"სახლში ვზივარ და ბავშვს ვუვლი, მაგრამ სამ სამსახურში ვიმუშავებდი სიამოვნებით, იმდენად დამღლელია ეს რუტინა, ამასობაში ირგვლივ ყველა ფიქრობს, რომ სახლში ხარ და არაფერს აკეთებ" - მშობლები

"სახლში ვზივარ და ბავშვს ვუვლი, მაგრამ სამ სამსახურში ვიმუშავებდი სიამოვნებით, იმდენად დამღლელია ეს რუტინა, ამასობაში ირგვლივ ყველა ფიქრობს, რომ სახლში ხარ და არაფერს აკეთებ"

2022-01-20 07:57:43+04:00

შესაძლოა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხვდებოდეთ ახალგაზრდა მამებს, რომლებიც მარტო ასეირნებენ შვილებს პარკსა თუ ქუჩაში, მიჰყავთ სათამაშო მოედანზე და ზრუნავენ მათზე. მრავალი წლის წინ, საზოგადოების ნაწილი ამ საკითხს სტერეოტიპულად უყურებდა და ფიქრობდა, თუ მამაკაცს ბავშვი მარტო მიჰყავდა სასეირნოდ, მარტოხელა იყო. დღეს კი საკითხი სხვაგვარად დგას. ეგ კი არა, უკვე ისეთი შემთხვევაც არაა ცოტა, როცა დედა მუშაობს, მამა კი დეკრეტულ შვებულებაშია. ეს უცხოეთში მიღებული პრაქტიკაა და მრავალი მშობელი აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ამ სქემას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ბევრიც მომხრე.

ერთი ახალგაზრდა მამა, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და შვილის მოვლა დაიწყო, საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს და სირთულეებს აღწერს.

"როცა დადგა საკითხი, რომ ცოლს მშობიარობის შემდეგ მალევე უნდოდა სამსახურში წასვლა, ბავშვი კი ძიძასთან ერთად იქნებოდა, გავაპროტესტე. გარდა ამისა, ძიძის ხარჯებიც ძალიან მაღალი იყო. თავისუფალი გრაფიკით ვმუშაობდი და შემეძლო საქმე დისტანციურად გამეკეთებინა. გადავწყვიტე სახლში დაჯდომა, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი დიდი ხნის ნანატრია ჩვენთვის, მე კი, ზრდასრული მამაკაცი, უფრო რთულ დავალებებს გავუმკლავდი. ჩემი მეუღლე ჩემს შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდა, რამაც უკმაყოფილება და კონფლიქტი გამოიწვია. დაჟინებით მოვითხოვე და დეკრეტულ შვებულებაში გავედი.

სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ ძირითადად მშვიდად იყო. ჭამე და დაიძინე, დაიძინე და ჭამე. მექანიკური მოქმედებები - გამოცვლა, გარეცხვა, კვება, სწრაფად ვისწავლე. პირველი ორი კვირა სახლში არავინ დაღლილა.

მერე ცოლი სამსახურში წავიდა და ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო: ჭირვეულობა სხვადასხვა მიზეზის გამო, ჭამა, დაძინება. თითქოს ყველაფერს ვუმკლავდებოდი, მაგრამ ვერც კი შევამჩნიე, როგორ შევწვყვიტე ჩემი პირადი საქმეების კეთება და მთლიანად ბავშვის მოვლაზე გადავერთე. ძალიან ვიღლებოდი, ამასობაში ირგვლივ ყველა ფიქრობდა, რომ სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი.

სახლში ვზივარ. დიახ, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი სამ სამსახურში, იმდენად დამღლელია ყოველდღიური რუტინა, მხოლოდ მაშინ მივხვდი დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალების ყველა პრეტენზიას. მივხვდი, რატომ იქმნება დამხმარე კლუბები პატარა ბავშვების დედებისთვის, რასაც ადრე სისულელედ ვთვლიდი და დავაფასე თითოეული წამი, დრო და ენერგია, რასაც შვილების მოვლას უთმობენ.

ძალიან ცუდია ინფორმაციული ვაკუუმი და საზოგადოების მიერ მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვის პროცესის გაუფასურება. "ტყუილად ზის სახლში ბავშვთან ერთად", "მხართეძოზეა წამოწოლილი დეკრეტულ შვებულებაში", "მთელი დღე ოთახებში ტრიალებს" - ასე ვფიქრობდი ერთი წლის წინ, ვიდრე თავად არ გამოვცადე ეს ყველაფერი.

დავიწყე იმის გაანალიზება, თუ რა სირთულეები არსებობს. პირველ რიგში, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის განწყობაზე. მეორეც, ეს ერთფეროვანი ფიზიკური აქტივობაა, რაც ნებისმიერ ადამიანს აღიზიანებს, რომელიც მინიმალურ მრავალფეროვნებას მაინცაა მიჩვეული. მესამე, ეს არის საზოგადოების და, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრების მხრიდან დაღლის უგულებელყოფა. ფაქტი ინფორმაციის ნაკლებობით არ არის გამოწვეული. ინტერნეტში ნებისმიერი რამის მოძიება შეიძლება, მაგრამ საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვო, რომ ყველაფრის სისტემატიზაცია შეძლო".

ბავშვზე ზრუნვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ეს არარეალურ უნარებს არ მოითხოვს. მაგრამ, დიდი მოთმინებაა საჭირო. ამიტომაც, თუ ახლობელი დედები/მამები გყავთ დეკრეტულ შვებულებაში, მხარი დაუჭირეთ, შეაქეთ და გაამხნევეთ. ეს მათ ნამდვილად სჭირდებათ.