ღალატის გამო პასუხისმგებლობა კაცსაც ისევე ეკისრება, როგორც ქალს მომღერალ ზურა მანჯავიძეს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტისთვის გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტი მაინცდამაინც მისაღები არ ყოფილა, თუმცა ოჯახში თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ღალატის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობას ქალსაც და კაცსაც ერთნაირად აკისრებს.
- საკმაოდ ტრადიციული ადამიანი ვარ, ოღონდ არა თავგადაკლული. ტრადიცია, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულბას იწვევს ჩემში, არის უზარმაზარი ქელეხი ან ქორწილი, 1000-კაციანი, მაგალითად. არ ვამბობ, რომ პატარა არ უნდა გაკეთდეს, უბრალოდ, ასეთი მასშტაბის არც ქორწილი მომწონს და არც ქელეხი, მით უმეტეს, თუ ეს უკანასკნელი დიდხანს გრძელდება და ქეიფს ემსგავსება. ისეთ სუფრაზეც არ მსიამოვნებს ყოფნა, სადაც მთავარი სმაა, არაა გართობა, სიმღერა, ცეკვა, ლექსი, დროის ტარება.
- ოჯახურ ტრადიციებზე რომ ვისაუბროთ. რამდენად მისაღებია თქვენთვის თანაცხოვრება ქორწინებამდე?
- ამ საკითხისადმი ყველას თავისებური მიდგომა აქვს, მაგრამ მე არ ვარ ქორწინებამდე თანაცხოვრების მომხრე. ამ საკითხში უფრო კონსერვატორი ვარ და მირჩევნია, ოჯახი ტრადიციების დაცვით შეიქმნას.
- ოჯახის უფროსი აუცილებლად კაცი უნდა იყოს?
- ოჯახში თანასწორუფლებიანობის მომხრე ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, მცირე უპირატესობა მაინც კაცს უნდა ჰქონდეს, სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე. კაცი კაცის ფუნქცია-მოვალეობებს უნდა ასრულებდეს, ქალი – ქალისას. ძირითადი შემომტანი მაინც კაცი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს. გადამწყვეტი სიტყვა, ოღონდ არა ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, კაცს უნდა ეკუთვნოდეს. პატრიარქალური ოჯახის მომხრე ვარ. ოჯახს ეს საძირკველი რომ ერღვევა, მერე ხდება გაუკუღმართება, კაცი უნდა იყოს შემომტანიც, წარმმართველიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალის უფლებები უნდა ირღვეოდეს. მამაკაცი უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალი - შინაგან საქმეთა მინისტრი.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში ღალტს სქესი რატომ აქვს? სწორია ეს მიდგომა?
- რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ღალატის გამო პასუხისმგებლობა კაცსაც ისევე ეკისრება, როგორც ქალს, რელიგიურადაც ასეა და ადამიანურადაც.
- დღეს, როდესაც სექსუალური ცხოვრება თავისუფალი გახდა, ქალის პატიოსნება რით განისაზღვრება?
- ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ქალის პატიოსნება იცი, რა არის? რაო? სამჯერ გათხოვდა და საყვარელი ისევ პირველი ჰყავს, მაინც იმ საყვარლის ერთგული დარჩაო. მეორესაც მოგიყვებით, ერთ ქალზე თქვეს: ლესბოსელიაო, რატომო? ქმარი მოუკვდა და მას შემდეგ არც ერთ კაცთან არ გაუვლიაო. ადრე მაგას პატიოსნებას ეძახდნენ და ახლა ლესბოსელობა თუ ერქვა, არ ვიცოდიო (იცინის). მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს პატიოსანი. არიან მეძავები, რომლებიც ბევრ ვითომ პატიოსან ქალზე მეტად პატიოსნები არიან შინაგანად, ასევე არიან ვითომ პატიოსანი ქალები, რომლებიც გულში და ფიქრით ღალატობენ, უბრალოდ, რაღაც უშლით ხელს, რომ ეს ყველაფერი შეასრულონ. პატიოსნების კრიტერიუმი ჩემთვის არის ერთგულება, როცა ქალიცა და კაციც თავისი სიყვარულის ერთგულია.