში გაწელილი. ბავშვს რაღაცები უნდა დავუთმოთ, თუმცა არა ისე, რომ მან იფიქროს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ოქროს შუალედის პოვნაა ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანიც. თავის მხრივ, ბავშვიც უნდა მიეჩვიოს რაღაცების დათმობას, უნდა იცოდეს, რომ სულ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მას სურს. სწორედ ამას დავარქვი ურთიერთდათმობის ხელოვნება.

- მკაცრი მამა ხართ?

- ვისურვებდი, რომ უფრო მკაცრი ვიყო, მაგრამ რატომღაც არ გამომდის სიმკაცრე. ზოგჯერ, შედარებით მკაცრი ვარ, თუმცა ძირითადად მათთან ლაპარაკს და ახსნას ვამჯობინებ.

- მშობიარობას თუ დაესწარით და ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამ დროს ქალს მეუღლე უდგას გვერდით?

- დიახ, ორივე მშობიარობას დავესწარი. ვფიქრობ, ქალისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს, რომ მშობიარობის დროს მამის იქ ყოფნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მშობიარობის გამოსავალს, აქტის შემსუბუქებას და დედის მხრიდან ტკივილის აღქმის უნარს. როგორც ვთქვი, ეს მეცნიერულადაა დამტკიცებულია. შესაბამისად, მეც გავითვალისწინე.

- თავისუფალ დროს შვილებთამ ერთად რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

- პატარა 3 წლისაა და, ფაქტობრივად, 2 და 3 წელი ამ პირობებში შეუსრულდა. პანდემიამდე უფროს შვილთან ერთად ყველაზე მეტად მიყვარდა გასართობ ცენტრებში სიარული. ახლა უფრო მეტად მათთან ერთად ეზოში ვთამაშობ, ერთად ვერთობით და სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ.
mshoblebi

- რა არის მთავარი მიგნებები, რაც შვილებთან ურთიერთობისას აღმოაჩინეთ და როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი?

- 90-იან წლებში გავიზარდე. იმ პერიოდში, აღზრდის თვალსაზრისით, განსხვავებული მიდგომები იყო. მშობლები უფრო მკაცრ მეთოდებს იყენებდნენ. პირველი შვილი 23 წლის ასაკში გამიჩნდა. ამიტომ, მთავარი, რაც გავითვალისწინე იყო ის, რომ მკაცრი სადამსჯელო მეთოდები არ გამომეყენებინა ბავშვებთან. ჩემი ყოველი ქმედება ახსნასა და დიალოგზე ყოფილიყო დაფუძნებული და შვილებისთვის მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა არ მიმეყენებინა. ბავშვების ცხოვრებაში მშობლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. როგორც დედაა მშობელი, ასევეა მამაც. ამიტომ, მანაც შესაბამისი როლი უნდა ითამაშოს აღზრდის პროცესში. ბავშვი მშობლების მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს.

- თავად როგორი ბავშვობა გქონდათ, მკაცრი მშობლები გყავდათ?

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ოჯახში გავიზარდე. გარდა დედისა და მამისა, ჩვენთან ერთად ბებია, ბაბუა და მამიდა ცხოვრობდნენ. აღზრდაში ისინიც მონაწილეობდნენ. ჩემი ძმისგან განსხვავებით, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩვენ შორის 11 თვეა სხვაობა. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. თუმცა, როგორც ვთქვი, მასთან შედარებით, მე ბევრად ცელქი ვიყავი. შესაბამისად, უფრო მეტ შენიშვნასაც ვიმსახურებდი. რაც შეეხება მშობლების სიმკაცრეს, მამის რიდი უფრო მქონდა იმიტომ, რომ მამა შედარებით მკაცრი იყო. რასაც, დედაზე ვერ ვიტყვი. დედა ყოველთვის გვიცავდა და გათამამებულები ვიყავით. ვფიქრობ, მშობლების ეს ხასიათი ერთმანეთს აბალანსებდა.

mshoblebi

- რამდენად იყვნენ ჩართულნი თქვენს სწავლაში, რამდენად გაკონტროლებდნენ?

- სწავლის პროცესში უფრო დედა იყო ჩართული. მე და ჩემი ძმა კერძო სკოლაში ვსწავლობდით. ერთ-ერთი ცნობილი სკოლა იყო, რომელიც იმ პერიოდშ გაძლიერებული სწავლით გამოირჩეოდა. პირველი კლასიდან მკაცრი გამოცდები გვიტარდებოდა. ამიტომ, არ მახსოვს, რომელიმე მშობელს სწავლაზე მიეთითებინა. მოზარდობის პერიოდში, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ყურადღებას იჩენდნენ, რადგან, ეს არ არის მარტივი ასაკი ბავშვებისთვის. შეიძლება რაღაც ეტაპებზე სწავლა არ მინდოდა, და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ბევრ თინეიჯერს გამოუცდია, მაგრამ იმდენად მეუხერხულებოდა და მრცხვენოდა მოუმზადებელი სკოლაში წასვლა, იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, მასწავლებელს ავეყენებინე და მეთქვა, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი, ყოველთვის ვსწავლობდი.

თამარ იაკობაშვილი

ბეჭდვა