რაც უფრო მალე გააცნობიერებს მამა საკუთარ როლს, მით უფრო ეფექტურად წარიმართება აღზრდის პროცესი როგორ უნდა გავხდეთ შვილისთვის საუკეთესო მამა? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვმა მამაკაცის საუკეათესო თვისებები შეიძინოს და ცხოვრების ყველა სიძნელეს ვაჟკაცურად გაუმკლავდეს. კარგი მშობელი ამ ყველაფერზე ზრუნვას ადრიდანვე იწყებს.
მამის როლი შვილის აღზრდის საკითხში იმდენად დიდია, რომ ბევრი ამას ბოლომდე ვერც აცნობიერებს. რა თქმა უნდა, ბავშვს ვაჟკაცობა დედის მუცლიდან არ დაჰყვება. ამ თვისებებს მამის ცოცხალ მაგალითზე თანდათან, წლიდან წლამდე იძენს.
რაც უფრო უკეთესი მაგალითი ექნება თვალწინ, რაც უფრო მალე გააცნობიერებს მამა საკუთარ როლს, მით უფრო ეფექტურად წარიმართება აღზრდის პროცესი, მით უფრო ძლიერი იქნება მამის გავლენა და მამაკაცის ავტორიტეტი ოჯახში.
აღზრდის დროს დაშვებული შეცდომები, სამწუხაროდ, არ ნაზღაურდება.
ცხოვრების პირველ ნაბიჯებიდანვე მამა ბიჭის პირველი მასწავლებელი და მისი საუკეთესო მეგობარი ხდება. მამაკაცებს აღზრდის თავისებური მეთოდები აქვთ, თუნდაც შეგნებულად არ ცდილობდნენ ამას. ბიჭიც ყოველთვის მამას ადევნებს თვალს, იმეორებს მის ქცევას და სამყაროსაც მისი თვალებით უყურებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურით ძალიან დაკავებულია, შვილს მაინც მაქსიმალური დრო უნდა დაუთმოს. სამწუხაროდ, ყველა მამა არ იქცევა ასე. ზოგიერთი მამა კი ძვირფასი საჩუქრებით ცდილობს ურთიერთობის დეფიციტის ჩანაცვლებას. ეს დიდი შეცდომაა და პირველ რიგში საკუთარი მოვალეობებისგან გაქცევაზე მიუთითებს.
ვიღაც კი მეორე უკიდუროსობაში ვარდება, სრულ კონტროლსა და მორჩილებას მოითხოვს. ყველაფერში ერევა და თავის წესებს ახვევს თავზე, მათ შესრულებას კი პედანტური სიზუსტით მოითხოვს. აღზრდის ეს გზაც, როგორც ზემოხსენებული, მცდარი და ზიანის მომტანია.
მომავალი მამაკცის აღზრდაში დაშვებული შეცდომები ყველაზე ცუდად სწორედ "მოსწავლეს" დაუბრუნდება უკან. არის რისკი, რომ შვილმა მომავალი ცოლისა და შვილების მიმართ სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ვერ გამოიმუშაოს. ამის შედეგები კი ძალიან მძიმეა. ამიტომ აუცილებელია, რომ მამა ერთგვარი იდეალი იყოს ვაჟისთვის.
ყველა ბიჭს სჭირდება დახმარება ცხოვრებისეულ საკითხებში, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ნორმების გათავისება. გამოდის, რომ თავად მამამაც ბევრი რამ უნდა იცოდეს და ბიჭის სრულფასოვან პიროვნულ ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილის შეტანა შეეძლოს. საქმე რაღაც ინფორმაციის გადაცემაში კი არ არის, არამედ მეთოდზე, თუ როგორ მოახერხებს თავისი ცხოვრებისული გამოცდილების შვილისთვის გაზიარებას.
სწორედ მამა უნდა დაეხმაროს ბიჭს, რომ მატერიალური ცხოვრების მიმართ საჭირო დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს. ანუ შექმნას ჩონჩხი, რომელიც ხორცს თავად შეისხამს. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შრომას, სწავლაში წარმატებას და ანალიტიკურ აზროვნებას.
მამის პიროვნული შეხედულებების შვილის სულიერ ფასეულობებზეც დიდ გავლენას ახდენს. სტატისტიკის თანახმად, თუ მამა მორწმუნეა, 70%-ის შემთხვევაში მორწმუნენი ხდებიან მათი შვილებიც. ხოლო თუ მხოლოდ დედაა მორწმუნე, შვილების მხოლოდ 5% იზიარებს მის რელიგიურ მრწამსს.
მამამ შვილს საოჯახო საქმეების გამოცდილებაც უნდა დაუგროვოს. თავის თავზე უნდა აიღოს სამუშაოს ყველაზე მძიმე ნაწილი. ბავშვს, რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი საქმით დააწყებინებს, მაგალითად სათამაშოების მილაგებით. ამას უფრო სერიოზული საქმეც მოჰყვება. ამის შემდეგ ფინანსებში და ყოფით საკითხებში გათვითცნობიერება უნდა მოჰყვეს. თანდათან ბავშვმა უნდა ჩამოიყალიბოს სწორი დამოკიდებულება ფულისადმი. არც უნდა დაემონოს მას, არც ზერელედ უნდა მიუდგეს, თითქოს ბანკნოტები ხეებზე იზრდება.
უნდა ასწავლოს სიტყვის ფასი. კაცისთვის სიტყვას და პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. მამამ შვილს თავდაჯერება, კანონის პატივისცემა და დისციპლინაც უნდა ასწავლოს.
რა თქმა უნდა, არც საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა უნდა დავივიწყოთ. მანდილოსნის მიმართ რაინდულ დამოკიდებულებას ყავლი არასოდეს გასდის. ამას ყველა ქალი აფასებს, რაც ახალგაზრდებს ხშირად ავიწყდებათ. ამ ასპექტში მამის არასწორმა მიდგომამ შეიძლება მომავალში შვილის ოჯახური ურთიერთობა სასწორზე შეაგდოს.
საერთოდ, მამისთვის ვაჟის აღზრდა უფრო რთულია, ვიდრე ქალიშვილის. მამებო, გახსოვდეთ, თქვენი ვაჟიც მომავალი მამა და მამაკაცია. ამიტომ ყურადღებით იყავით და მისი ხასიათის ყოველ ცვლილებას გულისყურით მოეკიდეთ, დროულად გამოვლენილმა ყურადღებამ შეიძლება ბევრი პრობლემა და დავიდარაბა აგაცილოთ თავიდან.
ნამდვილი მამაკაცი - ეს არის სიბრძნე, სიმამაცე, გულმოწყალება, მოთმინება და სიტყვის ძალა. ვის სიტყვასაც ფასი აქვს, ვისაც შეიძლება მთელი ცხოვრება მიანდო და პასუხად ღალატი არ მიიღო.
ასევე იხილეთ: ცდილობთ კარგი მამა იყოთ? ეს რჩევები თქვენთვისაა