გელას საყვარელი ნივთი 4 წლის იუბილეზე, მამას ნაჩუქარი წიგნი იყო ომი რომ დაიწყო, გელა 6 წლის ხდებოდა. მის მშობლებს 10 წელი შვილი არ ყავდათ და გელას დაბადება მათთვის ღვთის საჩუქარი იყო, ამიტომაც ცოტა არ იყოს, ათამამებდნენ პატარას. პირველად გელას უნდა ჰქონოდა, თუ რამე ახალი სათამაშო გამოჩნდებოდა, პირველად გელას უნდა მოესინჯა ძალები ახალ ატრაქციონზე, სხვაც ბევრი რამ იყო, სადაც პირველობა გელას ეკუთვნოდა, მაგრამ გელას საყვარელი ნივთი 4 წლის იუბილეზე, მამას ნაჩუქარი წიგნი "სახურავის ბინადარი კარლსონი" იყო, რომელსაც მამას წარწერა ჰქონდა: ბედნიერებას გისურვებ - მამა.
...ომმა როგორც სხვა ყველას, გელას ოჯახსაც დიდი ტრაგედია მოუტანა. გელას მამას სოფელში კარგი სახელი ჰქონდა, ამიტომ აფხაზი "ბოევიკები" მასთან, ომის პირველივე დღეებში მივიდნენ და მოსთხოვეს: ახლავე შევკრებთ სოფლის მოსახლეობას, გამოდი და უთხარი, რომ ქართველები მტრები არიანო, მაგრამ გელას მამამ კატეგორიული უარი განაცხადა. ბევრს ეხვეწნენ, მერე შეაშინეს კიდეც, ბოლოს ხელშეუხებლობის გარანტიაც მისცეს, მაგრამ ვერ დაიყოლიეს. ის კი არა, სოფლელებმა უთხრეს, თქვი თორემ მოგკლავენო, ჩვენ ხომ ვიცით რატომაც იტყვი და არავინ სამდურავს არ გავივლებთო, თუმცა მაინც უარი თქვა. ამან იმდენად გაამწარა "ბოევიკების" მეთაური, რომ ალალ-მართალი კაცი შვილის თვალწინ დახვრიტა. საბედნიეროდ მეტის უფლება აღარ მისცეს თანამებრძოლებმა, თორემ პატარა გელასაც და დედამისსაც იგივეს უპირებდა. როგორც მერე აღმოჩნდა, ამ ფაქტმა გელას გონება აურია და პატარამ განვითარება შეწყვიტა.
...როგორც სხვებმა, გელას დედამაც თავის შვილთან ერთად სამშვიდობოს გამოაღწია და დასავლეთ საქართველოს ერთ პატარა რაიონში დაიდო ბინა. გამწარებულ ქალს შვილის დარდი გულს უკლავდა. ბევრს ვეღარ გაუძლო და 2 წელიწადში ისიც გარდაიცვალა. საბრალო პატარა ნათესავების სამადლოდ იზრდებოდა. გელა არასოდეს ახსენებდა არც დედას და არც მამას, ერთადერთი რაზეც პატარა ლაპარაკობდა, სახურავის ბინადარი კარლსონი იყო. სამწუხაროდ წერა-კითხვა ვერ ისწავლა. ცოდვა გამხელელი ჯობს და არცერთ ნათესავს არ შეუწუხება თავი, რომ ესწავლებინათ, რადგან ერთი გაიგეს, რომ ბიჭი სრულ ჭკუაზე არ იყო, მასზე მზრუნველობას მხოლოდ გამოკვებით გამოხატავდნენ.
გელა იზრდებოდა.
მამამისივით ტანადი იყო, მაგრამ გონება 6 წლის ბავშვის ჰქონდა. ბავშვებთან თამაში უყვარდა, ალბათ მეტ საერთოს ნახულობდა, თუმცა მისი ყველაზე საყვარელი საქმე ბუკინისტებთან წიგნების ქექვა იყო. როცა ვინმე კითხავდა, რას ეძებო, დაუფიქრებლად უპასუხებდა ხოლმე - ჩემ კარლსონს ვეძებო. არავინ ეუბნებოდა, რომ მისი სახლი წამოსვლიდან მალევე დაიწვა და სავარაუდოდ მისი კარლსონიც შიგ მოყვა, ამიტომ გელაც ერთავად ეძებდა და ეძებდა. ბევრმა აჩუქა ზუსტად ისეთი კარლსონი, როგორიც მას ჰქონდა, მაგრამ გადაშლიდა, დახედავდა და უკანვე უბრუნებდა ხოლმე, თან გულნატკენი ჩაილაპარაკებდა - ეს ის არააო, არადა ბიჭმა კითხვა არ იცოდა, ხოლო სხვებმა ის არ იცოდნენ, პირველ გვერდზე რას ეძებდა გელა.
იხილეთ გაგრძელება