ეცადე ყოველთვის გახსოვდეს სულ მცირედიც კი, რაც შენთვის გაუკეთებიათ და ეცადე ასმაგად მიუგო ცხოვრების მანძილზე
არ მინდა შეგონებები გამომივიდეს. უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიარო. თუ რამე გამოგადგება, გამიხარდება. შეიძლება რაღაც გაითვალისწინო, რაღაცამდე კი თავად მიხვიდე. შეიძლება რამეს არასწორად ვხედავ, რა ვიცი… დიდი თეორეტიკოსი კი მყავხარ და მოკლედ, შენ იცი!
ეცადე შეიცნო, ვის უყვარხარ გულით და შენც გულით შეიყვარე. ამ გახსენებაზე: გულს ხშირად უგდე ხოლმე ყური. კაი ვინმეა, მეგობრადაც გამოგადგება და მასწავლებლადაც.
ეცადე არ ეჭიდაო მოყვასსა თუ მოძულეს წვრილმანებზე. ეცადე დაუთმო, ეცადე გაატარო.
ეცადე ერთი ჩხირიც არ დათმო, როცა საქმე შენს ფუნდამენტურ ფასეულობებს ეხება – შენს რწმენას, შენს ქვეყანას, შენს მოყვასს…
ეცადე ყველგან, ყველა სიყვარულში უანგარო იყო.
ეცადე არავისი გეშინოდეს, არავისი, საერთოდ არავისი.
სულ ეცადე შინაგანად თავისუფალი იყო. ეცადე ნაკლებად იყო ვინმეზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული.
ეცადე ყოველთვის გახსოვდეს სულ მცირედიც კი, რაც შენთვის გაუკეთებიათ და ეცადე ასმაგად მიუგო ცხოვრების მანძილზე.
ეცადე მაგრად დაუდგე ყოველგვარ უსამართლობას. მას შემდეგ კი, რაც გაიმარჯვებ (და გარწმუნებ, აუცილებლად გაიმარჯვებ), ეცადე მხოლოდ სიკეთით გადაუხადო სამაგიერო.
ეცადე იშვიათად იყო კატეგორიული, იშვიათად დაარქვა „თეთრი“ და „შავი“.
ეცადე ყოველთვის ღირსეული მოწინააღმდეგე იყო. მაშინაც, როცა იქით მხარეს უღირსად იქცევიან.
ეცადე არასოდეს იყო ის, რაც შენ არ ხარ.
ეცადე არასოდეს მოიტყუო, არასოდეს.
ეცადე ღვთის წინაშე მართალი იყო. ნუ ეცდები ყველასთან მართალი იყო.
ეცადე კბილებით დაიცვა მართალი კაცი.
ეცადე არაფრად გიღირდეს არანაირი თანამდებობა.
ყოველდღიურად ეცადე სითბო არ მოაკლო ბებია-ბაბუებს. ეცადე გაუფრთხილდე მათთან გატარებულ ყოველ წამს. ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს.
ეცადე სულ გახსოვდეს შენი მშობლები. ეცადე ხშირად გაიხსენო, როგორ სიამოვნებას ანიჭებ მათ სულ მცირედი ყურადღებითაც კი.
ეცადე ისწავლო ყველა შენი წინაპრის სახელი, რომელიც კი გვახსოვს და ყოველი შესაძლებლობისთანავე ეცადე შეიარო მათ საფლავებზე, როცა იქით მოხვდები, ორი წუთით მაინც.
ეცადე არასოდეს უთხრა უარი დახმარებაზე მოყვასს, რომელსაც ეს ჭირდება – ნაცნობსა თუ უცნობს. ეცადე სულ გახსოვდეს, რომ ამით საკუთარ სულსაც ეხმარები.
ეცადე სულ გახსოვდეს შენი ქვეყანა და სულ ცდილობდე საქმით ემსახურო.
ეცადე შეიცნო შენი ქვეყანა. ეცადე სულ იარო და სულ მოიარო.
ეცადე არასოდეს დაივიწყო აფხაზეთი და არც ერთი გოჯი დაკარგული ტერიტორიისა, რა დროც არ უნდა გავიდეს.
თუ უცხოეთში მოგიწია ყოფნა, ეცადე ზურგი არ შეაქციო ქართველებს, რაც არ უნდა გული აგიცრუოს ვინმემ.
თუ უცხოეთში მოგიწია ცხოვრება, ეცადე ეს დროებითი იყოს და ეცადე შენს სამშობლოში დაუბრუნდე.